დიმიტრი სამხარაძე

/

„ტექნიკური ხარვეზი იყო“ — დიმიტრი სამხარაძე რუსული კანონის მხარდაჭერაზე

დიმიტრი სამხარაძე — „ქართული ოცნების“ ერთადერთი დეპუტატი, რომელმაც რუსულ კანონს მეორე მოსმენაზეც მისცა ხმა და არ დაუჭირა მხარი მის ჩაგდებას, აცხადებს, რომ კანონისთვის მხარი არ დაუჭერია და ეს ტექნიკური ხარვეზი იყო. რუსულ

„ტექნიკური ხარვეზი იყო“ — დიმიტრი სამხარაძე რუსული კანონის მხარდაჭერაზე

/

დიმიტრი სამხარაძე — „ქართული ოცნების“ ერთადერთი დეპუტატი, რომელმაც რუსულ კანონს მეორე მოსმენაზეც მისცა ხმა და არ დაუჭირა მხარი მის ჩაგდებას, აცხადებს, რომ კანონისთვის მხარი არ დაუჭერია და ეს ტექნიკური ხარვეზი იყო.

რუსულ კანონს მეორე მოსმენით კენჭისყრაზე „წინააღმდეგ“ 35-მა დეპუტატმა მისცა ხმა, ყველა მათგანი ოპოზიციას წარმოადგენა. „ქართული ოცნების“ წევრებმა ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს, გარდა დიმიტრი სამხარაძისა, რომელმაც კანონპროექტს მხარი დაუჭირა. პლენარული სხდომის საბოლოო შედეგით, რუსული კანონი ჩავარდა.

აღსანიშნავია, რომ გუშინდელი დღის განმავლობაში ქართული ოცნების პოზიცია იყო, რომ მიმდინარე კვირაში სხდომა ვერ ჩატარდებოდა. თუმცა, კანონპროექტის დაუყოვნებლივ ჩაგდება რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოქალაქეების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო. ისინი აცხადებდნენ, რომ წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე, როცა ქართული ოცნების პარლამენტმა პროპორციული საარჩევნო კოდექსი ჩააგდო, მათ განცხადებებს არ ენდობოდნენ და სურდათ, პარლამენტს რუსული კანონი დაუყოვნებლივ ჩაეგდო, რის შემდეგაც პლენარული სხდომა დღეს, 12:00-ზე ჩაინიშნა.

შეკრებილების მეორე მოთხოვნა 7-8 მარტს აქციებზე დაკავებულების გათავისუფლება იყო. შსს-ს ინფორმაციით, გაათავისუფლეს ყველა, გარდა იმ ადამიანისა, რომელსაც სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს, „პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმას“ ედავებიან.

აქციების ძალადობრივი დაშლისა და არაერთი მოქალაქის დაშავების შემდეგ, გუშინ, 9 მარტს, დილით ცნობილი გახდა, რომ ქართულმა ოცნებამ რუსული კანონპროექტის გაწვევისა და მისი განხილვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. იურისტების შეფასებით კი, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება და ის უნდა ჩავარდნილიყო მეორე მოსმენაზე. სწორედ ამიტომ იყო შეკრებილების ერთ-ერთი მოთხოვნა რუსული კანონის დაუყოვნებლივ ჩაგდება.

პარლამენტმა რუსულ კანონს მხარი პირველი მოსმენით 7 მარტს დაუჭირა. განხილვა 9 მარტს იყო დაანონსებული, მაგრამ მოულოდნელად 7 მარტი გადაწყდა. მას შემდეგ, რაც ანტიდასავლურმა ძალამ რუსული კანონპროექტის ორი ვერსია დააინიცირა, აქციები იმართებოდა, თუმცა 7 მარტს გასაპროტესტებლად პარლამენტთან ბევრად მეტი ადამიანი მივიდა, უფრო მეტი კი 8 მარტს. ორივე დღეს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად ძალადობრივ მეთოდებს მიმართა, კერძოდ, გამოიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმი, გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი. გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმი წყლის ჭავლში წიწაკის სპრეის ურევს.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულია ათობით ადამიანი, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. დაშავებულებს შორის არიან გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერები, ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი. მოსიაშვილს ტვინის შერყვევა დაუდასტურდა. ისინი ამბობენ, რომ სპეცრაზმელებმა სცემეს.


ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.