ლესბოსელი აქტივისტის ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს

გუშინ სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის, ,,მოთვინიერების” პრემიერას დავესწარი.

ფილმის, რომელიც ასახავს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის მიერ აჭარის სოფლებიდან ხეების… რა სიტყვა შეიძლება გამოვიყენო – გადაადგილებას? მოტაცებას? ექსპროპრიაციას?

ჩემთვის და, როგორც ჩანს, არა მხოლოდ ჩემთვის, სალომეს არაჩვეულებრივი ნამუშევრიდანაც იკვეთება, რომ ეს ისტორია სულაც არ არის ხეების შესახებ, არამედ ძალაუფლების მქონეების მხრიდან ხეებისა თუ ხალხის, რბილად რომ ვთქვათ, მოთვინიერების მცდელობის ამბავია.

ფილმი გვიჩვენებს შუაგული სოფლიდან ხეების ამოჭრის (ისევ ვერ ვუსადაგებ ვერანაირ სიტყვას) მტკივნეულ პროცესს (პროცესი რომ მტკივნეულია, ადამიანების ცრემლები ცხადჰყოფს) – ადგილობრივი მაცხოვრებლები ცდილობენ, გაამართლონ ოლიგარქის ეს საქციელი, დასძლიონ ძლიერი დისკომფორტი, გადალახონ წინააღმდეგობა და პროტესტი, რომელიც მათი გულებიდან მოდის და მოიხმონ რაციონალური არგუმენტები – ,,რა უჭირს, მდიდარი კაცია და რასაც უნდა, იმას გააკეთებს”, ,,ეს ხეები ბიძინას სჭირდება, რადგან სიცოცხლის გახანგრძლივებაში ეხმარება”, ,,რაც არ უნდა იყოს იქ, სადაც ჩვენს ხეს წაიღებენ, აცოცხლებენ, ხომ არ მოჭრიან ძირში?!” და ა. შ. თუმცა, ასევე ისმის – ,,არ გავატარებ! შევაკვდები და არ გავატარებ!”, ,,აქ ჩვენ ვერ ვტკბებოდით ამ ხის ჩრდილით და სილამაზით?!”.

ხის მიწის პლასტთან ერთად მოჭრის სცენა გაუპატიურების სცენას მოგაგონებთ – მიწის სიღრმეში, საშინელი ხმაურის თანხლებით, იჭრება რკინის ბურღი, რომელსაც მოჰყვება რკინის მილები – ერთი, ორი, სამი, ათი, ოცი… საშინელი სანახაობა, რომელიც დანაშაულის უსიტყვო მოწმედ გაგრძნობინებს თავს.

ძალაუფლება… გვაძლევს კი ძალა ყველაფრის უფლებას?

უფლებას, აატირო ადამიანები, დააპირისპირო ერთმანეთთან, ჩააბეტონო ქალაქში ყველა მწვანე ადგილი, შემდეგ დაატყვევო ხეები, ჯაჭვებით დააბა დენდროლოგიურ პარკში და ქალაქად მაცხოვრებლებს შორიდან აყურებინო მათთვის (ხესთან მიახლოება პარკში აკრძალულია), სოფლად მაცხოვრებლებს კი უთხრა, რომ შენთვის არ არსებობს კანონი, რომ თუ დაგჭირდა, გადაუვლი შენზე სუსტსა და დაუცველს (პროცესში უკანონოდ უამრავი ხე გაიჩეხა, დაზიანდა ეკოლოგიური მდგომარეობა) და ყველას ერთად უთხრა, რომ რასაც მოისურვებ, წინააღმდეგობის მიუხედავად, იმას გააკეთებ, რადგან შეგიძლია, ფულით იყიდო ტექნიკა, ადამიანების შრომა და თავად ადამიანები. ასევე ის, რომ ამხელა ხეების ამოძირკვა თუ არ გაგიჭირდა, ჩვეულებრივ ადამიანებს რას უზამ.

მაგრამ სად ცდები, იცი? ქართველი ადამიანის გულს ვერ ხედავ.

ეს შენ გგონია, რომ ადამიანების მოთვინიერება შეგიძლია. შეგიძლია, ჩაუნერგო შიში, გულგრილობა, აპათია, გახლიჩო თემი ადამიანებად – ვისაც გადაუხადე და მათ, ვინც მტრად გამოაცხადე, შემდეგ კი იბატონო ორივეზე.

ეს შენ გგონია, რომ ინფორმაციასა და განათლებაზე მოუსპე ადამიანებს ხელმისაწვდომობა და ამის გამო ვერ მიხვდებიან, თუ რას სჩადიხარ.

ეს შენ გგონია, რომ ათეულს, ასეულს დაგვსჯი, დანარჩენები კი აღარასოდეს ამოიღებენ ხმას.

მაგრამ ცდები. საბედნიეროდ, ცდები.

გირჩევ, ნახო ფილმი და მიხვდები, რატომაც. შეხედე, როგორ აცილებენ სოფლად მაცხოვრებლები ხეს, რომელიც მათი ნაწილია, აცილებენ, როგორც მიცვალებულს – მიჰყვებიან ტირილითა და გლოვით. ერთიანდებიან იმ უბედურებაში, რომელიც შენ დამართე.

ახლა წარმოიდგინე, რა ხდება ამ ადამიანების გულებში, როდესაც ცოცხალი ადამიანის წამებასა და სიკვდილით საჯაროდ დასჯას აჩვენებ.

ეს შენ გიხარია მაგ დროს და შენ ირგვლივ შემოკრებილ შენნაირ სოციოპატებს, როგორებიც არიან, მაგალითად, თეა წულუკიანი და ირაკლი კობახიძე. დამიჯერე, აქეთ სხვა რეალობაა, რომელსაც ვერ ხედავ.

საქართველო არასოდეს გახდება რუსეთი.

შეიძლება ტერიტორია წაგვართვათ (პირველი ქართველი მოღალატე ნამდვილად არ იქნები), მაგრამ არა მენტალობა, რომელიც ყოველთვის იქნება ადამიანის მიმართ ლოიალური, მისი თავისუფლების, ღირსების, ტკივილის მიმართ მგძნობიარე.

ასევე, ვერ წაგვართმევთ სიყვარულის უნარს. როგორც არ უნდა გაისარჯო, მაინც გვეყვარება ერთმანეთი, მათ შორის, ჩვენი გეი შვილებიც. მაინც ჩაგვეხუტება – დედა, მამა, დეიდა, ბიცოლა, ბებია… აუცრემლიანდება თვალები და გვეტყვის, რომ ვუყვარვართ.

წინა

„ღია სივრცის“ ახალი თეატრალური სეზონი სპექტაკლით UNMEMORY გაიხსნება

შემდეგი

ჰარი სტაილსი ჟურნალი DAZED-ის გარეკანზე

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების