სოდომისა და გომორას განადგურების მიზეზი წმინდა წერილის მიხედვით

17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თუმცა 2014 წელს პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი “ოჯახის სიწმინდის” დღედ გამოაცხადა. ამას წინ უძღოდა 2013 წლის 17 მაისი, როცა სასულიერო პირებმა და მრევლმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები დაარბიეს.

ქვიარი ამ თემაზე ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსს, რუსუდან გოცირიძეს ესაუბრა. ჩვენ დავინტერესდით მისი პოზიციით 17 მაისთან დაკავშირებით.

ქვიარი: ოჯახის სიწმინდის დღე თქვენთვის რა შინაარსის შემცველია? 

რუსუდან გოცირიძე: პირველ რიგში, ალბათ, უნდა განვმარტო, რას ნიშნავს სიტყვა “წმიდა” და რა მნიშვნელობას ვდებთ მასში, როცა ვამბობთ. როდესაც ჩვენ ამ სიტყვას ვიყენებთ, მოვიაზრებთ: უმანკოს, უცოდველს, უბიწოს, შეუცდომელს. არადა სიტყვა „წმიდა“ ნიშნავს უფლისთვის გამორჩეულს, განსაკუთრებულს, უფლისთვის გამოყოფილს. ამისი ნათელი მაგალითი სახარებაშია, როცა წმიდანად მოიხსენიებს პავლე მოციქული თავისი წერილის ადრესატებს კორინთოს ეკლესიაში (ხალხს, რომელსაც უამრავ ცოდვაში ამხელს იმავე წერილში).

რაც შეეხება „ოჯახის სიწმიდის“ საკითხს, ქრისტიანული ტრადიცია მხოლოდ ერთ „წმიდა ოჯახს“ იცნობს – ესაა მაცხოვრის ოჯახი. ეს ოჯახი მართლაც განსაკუთრებული მოვლენაა, მისი ყველა წევრი განსაკუთრებულია და ღვთისთვის გამორჩეულია.

აქედან გამომდინარე, ძალიან მიჭირს იმის მიხვედრა თუ რას ნიშნავს “წმინდა ოჯახი”. უბრალოდ, ვიცი, რატომ დაიბადა ეს დღე 17 მაისს და რატომ დაერქვა “ოჯახის სიწმინდის დღე”. ამ ტერმინით კიდევ ერთხელ ითქვა ის, რომ 17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე კი არ არის, არამედ ჰომოსექსუალი ადამიანებისგან ოჯახების “დაცვის” დღეა. კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ტენდენცია, რომ თითქოს სექსუალური ორიენტაციის საკითხებზე ხმამაღლა ლაპარაკი საფრთხეს უქმნის ყველაზე მნიშვნელოვანს – ოჯახს.

არა და, სტატისტიკა აჩვენებს, რომ ოჯახების ნგრევის და დაუნგრეველი ოჯახების ჯოჯოხეთად ქცევის მთავარი პრობლემა არის ოჯახში ძალადობა, უთანასწორობა და პატრიარქალური კულტურის მახინჯი გამოვლინებები… სამწუხაროდ, არავის უფიქრია ოჯახის სიწმიდისა და დაცვის საკითხზე ფემიციდის საშინელი გამოვლინებების დროს. არც დახოცილმა ქალებმა, არც ბავშვობაში გათხოვებულმა გოგონებმა, არც ძალადობის მსხვერპლმა მოხუცებმა არც ერთ ეტაპზე არ აფიქრებინა ვინმეს ოჯახის სიწმიდის დაცვაზე…

ქვიარი: ლგბტქი ადამიანების მისამართით ხშირად გაიგებთ ასეთ გამონათქვამებს “თქვენ გამო განადგურდა სოდომი და გომორა”, “თქვენ გამო ჩვენც დავისჯებით”. შეგიძლიათ მკითხველს მოუყვეთ სოდომის და გომორას ისტორია? 

რუსუდან გოცირიძე: სოდომისა და გომორას ისტორია ძალიან საინტერესო ამბავია და ძალიან კონკრეტული მოწადინება დევს იმაში, რომ სექსუალური ორიენტაცია სოდომის ცოდვად იქნა სახელდებული.

ეს არის ბრუტალური ისტორია, რომელიც დაბადების წიგნშია მოთხრობილი, სადაც ძალადობაზე, ძალმომრეობაზე, აღვირახსნილობაზე, სტუმრის უპატივცემულობაზეა საუბარი. აბრაამის ძმისწულის, ლოტის სახლს მისი სოდომელი მეზობლები მოადგნენ და მასპინძლისგან ითხოვეს სტუმრების გადაცემა თავისი სექსუალური ვნებების დასაკმაყოფილებლად. ლოტი სტუმრების დასაცავად ძალიან უცნაურ, ჩვენთვის გაუგებარ და მიუღებელ გზას მიმართავს –  მოძალადე სოდომელებს თავის ქალწულ ქალიშვილებს სთავაზობს. კარს მომდგარი ბრბოს ძალადობისა და განუკითხაობის ნათელი მაგალითია მათი პასუხი ლოტის თავგანწირულ ნაბიჯზე – ისინი ეუბნებიან, რომ თუ არ დაემორჩილება ადგილობრივების მოთხოვნას, მასაც და მის ოჯახსაც მიაყოლებენ უცხო სტუმრებს, რადგანაც ლოტის ოჯახობა ახალი ჩამოსახლებული და უცხოა სოდომ-გომორელებისთვის.

სწორედ ამ განუკითხაობისა და აღვირახსნილობისთვის ისჯება ეს ქალაქი. ძალიან უნდა მოიწადინოს ადამიანმა, რომ იმ დუჟმორეულ, მოძალადე, უსამართლო ადამიანებში განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია დაინახო. გაუპატიურება, სექსუალური ძალადობა ყოველთვის იყო და დღესაც არის უპირატესობის, სხვისი დაჩაგვრისა და შეურაცხყოფის ინსტრუმენტი და არა სექსუალური ორიენტაციის ნიშანი.

სოდომისა და გომორას განადგურების მიზეზი ადამიანური უსიყვარულობა, ძალადობა და სიძულვილი იყო. ეს არც 21-ე საუკუნის ინტერპრეტაციაა და არც ჩემი გამოგონილი ახსნა. ამას თავად სახარება განმარტავს ასე. სოდომისა და გომორას ამბავი მოტანილია, როგორც ღვთის სიტყვის მიუღებლობის სიმბოლო. იესო თავის მოციქულებს ეუბნება: “წადით და იქადაგეთ სახარება, სიყვარული, შერიგება, ცოდვების მიტევება და სადაც შეხვალთ, თუ ის ოჯახი არ მიგიღებთ, გამოდით იმ ოჯახიდან, დაიბერტყეთ მტვერი და მათთვის ისეთივე იქნება სამსჯავრო, როგორც სოდომისა და გომორასი”.

ასევე, მთავარ სათქმელს მოწყვეტილი და მიზანმიმართულად ორიენტირ-შეცვლილია დაბადების წიგნის პირველი თავების ნარატივი ღვთის მიერ ადამიანის ქალად და კაცად შექმნის შესახებ.

ღმერთმა ადამიანი თავის ხატად და მსგავსად შექმნა. ღმერთმა გამოძერწა ქმნილება, რომელიც მარტოსულობისაგან გაათავისუფლა არა ახალი ქმნილების მეშვეობით, რომელიც იგივე მასალისგან (თიხისგან) გამოძერწა, არამედ მისგანვე გამოიყვანა ახალი ადამიანი. ფაქტობრივად, ნეკნის ეპიზოდში საუბარია არა ევას დაბადებაზე, არამედ აქ იბადება ადამიც და ევაც. მანამდე ისინი ერთ სხეულში იყვნენ და მერე ღმერთმა ისინი ორ ძალიან ერთნაირ და ამავდროულად ძალიან განსხვავებულ ქმნილებაში გადაანაწილა. ღმერთმა თავდაპირველად შექმნა ადამიანი, რომელიც თავის თავში ქალურ და კაცურ საწყისებს აერთიანებდა. რა თქმა უნდა, ეს სიმბოლური სურათი არ შეიძლება ბიოლოგიისა და ადამიანის ორგანოების დონეზე დავიყვანოთ. დაბადების წიგნი სიმბოლოებითაა დატვირთული და თუ მას ბიოლოგიისა და ანატომიური დეტალების საკითხებამდე დავიყვანთ, გამოვაცლით შინაარსსაც და ძალასაც.

ბიბლიის ნარატივის მიხედვით, ადამიანთა მთელი მოდგმა (მათი სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად) სწორედ ადამისა და ევას მემკვიდრეები არიან. რაც იმას ნიშნავს, რომ ის, რაც დაბადების წიგნის პირველ თავებშია მოთხრობილი, თავის ლამაზ და პოეტურ ქარგაში არ გამორიცხავს არავის მათი კანის ფერის, ეთნიკური თუ კულტურული კუთვნილების, სექსუალური ორიენტაციისა თუ ფიზიკური და გონებრივი უნარების გამო.

წინა

მე მქვია ჩაველა ვარგასი

შემდეგი

საზოგადოების ტიპები და გენდერული ჩაგვრა

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების