აქცია, სპეცრაზმი
/

7-8 მარტს აქციაზე 134 ადამიანი დავაკავეთ — შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, 7-8 მარტს ჯამში 134 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ერთი “პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე”, ხოლოდ 133 ადმინისტრაციული წესით — მათ ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

შსს აცხადებს, რომ “აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად”, უწყების 10-მდე თანამშრომელმა ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო, შემდეგ კი აღნიშნავს: “დაშავდნენ მოქალაქეებიც”. უწყება არაფერს ამბობს იმაზე, რომ აქციაზე შეკრებილ მშვიდობიან მოქალაქეებსა და ჟურნალისტებს მათი წარმომადგენლები ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

შსს ამტკიცეს, რომ სპეცდანიშნულების რაზმები რუსთაველის გამზირზე და მიმდებარე ტერიტორიაზე “საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და აქციის მშვიდობიანად ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით” იყვნენ.

“აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, სიტყვით გამოსვლისას, შეკრებილებს საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებისკენ მოუწოდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეებმა მასობრივად დაიწყეს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება და შენობის პიკეტირება. აქციის მიმდინარეობისას, საპოლიციო ძალები განთავსებული იყო პარლამენტის შენობაში, რათა არ მომხდარიყო სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება აქციის მონაწილეებთან”.

უწყება ამტკიცებს, რომ “აქციის მონაწილეები გასცდნენ გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ნორმებს” და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა “კანონიერ მოთხოვნებს”.

“შეკრებილები აგრესიულად იქცეოდნენ და დააზიანეს საკანონმდებლო ორგანოს შენობის გასწვრივ, უსაფრთხოების მიზნით განლაგებული რკინის დამცავი ჯებირები, შესასვლელი კარები, ჩაამსხვრიეს შენობის მინები, რკინის ცხაურები, პარლამენტის შენობასა და ეზოში ისროდნენ ქვებს, სხვადასხვა სახის საგნებსა და პიროტექნიკას, რასაც შესაძლოა გამოეწვია მძიმე შედეგი.
პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე და რუსთაველის გამზირზე მყოფი აქციის მონაწილეთა მხრიდან პროტესტის გამოხატვის ფორმებმა თანდათან უკიდურესად ძალადობრივი ხასიათი მიიღო”, — აცხადებენ უწყებაში.

მათივე მტკიცებით, შსს-ს საპოლიციო ძალებმა წესრიგის დაცვის მიზნით, “სამართალდამრღვევთა ძალადობრივი და აგრესიული ქმედებების აღსაკვეთად”, პოლიციის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები და სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.

“პოლიციამ არაერთხელ სცადა დაძაბული სიტუაციის განმუხტვა – აგრესიული პირები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან გაარიდა და აქციის მონაწილეებს მშვიდობიანად დაშლისკენ მოუწოდა, თუმცა ისინი კვლავ განაგრძობდნენ ძალადობრივ ქმედებებს და არ ემორჩილებოდნენ სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს. რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა დაიწყეს პოლიციელების მიმართულებით ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“, ქვების, ხის ძელების და სხვა საგნების სროლა. აქციის მონაწილეებმა დააზიანეს, ამოატრიალეს და ცეცხლი წაუკიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ რამდენიმე ავტომანქანას, დააზიანეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსი, სახანძრო ავტომანქანა, რუსთაველის გამზირზე მდებარე შენობების ფასადები, ჩაამსხვრიეს ვიტრინები. რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა დააზიანეს თბილისის მერიის სამსახურების საკუთრებაში არსებული მატერიალური ქონება, მათ შორის ცეცხლი წაუკიდეს ქუჩაში მდგარ ურნებს, დაამტვრიეს სკამები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოსაცდელები”, — აცხადებს შსს.

მათივე მტკიცებით, აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა ლოკაციაზე არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგსა და მართლწესრიგს და წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციის თანამშრომლებს.

უწყების ინფორმაციით, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომხდარ ინციდენტებთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით დაიწყეს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას და პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ანდა საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას გულისხმობს.

შსს-ში ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები ტარდება იმ პირთების დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც “პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს”.

აქციების ძალადობრივი დაშლის და არაერთი მოქალაქის დაშავების შემდეგ, დღეს, 9 მარტს, დილით ცნობილი გახდა, რომ ქართულმა ოცნებამ რუსული კანონპროექტის გაწვევისა და მისი განხილვის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. იურისტების შეფასებით კი, პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება და ის უნდა ჩავარდეს მეორე მოსმენაზე.

პარლამენტმა რუსულ კანონს მხარი პირველი მოსმენით 7 მარტს დაუჭირა. განხილვა 9 მარტს იყო დაანონსებული, მაგრამ მოულოდნელად 7 მარტი გადაწყდა. მას შემდეგ, რაც ანტიდასავლურმა ძალამ რუსული კანონპროექტის ორი ვერსია დააინიცირა, აქციები იმართებოდა, თუმცა 7 მარტს გასაპროტესტებლად პარლამენტთან ბევრად მეტი ადამიანი მივიდა, უფრო მეტი კი 8 მარტს. ორივე დღეს ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასაშლელად ძალადობრივ მეთოდებს მიმართა, კერძოდ, გამოიყვანეს სპეცდანიშნულების რაზმი, გამოყენებული იყო წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი  და წიწაკის სპრეი. გავრცელდა კადრებიც, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმი წყლის ჭავლში წიწაკის სპრეის ურევს.

გავრცელებული ინფორმაციით დაშავებულია ათობით ადამიანი, თუმცა ზუსტი რაოდენობა უცნობია. ომბუდსმენის განცხადებით, დაკავებულთაგან რამდენიმეს გარეგნული დაზიანებები ეტყობოდა, მათ შორის, ყველაზე მძიმედ პოლიტიკოსი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა დაზიანებული.


ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ „აგენტებად“ რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, „გამჭვირვალობის“ მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

წინა

ევროკავშირი მიესალმება “ოცნების“ გადაწყვეტილებას რუსული კანონპროექტის გაწვევაზე

შემდეგი

დაკავებულების გათავისუფლება და კანონის ჩაგდება დაუყოვნებლივ — NGO-ების მოთხოვნები

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების