პირველი ტრანსგენდერი ქალი სომხეთის პარლამენტში – ლილიტ მარტიროსიანის ისტორია

პირველი ტრანსგენდერი ქალი სომხეთის პარლამენტში – ლილიტ მარტიროსიანის ისტორია

მე ლილიტ მარტიროსიანი ვარ, სომეხი ტრანსგენდერი ქალი და აქტივისტი, დამფუძნებელი და პრეზიდენტი პირველი და ერთადერთი სომხური არასამთავრობო ორგანიზაციისა Right Side. სომხეთი საქართველოს მსგავსად ჰეტერონორმატიული და ქრისტიანული სახელმწიფოა, სწორედ ამიტომ, ჩვენს ქვეყანაში ძალიან რთულია ტრანსგენდერებისა და, ზოგადად, ლგბტ+ საზოგადოების უფლებებისთვის ბრძოლა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება. ჩვენს საზოგადოებას არ აქვს მიმღებლობა  გენდერული იდენტობებისა და სექსუალური ორიენტაციის მიმართ, რის გამოც ლგბტ+ საზოგადოების მდგომარეობა ძალიან მძიმეა. სომხეთში არ გვაქვს ანტიდისკრიმინაციული კანონი, არ გვაქვს კანონი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების წინააღმდეგ. სომეხი ტრანსგენდერი ადამიანები არ გრძნობენ თავს დაცულად ჩვენს ქვეყანაში.

 

ისტორიული გამოსვლა სომხეთის პარლამენტში 

2019 წელს სომხეთის ეროვნულ კრებაზე სიტყვით გამოვედი, ეს იყო ისტორიული გამოსვლა, რადგან მე ვიყავი პირველი ტრანსგენდერი ადამიანი, ვინც სომხეთის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა და ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებებზე ისაუბრა. გამოსვლა მიზნად ისახავდა ლგბტ+ საკითხების წინ წამოწევას როგორც სომხეთში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ჩემი სიტყვა ძალიან ბევრი მედია ორგანიზაციის წარმომადგენელმა გააშუქა როგორც სომხეთში, ასევე სომხეთს გარეთ (The Guardians; The New York Times)

 

საჯარო გამოსვლის შემდეგ, ძალიან რთული პერიოდი დადგა ჩემს ცხოვრებაში, განვიცდიდი დისკრიმინაციას ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან და იმართებოდა ყოველდღიური პროტესტები ჩემ წინააღმდეგ. სხვადასხვა ნაციონალისტურ  დაჯგუფებებს სურდათ ჩემი სიცოცხლის ხელყოფა, ჩემი დაწვა, რადგან ვიყავი ტრანსგენდერი ადამიანი, არ ვიმალებოდი და ვლაპარაკობდი სომხეთის პარლამენტში ლგბტ+ უფლებებზე. ულტრამემარჯვენე ჯგუფებმა სოციალურ ქსელებში გააზიარეს ჩემი საცხოვრებელი ადგილის მისამართი და აღმართეს სომხეთის დროშა ჩემს სახლთან ახლოს. ახლაც კი, გამოსვლიდან თითქმის სამი წლის შემდეგ, უსაფრთხოების დაზღვევის მიზნით, საჯარო ადგილებში ნიღბით და სათვალით გავდივარ.

 

გამოსვლის შემდეგ, საფრანგეთის ელჩმა შემომთავაზა, დამეტოვებინა ქვეყანა, რადგან ჩემი სიცოცხლე საფრთხეში იყო, მაგრამ მე დავრჩი, არ მინდა, ემიგრანტი ვიყო, რადგან ჩემი აქტივიზმი არის აქ, სომხეთში და მინდა, ყველაფერი გავაკეთო ჩემი ქვეყნისთვის. სომხეთის გარეთ ვერ ვიქნები ბედნიერი, ჩემი გული ეკუთვნის ჩემს თემს და ვიცი, რომ მე თუ წავედი სომხეთიდან, ისინი მაინც აქ დარჩებიან და მათი მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეიცვლება. უნდა იყოს ერთი ადამიანი მაინც, ვინც იბრძოლებს მათი უფლებებისთვის.

 

ჩემს გამოსვლამდე სომეხ ადამიანებს არ ჰქონდათ ბევრი ინფორმაცია გენდერულ იდენტობებსა და სექსუალურ ორიენტაციაზე, მათ მიაჩნდათ, რომ ტრანსგენდერი ადამიანი არის უბრალოდ გეი ადამიანი, რომელიც იცვამს ქალივით. მე ძალიან ბევრ ტრანსგენდერ ადამიანთან ერთად ვმუშაობ და ისინი ამბობენ, რომ ჩემი გამოსვლის შემდეგ მოსახლეობაში ცნობიერება გაიზარდა. უფრო მეტმა ადამიანმა და სოციალურმა პლატფორმამ იცის სომეხი ტრანსგენდერების მდგომარეობის შესახებ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

 

განსხვავებები სომხურ და ქართულ საზოგადოებაში

ფოტო: Sona Kocharyan / AP

ჩვენ, ქართველები და სომხები, ძალიან ვგავართ ერთმანეთს, ლგბტ+ ადამიანები ორივე ქვეყანაში განიცდიან აგრესიას, დევნასა და ჰომოფობიას ეკლესიის მხრიდან, მათ [ეკლესიას] არ აქვთ მიმღებლობა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობების მიმართ. ისინი ამბობენ: „თუ გინდა, დარჩე კავკასიის რეგიონში, შენ უნდა მოიქცე „ნორმალურად“, ეს ქვეყანები არ არის ლგბტ+ ადამიანებისთვის“.

 

როცა საქმე ლგბტ+ პრობლემებს ეხება, დიდი განსხვავება ჩვენს ქვეყნებს შორის არ არის, ჩვენ ყოველდღიურ ცხოვრებაში ვხვდებით აგრესიას სახელმწიფოს მხრიდან, ეკლესიის მხრიდან, ჰომოფობიური საზოგადოების მხრიდან. მე ვიცი, რომ როცა არჩევნების დრო მოდის საქართველოში, ბევრი პოლიტიკური პარტია იყენებს ჰომოფობიურ კამპანიას იმისთვის, რომ მოიგოს ამომრჩევლის გული. იგივე ხდება სომხეთშიც.

 

მაგრამ, რაღაც კუთხით, საქართველო მაინც უფრო უკეთესია ლგბტ+ ადამიანებისთვის, ვიდრე სომხეთი, რადგან ჩვენ დამოკიდებულები ვართ რუსეთზე, სომხეთმა აირჩია პირდაპირი გზა, რომელსაც კრემლამდე მივყავართ, მაგრამ ქართველები იბრძვით, რომ ევროპულ გზას არ გადაუხვიოთ. იმედი თქვენთვის ჯერ კიდევ არსებობს.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია Right Side – პირველი და მთავარი ორგანიზაცია, რომელიც ტრანსგენდერების უფლებებზე მუშაობს. 

ფოტო: Epress. am

არასამთავრობო ორგანიზაცია Right Side-მა უამრავი პრობლემა გადაჭრა სომხეთში. 2016 წელს, როცა ჩვენი ორგანიზაცია დაარსდა, ლგბტ+ საზოგადოება მრავალი გამოწვევის წინაშე იდგა, ჩვენმა ორგანიზაციამ კი გადაწყვიტა, ტრანსგენდერების პრობლემებზე გაეკეთებინა ფოკუსირება. ჩვენი ორგანიზაციის დახმარებით, თანამშრომლობა დავიწყეთ სომხეთის იუსტიციის სამინისტროსთან და შევცვალეთ ლეგალურ პასპორტებში სახელის შეცვლის პრაქტიკა, მანამდე ტრანს ადამიანს თუ მოუნდებოდა სახელის შეცვლა პირადობის დამადასტურებელ მოწმობებში, ის აუცილებლად უნდა მისულიყო იუსტიციის სამინისტროში სამ მოწმესთან ერთად და თან უნდა წარედგინა ფურცელი, სადაც ფსიქოლოგი დაადასტურებდა, რომ შენ ნამდვილად ხარ ტრანსგენდერი ადამაინი და გჭირდება სხვა სახელი პასპორტში.

ახლა ჩვენ ვმუშაობთ სქესის შეცვლის პროცესის გამარტივებაზე ლეგალურ პასპორტებში. შემდეგი ნაბიჯი ანტიდისკრიმინაციული კანონია. სხვა მრავალი პრობლემა და გამოწვევაც არსებობს ტრანს საზოგადოებაში, ერთ-ერთი კი, დასაქმების პრობლემაა, ტრანსგენდერი ადამიანები ვერ პოულობენ ღირსეულ სამუშაოს სომხეთში, დამსაქმებლებს არ უნდათ, რომ დაიქირავონ ტრანსგენდერი ადამიანები. ასევე, ძალიან რთულია, ტრანსგენდერი ადამიანებისთვის სკოლის დამთავრება და სათანადო განათლების მიღება.

როცა კოვიდ-2019 დაიწყო, სომხეთმა დაკეტა ყველა საზღვარი და სექსსამუშაოში ჩართულმა ადამიანებმა არამარტო შემოსავალი, არამედ საცხოვრებელი ადგილებიც დაკარგეს. მათ არ გააჩნდათ თანხები იმისთვის, რომ გადაეხადათ ბინის ქირა, კომუნალური გადასახადები, ჩვენმა ორგანიზაციამ კი მათ ფინანსური მხარდაჭერა გამოუცხადა. ჩვენ სექსმუშაკებს ვურიგებდით საკვებს და ვეხმარებოდით მორალურად და ფინანსურად იმ რთულ თვეებში.

ჩვენ ასევე გვაქვს ძალიან ბევრი ვორქშოფი და სემინარი ლგბტ+ ადამიანებისთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის. ვაკეთებთ მრგვალ მაგიდებს და სადისკუსიოდ ვიწვევთ სხვადასხვა პოლიტიკოსს, ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე ადამიანებს და თემის წევრებს, რათა ვისაუბროთ ლგბტ+ პრობლემებზე და ვაჩვენოთ ჩვენი კვლევები სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებებზე.

ტრანსგენდერი ადამიანის ცხოვრება სომხეთში და სამომავლო გეგმები 

ფოტო: ლილიტ მარტიროსიანი

როცა სომეხი ტრანსგენდერი ადამიანი ხარ, შენი მთელი ცხოვრება ბრძოლას ემსგავსება. ტრანსგენდერი ადამიანი პროტესტს უკეთესი ცხოვრებისთვის კი არა, სიცოცხლის შენარჩუნებისთვის იწყებს. ჩვენ ყოველდღიური დისკრიმინაციის მსხვერპლი ვართ, ყველგან, სომხეთის ყველა ქალაქსა თუ რეგიონში. შეუძლებელია, ორი ნაბიჯი გადადგა და დისკრიმინაციას არ გადააწყდე. კაფეები, ბარები, აფთიაქები სავსეა ჰომოფობი ადამიანებით. მათ არ უნდათ, ქალისა და მამაკაცის გარდა სხვა იდენტობის დანახვა, ისინი არ აღიარებენ, რომ ტრანსგენდერი ადამიანებიც ადამიანები არიან.

როცა ევროპა გახსნის საზღვრებს ტრანსგენდერი ადამიანებისთვის, სავარაუდოდ, ყველა სომეხი ლგბტ+ ადამიანი წავა ევროპაში და გახდება ემიგრანტი. კავკასიის რეგიონი არ არის ლგბტ+ ადამიანებისთვის. ძალიან სტრესულია ბრძოლა ჩვენი უფლებებისთვის, ძალიან დაღლილი და გადამწვარი ვართ. ტრანსგენდერი ადამიანები არ რჩებიან თავიანთ ოჯახებში, ისინი ტოვებენ მშობლიურ სახლებს იმისთვის, რომ გადარჩნენ და ყველაზე ხშირად გადარჩენის ერთადერთი გზა სექსსამუშაოში ჩართვაა. სხვა არჩევანი არ არებობს. ცვლილებები ძალიან ნელია ჩვენს ქვეყანაში.

როგორც აქამდე ვთქვი, ჩვენ არ გვაქვს ანტიდისკრიმინაციული კანონი, ეს ახლა ყველაზე მთავარია სომეხი აქტივისტებისთვის. ჩვენ არ გაქვს არანაირი კანონი ან სოციალური სერვისი, რომელიც ტრანსგენდერი ადამიანის ტრანზიციის პროცესს უზრუნველყოფს. არ გვყავს პროფესიონალური ენდოკრინოლოგები, რომლებიც იმუშავებენ ტრანზიციის პროცესზე. არ გვყავს პლასტიკური ქირურგები, მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა მაინც არის სომხური საზოგადოება, რომელიც წლებია ჩაგრავს ლგბტ+ ადამიანებს მთელს სომხეთში.

ჩემს სამომავლო გეგმებში ქვეყნის დატოვება არ მოიაზრება, მინდა, რომ დავრჩე სომხეთში და დავეხმარო არა მარტო ლგბტ+, არამედ ყველა ადამიანს, ვინც განიცდის ჩაგვრას. მე მჯერა, რომ ყველა ადამიანს აქვს განსაკუთრებული მისია, ჩემი მისია არის, რომ დავეხმარო ამ ქვეყანას და გავაგრძელო აქტივიზმი. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და მისთვის მხოლოდ საუკეთესო მინდა. ვიცი, რომ ამ ქვეყნიდან წასვლა ჩემს ყველა პერსონალურ პრობლემას მოაგვარებს, მაგრამ მირჩევნია, აქ დავრჩე და გავაგრძელო ბრძოლა უკეთესი სომხეთისთვის, სადაც ყველა მიღებულია, განურჩევლად სქესისა და სექსუალური ორიენტაციისა.

ავტორი – ზურა აბაშიძე

წინა

5 ახალი სერიალი, რომელსაც ამ შაბათ-კვირას უნდა უყუროთ

შემდეგი

ლაგოსის ქუჩები სტივენ ტაიოს ფოტოებში

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების