გენდერის სამართლებრივი აღიარების პრობლემა და გამოწვევები

ავტორი: თამარ ავალიანი

საზოგადოებაში მყარად გამჯდარი სტერეოტიპების, ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობებისა და სახელმწიფოს არამგრძნობიარე, ხშირად, დისკრიმინაციული პოლიტიკის შედეგად, ბევრი ტრანსგენდერი ადამიანი აწყდება უფლებების ხელყოფას და პრობლემებს სასამართლოსადმი მიმართვის კუთხით.

ტრანსგენდერი ადამიანები აწყდებიან პრობლემებს გენდერის სამართლებრივი აღიარების არაგანჭვრეტადი და დისკრიმინაციული პროცედურების გამო, რომელიც ხელოვნურ ბარიერებს უქმნის ტრანსგენდერ ადამიანებს როგორც სოციალური, ისე სასამართლო ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.

საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს გენდერის აღიარებისთვის აუცილებელ ეფექტიან პროცედურებს, რაც ტრანსგენდერი ადამიანისთვის შესაძლებელს გახდიდა, სასურველი გენდერი პირად საიდენტფიკაციო დოკუმენტებში აესახა.

კანონი ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ ადგენს გენდერის სამართლებრივი აღიარების არაგანჭვრეტად და არაჰუმანურ პროცედურებს, რომელიც ხელოვნურ ბარიერებს უქმნის ტრანსგენდერ ადამიანებს. სამოქალაქო აქტების ჩანაწერში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, ტრანსგენდერ პირებს დიდი პრობლემები ექმნებათ. ,,სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონით, სამოქალაქო აქტების ჩანაწერში ცვლილებების შეტანის ერთ-ერთ საფუძველს სქესის შეცვლა წარმოადგენს. კანონში არ არის განმარტებული, თუ რა მოიაზრება სქესის შეცვლაში, არ არის გაწერილი სქესის შესახებ ჩანაწერი რა პროცედურით იცვლება, რაც კანონს კიდევ უფრო ბუნდოვანს და არაგანჭვრეტადს ხდის. ამგვარი წესის არარსებობა, შესაძლებლობას ართმევს ტრანსგენდერ ადამიანებს, ოფიციალურ დოკუმენტებში სქესის აღმნიშვნელი ჩანაწერი შეცვალონ სწრაფი და ხელმისაწვდომი გზით.

საქართველოში გენდერის სამართლებრივი აღიარება სამედიცინო პროცედურებს უკავშირდება. რეალობაში არ არსებობს რამე სამართლებრივი დოკუმენტი, რომელიც აღნიშნულ საკითხს დეტალურად დაარეგულირებდა და შექმნიდა ადეკვატურ სამართლებრივ შესაძლებლობებს იმ ტრანსგენდერი ადამიანებისათვის, რომელთაც სურთ, შეცვალონ სქესის შესახებ ჩანაწერი თავიანთ საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში.

მიუხედავად საკანონმდებლო რეგულირების არარსებობისა, სახელმწიფო უწყებები და საერთო სასამართლოები სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილების საფუძვლად ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას მოითხოვენ, რაც დაუძლევლად დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. საქართველოში, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, სქესის კვლავმინიჭების ოპერაცია, მისი ყველა კომპონენტის ჩათვლით, ჯერ არ გაკეთებულა. მითითებული ქირურგიული ოპერაცია სახიფათოა ჯანმრთელობისთვის. ის იწვევს სამუდამო სტერილიზაციას და ჯანმრთელობის შეუქცევად პრობლემებს.

ტრანსგენდერ ადამიანებს უწევთ, არჩევანი გააკეთონ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველ ქირურგიულ ჩარევასა და გენდერის სამართლებრივ აღიარებას შორის. საქართველოში შემუშავებული არ არის ტრანსსპეციფიკური კლინიკური გაიდლაინები და პროტოკოლები, რაც ტრანსგენდერი ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას უზრუნველყოფდა. ასევე, არ არსებობს ტრანსსპეციფიკური ქირურგიული პროცედურებიის დაფინანსების სახელმწიფო პროგრამები. სქესის კვლავმინიჭების ქირურგიული ოპერაციის ხარჯებს არც დაზღვევა ანაზღაურებს. სქესის კორექციის შეუსაბამოდ ძვირი ფასის გამო, ვერც ერთი საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი ამ ოპერაციას ვერ გაიკეთებს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – Schlumpf v. Switzerland განმარტა, რომ ოპერაციის შემდეგ მდგომარეობაში მყოფი ტრანსგენდერი ქალისთვის, ასაკიდან გამომდინარე, ქირურგიულ ოპერაციაზე უარი პირადი და ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად მიიჩნია, რადგან სახელმწიფომ ვერ დაიცვა ბალანსი სადაზღვევო კომპანიასა და განმცხადებლის ინტერესებს შორის.

საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, სახელმწიფო აიძულებს ტრანს ადამიანებს, ჩაიტარონ სქესის ცვლილებასთან დაკავშირებული სამედიცინო პროცედურები ისე, რომ არ არის განსაზღვრული აღნიშნული პროცედურების სტანდარტები და ხარისხის მონიტორინგის მექანიზმი, რისი ვალდებულებაც სახელმწიფოს ეკისრება. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა თავის რეზოლუციაში 2048 (2015) შეშფოთებას გამოხატავს ტრანსგენდერი ადამიანებისათვის სქესის კვლავმინიჭების პროცედურების ხელმისაწვდომობისას ფინანსური ბარიერების არსებობის გამო და მოუწოდებს სახელმწიფოებს, რომ სქესის კვლავმინიჭების პროცედურები ხელმისაწვდომი იყოს ტრანსგენდერი ადამიანებისათვის; უზრუნველყონ, რომ აღნიშნული პროცედურები ანაზღაურდეს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სადაზღვევო სქემიდან, ხოლო ანაზღაურებასთან დაკავშირებული ლიმიტაციები უნდა იყოს კანონიერი, ობიექტური და პროპორციული.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ICD-11 კლასიფიკატორით, „გენდერული იდენტობის დარღვევები“ ჩანაცვლებულია ტერმინით – „გენდერული შეუსაბამობა“ (Gender incongruence). საქართველოს სამედიცინო სისტემა ტრანსგენდერობას სრულად მედიკალიზების და პათოლოგიზების კუთხით განიხილავს და ტრანსგენდერობის ფართო სპექტრს არ ითვალისწინებს.

პერსონალური სტრესის გარდა, ოფიციალურ დოკუმენტებში დაფიქსირებულ სქესსა და პირის გენდერულ თვითგამოხატვას შორის წინააღმდეგობა ხშირად ხდება ტრანსგენდერი პირების დისკრიმინაციის საფუძველი შრომით ურთიერთობებში, საჯარო და კერძო დაწესებულებებში, სადაც პირადი საიდენტიფიკაციო დოკუმენტების წარდგენაა საჭირო. 2014 წელს, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტმა (CEDAW) იმსჯელა ამ საკითხზე და მოუწოდა საქართველოს სახელმწიფოს გააუქმოს ტრანსგენდერი პირების მიმართ მოქმედი შეზღუდვები საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მიღებაზე.”

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – A.P. GARÇON AND NICOT v. FRANCE განმარტა, რომ გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის სქესის კვლავმინიჭების ქირურგიული ოპერაციის მოთხოვნა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით დაცული პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების დარღვევაა. სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობასთან მიმართებით, იოგიაკარტას პრინციპები განმარტავს, რომ ყველას აქვს უფლება, ისარგებლოს ადამიანის უფლებებით სოგი-ს საფუძველზე დისკრიმინაციის გარეშე. კანონი უნდა კრძალავდეს ნებისმიერ დისკრიმინაციას და უზრუნველყოფდეს ყველასთვის უფლებათა თანასწორად დაცვის გარანტირებას. CEDAW-ს #28 ზოგადი რეკომენდაცია ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, მიიღონ სათანადო ზომები გენდერული და სქესის ნიშნით დისკრიმინაციია აღმოფხვრის კუთხით.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია CM/Rec (2010)5 სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის ელიმინაციის თაობაზე, დეტალურად აწესრიგებს დისკრიმინაციის აღმოფხვრისათვის სახელმწიფოს გასატარებელ ზომებს და მას ეფექტიანი სამართლებრივი ინსტრუმენტის შექმნისკენ მოუწოდებს.

ადამიანის უფლებათა კომიტეტი თავის დასკვნით შენიშვნებში აღნიშნავს, რომ ,,სახელმწიფომ უნდა მიიღოს ეფექტიანი ზომები ჰომოსექსუალობის, ბისექსუალობის ან ტრანსგენდერობის სოციალური სტიგმატიზაციის ნებისმიერი ფორმის წინააღმდეგ, ასევე, სიძულვილის ენის, სექსუალური ორიენტაციისა ან გენდერული იდენტობის საფუძველზე პირთა დისკრიმინაციის ან ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად.”

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ შესაბამისობაში მოიყვანოს კანონმდებლობა და პრაქტიკა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ICD-11 კლასიფიკატორთან (Gender incongruence) და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის შეცვლა გენდერული დისფორიის დიაგნოზის სამედიცინო დასკვნის საფუძველზე განახორციელოს და არ მოითხოვოს სქესის კვლავმინიჭების ოპერაციის ცნობა. მნიშვნელოვანია, იუსტიციის მინისტრმა გამოსცეს აქტი, რომელიც პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში სქესის შეცვლის ჰუმანურ და ადამიანის ღირსების დაცვაზე ორიენტირებულ პროცედურას გაწერს.

ნიკოლო ღვინიაშვილის საქმე

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სამართლებრივი დახმარებით, ნიკოლო ღვინიაშვილმა საჩივარი შეიტანა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. საჩივარი ეხებოდა სახელმწიფო ორგანოების უარს ნიკოლო ღვინიაშვილის საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში  სასურველი გენდერის ასახვაზე.

ნიკოლო ღვინიაშვილი არის საქართველოში მცხოვრები ტრანსგენდერი მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე, რომელიც ადრეული ასაკიდან თავს მამაკაცად აიდენტიფიცირებს. ნიკოლო ღვინიაშვილის გარეგნობასა და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებში მითითებულ სქესს შორის არსებული შეუსაბამობის გამო, ნიკოლო არაერთხელ გამხდარა დამამცირებელი მოპყრობის მსხვერპლი და შექმნია პრობლემა საჯარო თუ კერძო დაწესებულებებთან ურთიერთობის დროს.

ნიკოლო ღვინიაშვილი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს სთხოვს, საქართველოს მიმრათ დაადგინოს ევროპული კონვენციის მე-8 (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება), მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევა.

წყაროები:

ლგბტი პირთა უფლებები საქართველოში, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 2016

დისკრიმინაციისგან დაცვის უფლების განხორციელება სხვადასხვა ჯგუფისთვის საქართველოში

2020 წლის ანგარიში, კოალიცია თანასწორობისთვის; საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში

ლგბტი პირთა უფლებები საქართველოში, სოციალური სამართლიანობის ცენტრი, 2016

https://icd.who.int/browse11/l-m/en#http%3a%2f%2fid.who.int%2ficd%2fentity%2f411470068

ნათია გვიანიშვილი, ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებები ჯანდაცვის სფეროში, საჯარო პოლიტიკის დოკუმენტი, WISG, 2015, გვ. 33

საქართველო, კოალიციური ანგარიში ქალთა უფლებების შესახებ, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა(მე-2 ციკლი, 23-ე სესია, 2015), არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: კავშირი საფარი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG), „ალტერნატივა ჯორჯია”

CEDAW/C/GEO/CO/4-5, concluding observations on the combined fourth and fifth periodic report of Georgia, პარა. 34(e), 35(e)

იოგიაკარტას პრინციპები, http://yogyakartaprinciples.org/principles-en/

ლბტ და სექს-მუშაკ ქალთა უფლებრივი და სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში, მიმოხილვა GYLA, ,,თანადგომა“, 2017, 15

General recommendation No. 28 on the core obligations of States parties under article 2 of the Convention on the Elimination of All Forms of Discrimination against Women (16.12.2010)

ადამიანის უფლებათა კომიტეტი, დასკვნითი შენიშვნები საქართველოს მეოთხე პერიოდულ ანგარიშზე, CCPR/C/GEO/CO/4, პუნქტი 8.

https://gyla.ge/ge/post/transgenderi-mamakacis-genderis-samartlebriv-aghiarebaze-saqartvelos-uari-saiam-adamianis-uflebata-evropul-sasamartloshi-gaasachivra?fbclid=IwAR1FcDrdaUM9v_AcEMdS2-Wcpemm6_DQucdwjtOkL5UgJjAyFZVDxHJiJIU#sthash.kMk2dREN.dpbs

https://gyla.ge/ge/post/transgenderi-mamakacis-genderis-samartlebriv-aghiarebaze-saqartvelos-uari-saiam-adamianis-uflebata-evropul-sasamartloshi-gaasachivra?fbclid=IwAR1FcDrdaUM9v_AcEMdS2-Wcpemm6_DQucdwjtOkL5UgJjAyFZVDxHJiJIU#sthash.kMk2dREN.dpbs

https://gyla.ge/ge/post/transgenderi-mamakacis-genderis-samartlebriv-aghiarebaze-saqartvelos-uari-saiam-adamianis-uflebata-evropul-sasamartloshi-gaasachivra?fbclid=IwAR1FcDrdaUM9v_AcEMdS2-Wcpemm6_DQucdwjtOkL5UgJjAyFZVDxHJiJIU#sthash.kMk2dREN.dpbs

წინა

როგორ შეიძლება მოგვარდეს ქვიარ თემის პრობლემები საქართველოში – პოლიტიკოსების კომენტარები

შემდეგი

შეერთებულმა შტატებმა პირველი გენდერულად ნეიტრალური პასპორტი გასცა

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების