აპრილი 2023

“ტანსაცმელი არის ჯავშანი არაბინარული ადამიანებისთვის” – ემა დარსი

//

ოქროს გლობუსის ნომინანტი ემა დარსი განმარტავს, თუ რატომ არის ტანსაცმელი მნიშვნელოვანი ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანებისთვის. “ზოგადად, ტანსაცმელი ხშირად თვითგამოხატვის საშუალებაა, რომელიც ასახავს ადამიანის მდგომარეობას ან ხასიათს. არაბინარული და ტრანსგენდერი ადამიანებისთვის ტანსაცმელი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ხშირად ფუნდამენტურ როლს თამაშობს თვითგამოხატვისთვის” – ამბობს მსახიობი.

თავად ემა დარსი არაბინარულად იდენტიფიცირდება და იყენებს ნაცვალსახელებს they/them. მისთვის მნიშვნელოვანია ჩაიცვას არა მკვეთრად განსაზღვრული ქალის ან კაცის ტანსაცმელი, არამედ გამოიყენოს ქსოვილის იმგვარი ფორმები, ფერები და ტექსტურა,  რომელიც გამოხატავს მას, მის ემოციებს, მდგომარეობას და ა.შ.

ემა დარსიმ ასევე ისაუბრა მის როლებზე ფილმებში  “house of dragon” და  “game of thrones”, სადაც ქალის როლიდან გამომდინარე,  მეტად ფემინური ჩაცმულობას იყენებდა. გადაღებების დროს დიდი დოზით ფემინური ტანსაცმლის ტარებამ კი  შემდგომ უბიძგა, მეტად მასკულინური ტანსაცმელი ჩაეცვა ყოველდღიურ ცხოვრებაში.  “ქალის როლს მშვენივრად ვასრულებ და ეს ძალიან მომწონს, თუმცა ჩემი ყოვედღიური ჩაცმულობიდან და იმიჯიდან გამომდინარე, რატომღაც მეუბნებიან რა როლს ვერ ვითამაშებ და არ გამომივა კარგად.” – ამბობს მსახიობი.

ემა დარსიმ ისაუბრა არაბინარული მსახიობების სირთულეებზეც და აღნიშნა, რომ მას დიდი წნეხი ჰქონდა წარმოეჩინა თავი, როგორც ქალს, რადგან ასე უფრო მიაღწევდა წარმატებას კინოინდუსტრიაში. თუმცა, მან გადაწყვიტა არ წასულიყო საკუთარი თავის წინააღმდეგ და არაბინარულად იდენტიფიცირების პარალელურად, გახდა ოქროს გლობუსის ნომინანტიც.  

 

წყარო: https://www.thepinknews.com/2023/03/22/emma-darcy-house-of-the-dragon-non-binary-identity/?_gl=1*1enw7u7*_up*MQ..*_ga*MjU0NTI1NzA3LjE2ODI3NTA1MTE.*_ga_BX9CRJ4BBP*MTY4Mjc1MDUxMC4xLjEuMTY4Mjc1MDU2MS4wLjAuMA.. 

 

ქვიარ აქტივისტ ლუკა აბლოთიას ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ

ლუკა აბლოთიას თქმით, ინციდენტი მეტრო დიდუბეში მოხდა. “ავედი თუ არა მეტროს ვაგონზე პიდარასტი მომაძახა და შემდეგ მუქარაზე გადავიდა. როცა ხელის დასარტყამად გამოიწია 2 3 ჯერ გავაფრთხილე სპრეის გამოვიყენებთქო მაგრამ არ დამშვიდდა ხალხს მოუწოდებდა ჩემს ჩასაქოლად” – წერს ლუკა.

აქტივისტი ასევე ამბობს, რომ მისი ყოფნა ქვეყანაში დღითიდღე უარესი ხდება და სახიფათოა მისი სიცოცხლისთვის. ჰომოფობიას ემატება მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა.

“ამ საქმესაც ბოლომდე მივიყვან და პასუხს აგებს ეს მოძალადე და სხვებიც ვინც ჯგუფურ ძალადობაში იღებდა მონაწილეობას.
ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ადამიანს ვინც მეტრო-ვაგონში განიცადა დისკომფორტი წიწაკის სპრეის გამოყენებისას მაგრამ სხვა გზა არ მქონდა და უსაფრთხოების და ფიზიკური ჯანმრთელობის მათ შორის “სიცოცხლის მოსპობის სავარაუდო მცდელობის წინაშე ვიდექი” – აცხადებს აქტივისტი მის ფეისბუქ პროფილზე.

 

ესპანელმა ფეხბურთელმა ალბერტო ლეხარაგამ საჯარო ქამინგაუთი გააკეთა: “ახლა ჩვენი დროა ვიცხოვროთ სავსე ცხოვრებით”

//

ალბერტო ლეხარაგამ მისი გუნდის გამარჯვების შემდეგ გამოაქვეყნა ფოტო კოლაჟი ოჯახთან და მეგობრებთან ერთად, სადაც თავის პარტნიორს ეხუტება და კოცნის. 

“დიდი მადლობა ყველას, რომ მხარს მიჭერთ და ჩემს გვერდით ხართ. მოვიდა დრო, ჩვენც ვიცხოვროთ სავსე ცხოვრებით”. – თქვა ლეხარაგამ ტვიტერის მეშვეობით.

ფეხბურთელის ქამინგაუთს პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. ბევრი მადლობას უხდიდა მას სიმამაცისთვის. 

ფეხბურთელების საჯარო ქამინგაუთი მნიშვნელოვნად გაიზარდა ბოლო წლების განმავლობაში. ცოტა ხნის წინ ჩეხმა ფეხბურთელმა – Jakub Jankto ღიად განაცხადა, რომ გეია. მას წინ უძღვოდა Josh Cavallo და სხვები. 

წყარო: https://www.thepinknews.com/2023/04/26/alberto-lejarraga-comes-out-as-gay/?_gl=1*s4tod4*_up*MQ..*_ga*MTEzNzYzMjgyOS4xNjgyNTE0MzU1*_ga_BX9CRJ4BBP*MTY4MjUxNDM1NS4xLjAuMTY4MjUxNDM1NS4wLjAuMA..

ლიზომ შოუზე დრეგის დედოფლები მოიწვია, რათა პროტესტი გამოუცხადონ ანტი-დრეგ კანონს

/

ერთადერთმა და განუმეორებელმა, გრემის ჯილდოს მფლობელმა ლიზომ ტენესის შტატში გამართულ კონცერტზე დრეგ შოუ მოაწყო, სადაც ცნობილი დრეგ დედოფლები მონაწილეობდნენ. ეს იყო ერთგვარი პროტესტი უკვე მიღებული კანპნპროექტის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც საჯარო დრეგ პერფორანსების კრიმინალიზება იგეგმება. ტენესის შტატი პირველია, რომელმაც მსგავსი კანონი მიიღო.

“მადლობა ამ მშვენიერ დრეგის დედოფლებს, რომ სიამაყით წარსდგნენ და მიიღეს მონაწილეობა დღევანდელ შოუში”- თვქვა ლიზომ.

ბევრი შიშით ელოდა ამ დრეგ შოუს და მოუწოდებდა მომღერალს, გაეუქმებინა კონცერტი, თუმცა გაბედული ქალების წყალობით ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

წყარო: https://www.advocate.com/arts-entertainment/lizzo-drag-tennessee#rebelltitem1 

The White Lotus-ის ვარსკვლავი ლუკას გეიჯი და ცნობილი სტილისტი კრის ეპლტონი ოფიციალურად დაქორწინდნენ


წყვილის საქორწინო ცერემონიალი გასაიდუმლოებული იყო და მოკრძალებულად ცატარდა. ექვსი სტუმრიდან კი ერთ-ერთი კიმ კარდაშიანი იყო.

ჭორები, რომ გეიჯი და ეპლტონი წყვილი იყვნენ, პირველად თებერვლის ბოლოს გავრცელდა, როდესაც მათ შვებულების ფოტოები გამოაქვეყნეს. მოგვიანებით ეპლტონმა დრიუ ბერიმორის შოუში საბოლოოდ დაადასტურა, რომ ძალიან უყვარდა გეიჯი.  „ძალიან მადლიერი ვარ, რომ შემიძლია ჩემი ცხოვრების დიდი დროის გაზიარება მნიშვნელოვან ადამიანთან,“ – თქვა მან. ”სიყვარული მართლაც განსაკუთრებული რამ არის.” 

მოუხედავად იმისა, რომ წყვილს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია ქორწინების შესახებ, საქორწინო ბეჭდები უკვე შენიშნეს არაერთ ფოტოზე.

 

წყარო: https://www.thepinknews.com/2023/04/25/lukas-gage-chris-appleton-marriage-las-vegas/?_gl=1*8yebw0*_up*MQ..*_ga*MTgwNzU0NTg3NC4xNjgyNDQxNDU1*_ga_BX9CRJ4BBP*MTY4MjQ0MTQ1NS4xLjAuMTY4MjQ0MTQ1NS4wLjAuMA..

4B, სამყარო კაცების გარეშე – სამხრეთ კორეული მოძრაობა, რომელიც პატრიარქატს ზურგს აქცევს

//

არა ჰეტეროსექსუალურ ქორწინებას, რომანტიკულ და სექსუალურ ურთიერთობებს და ბავშვის გაჩენას. 4B – სამხრეთ კორეული ფემინისტური მოძრაობაა, რომელიც პატრიარქატის წინააღმდეგ ბრძოლაზე უარს ამბობს.

სამხრეთ კორეა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანაა. უკანასკნელი 60 წლის განმავლობაში, ქვეყანამ უდიდესი ეკონომიკური ტრანსფორმაცია განიცადა და დღეისათვის აზიაში წამყვან პოზიციას იკავებს.

ე.წ „კორეული ტალღა“, მართლაც რომ ტალღისებური სისწრაფით ვრცელდება. კორეულ თანამედროვე კულტურას – კინო და ტელეინდუსტრიას, მუსიკასა და მოდას მსოფლიოში მილიონობით მიმდევარი ჰყავს – სამხრეთ კორეა ბევრისთვის საოცნებო დანიშნულების ადგილია. თუმცა, ის კორეელი ქალებისთვის „ჯოჯოხეთად“ იქცა. ელ ჩოსონი – ჯოჯოხეთური ჩოსონი (ჩოსონი – კორეის ერთ-ერთი სახელწოდება), სწორედ ასე მოიხსენიებენ ახალგაზრდა კორეელები თანამედროვე კორეას.

4B სამხრეთ კორეული რადიკალური ფემინისტური მოძრაობაა, რომელიც 2018-2019 წლებში შეიქმნა. 4B (4ბი), ოთხ არას ნიშნავს. კორეელი ქალები ასე ცდილობენ ტრადიციული, პატრიარქალური კულტურისა და საზოგადოების მიერ მათზე მოხვეული ვალდებულებების უარყოფას:

  • ბიჰონ (비혼) – უარის თქმა ჰეტეროსექსუალურ ქორწინებაზე
  • ბიჩულსან (비출산) – უარის თქმა ბავშვის გაჩენაზე
  • ბიიონე (비연애) – უარის თქმა კაცებთან რომანტიკულ ურთიერთობაზე
  • ბისექს (비섹스) – უარის თქმა ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობაზე

ასე განიმარტება რადიკალური მოძრაობისთვის დამახასიათებელი 4 აქტივობა, რომელიც უკვე მრავალი კორეელი ქალისთვის ცხოვრების წესად იქცა. სხვადასხვა მონაცემებით, მოძრაობას 50 000  მიმდევარი ჰყავს. ეს რიცხვი კი მზარდია, რადგან ფემინისტური მუხტი ქვეყნის საზღვრებს გასცდა და ის ჩინეთშიც დიდი პოპულარულობით სარგებლობს.

რთულია იმის განსაზღვრა, თუ ზუსტად სად და რატომ ჩამოყალიბდა 4B, თუმცა კორეის უახლოეს ისტორიაში ვხვდებით მნიშვნელოვან მომენტებს, რომლებიც ამ მოვლენას წინ უსწრებს.

კორეული საზოგადოების დამოკიდებულება ქალის მიმართ ტრადიციული პატრიარქალურია. კორეელი ქალის ბუნებრივ მოწოდებად დედობა, საშინაო საქმეების გაძღოლა და ბავშვების აღზრდა მიიჩნევა. ამავდროულად, კორეული კულტურა მამაკაცს საზოგადოების სათავეში აყენებს, რის შედეგადაც, დღემდე კორეელ ქალებს თავის დასამკვიდრებლად უწევთ ბროლას.

ტრადიციულ შეხედულებებთან ერთად, ეკონომიკური კრიზისი, საცხოვრებელი სახლების ფასების რეკორდული ზრდა და კონკურენცია სასწავლო დაწესებულებასა და სამსახურებში კიდევ უფრო ართულებს ქალების ემანსიპაციას. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გენდერული სახელფასო სხვაობა სწორედაც რომ კორეაშია. (კორეელი ქალების მამაკაცებზე 31 პროცენტით ნაკლებს შოულობენ.)

2013 წლის დასაწყისში, პირველად სამხრეთ კორეის ისტორიაში, ქალი სტუდენტების რაოდენობამ, კაცი სტუდენტებისას გადააჭარბა. დღევანდელი მონაცემებითაც, ქალების ¾-ს უმაღლესი განათლება აქვთ მიღებული. ეს რიცხვი კაცებთან მხოლოდ 2/3-ია. შედეგად, მალევე ონლაინ ფორუმებზე გაჩნდა ახალი ტერმინი კიმჩინიოკიმჩი ქალი, რომლითაც კორეელი მამაკაცები უმაღლეს განათლება მიღებულ ქალებს მოიხსენიებდნენ. ამ სტერეოტიპის მიხედვით, კორეელი განათლებული ქალები არიან ამპარტავნები, საკუთარი თავით შეპყრობილები და „მამაკაცებს საკუთარი მიზნებისთვის მოიხმარენ“.

2014-2015 წლებში, სამხრეთ კორეაში ახალი ანტი-ფემინისტური, მემარჯვენე საზოგადოება ილბე ყალიბდება. მათი ინტერპრეტაციით, კორეელი ფემინისტური მოძრაობები დამატებით უფლებებსა და პრივილეგიებს ითხოვდნენ, როდესაც მათ ისედაც გააჩნდათ. ამის დამადასტურებლად კი კორეული სავალდებულo სამხედრო სამსახური მოჰყავდათ, რომელიც ყველა კორეელ მამაკაცს (18-დან 35 წლამდე) 18-დან 22 თვემდე ჯარში მსახურებას ავალდებულებს. ილბე-ს მიერ გავრცელებული განცხადებები ბევრისთვის მისაღები იყო, თუმცა ფემინისტური ჯგუფებისგან მათ მხოლოდ დამცინავი კომენტარები მიიღეს. ამ პერიოდში, ფემინისტურმა ჯგუფებმა ძლიერი მხარდაჭერა მოიპოვეს ონლაინ სივრცეში.

ერთ-ერთ უდიდეს გარდამტეხ მომენტად ითვლება 2016 წელი, როდესაც სეულში კორეელმა მამაკაცმა ახალგაზრდა ქალი საპირფარეშოში მოკლა. მკვლელმა აღიარა, რომ გარდაცვლილი ქალი მას მუდმივად აიგნორებდა და დანაშაული ამიტომ ჩაიდინა.

აღიარების მიუხედავად, კორეულმა პოლიციამ მკვლელობა სიძულვილის მოტივზე ჩადენილ დანაშაულად არ მიიჩნია. ამან ციფრულ მედიაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, მალევე კი წინააღმდეგობის ძალამ ქუჩებშიც გადაინაცვლა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიცია ქალის მიმართ სიძულვილის ფონზე ჩადენილი დანაშაულის მიმალვას ცდილობდა. ამიტომაც, კორეული ფემინიზმი ციფრულ საზღვრებს, უნივერსიტეტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს გასცდა. სწორედ ამ პერიოდში იწყებენ კორეელი ქალები მამაკაცებთან ქორწინებაზე ხმამაღლა უარის თქმას.

მალევე, კორეელმა ქალებმა წინააღმდეგობის გაწევა საზოგადოებაში დამკვიდრებული სხვა წესების მიმართაც დაიწყეს. 2019 წელს ყალიბდება ახალი ორგანიზაცია – Escape the corset, რომელიც კორეელ ქალებს თანამედროვე სილამაზის სტანდარტებისთვის უარის თქმისკენ მოუწოდებდა.

ქალებისთვის დაწესებულ  სილამაზის სტანდარტებს ხშირად ულმობელსაც უწოდებენ და მისი დამსახურებაა, რომ სამხრეთ კორეა პლასტიკური ქირურგიის ლიდერია. სილამაზის მკაცრ სტანდარტებზე მორგების მცდელობები კი ხშირად ისეთ დაავადებებს იწვევს, როგორებიცაა დეპრესია, შფოთვითი და კვებითი აშლილობები და სხვა. სწორედ ამიტომ, Escape the corset  ქალებს აქტიურად მოუწოდებდა, რომ მოკლედ შეეჭრათ თმები, უარი ეთქვათ მაკიაჟის ტარებაზე და ისეთი ტანსაცმელი ჩაეცვათ, რომელიც მათთვის ყველაზე კომფორტული იყო. 2019 წლის გამოკითხვით დადგინდა, რომ კორეელ ახალგაზრდა ქალთა 24%-მა შეამცირა თავის მოვლის საშუალებებსა და მაკიაჟში ფინანსების დახარჯვა.

ამ მოწოდებების გამოძახილს B4-ის მოძრაობაშიც შეხვდებით. თუმცა, აქტივისტები კიდევ უფრო დიდი პრობლემების წინააღმდეგ იბრძვიან, ვიდრე სილამაზის სტანდარტებია. სამხრეთ კორეის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა სათვალთვალო კამერებია, რომლებსაც ჩუმად ათავსებენ ქალებისთვის განკუთვნილ საპირფარეშოებში, გამოსაცვლელ ოთახებში, სასტუმროებსა და ბინებში. 2013-2018 წლის მონაცემებით, სათვალთვალო კამერის აღმოჩენის შესახებ 30 000-ზე მეტი განცხადება შევიდა პოლიციაში. სათვალთვალო კამერები აღმოაჩინეს საათებში, სათვალეებში, ფეხსაცმელში, ტელევიზორებსა და ფარდებზე. ჩუმად ჩაწერილი ვიდეოების დიდი ნაწილი კი პორნოგრაფიულ საიტებზე თავსდებოდა.

არალეგალური ჩანაწერების წინააღმდეგ გამართული პროტესტებმა შედეგი ვერ გამოიღო (აქციებს 70 000-ზე მეტი ქალი დაესწრო). იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სათვალთვალო კამერის პატრონებს იჭერდნენ და აჯარიმებდნენ (ან ციხეში უშვებდნენ), ხოლო საჯარო საპირფარეშოების შემოწმება ყოველთვიურად მიმდინარეობს – პოლიციაში შესული განცხადებების ნახევარი გამოძიების გარეშეა დარჩენილი, სათვალთვალო კამერები კი სამხრეთ კორეის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევად რჩება.

ამასთან ერთად, უკვე რამდენიმე წელია, რაც კორეაში შობადობის მაჩვენებელი ეცემა. 2016 წლის მონაცემებით, ის 1.2-მდე დაეცა. წელს  რეკორდულ, მსოფლიოში ყველაზე დაბალ – 0.78-ს მიაღწია. კორეულმა მთვრობამ ახალი ონლაინ კამპანია – „ნაციონალური შობადობის რუკა“ წამოიწყო. ეს რუკები აჩვენებდა, თუ თითოეულ მუნიციპალიტეტში, რამდენი რეპროდუქციის ასაკში მყოფი ქალი ცხოვრობდა და რა მოლოდინები გააჩნდა მთავრობას მათ მიმართ. (სამხრეთ კორეის მოქმედი პრეზიდენტი – იუნ სოკ იოლი შობადობის რიცხვის კლებას ფემინიზმს აბრალებდა. საარჩევნო პერიოდში პირობა დადო, რომ გენდერული თანასწორობისა და ოჯახის სამინისტროს გააუქმებდა).

სწორედ ამიტომ, B4-ი კორეელი ქალებისთვის ერთადერთი გზა გახდა ავტონომიურობის შესანარჩუნებლად. ისინი ფიქრობენ, რომ კორეელი მამაკაცების „გამოსწორება“ შეუძლებელია და კორეული კულტურა, უიმედოდ პატრიარქალურია. 2016 წლის გამოკითხვაში, რომელიც გენდერული თანასწორობისა და ოჯახის სამინისტრომ ჩაატარა, დადგინდა, რომ რომანტიკული პარტნიორების მიმართ ფიზიკური ძალადობა 41%-ს შეადგენდა (ეს რიცხვი, გლობალურ საშუალოზე 30%-ით მაღალია). სწორედ ამიტომ, B4-ს უნდა შეცვალოს საზოგადოება არა მარტო დემონსტრაციებითა და აქტივიზმით, არამედ ქალებისთვის ალტერნატიული ცხოვრების სტილის ჩვენებით. ისინი არ მიისწრაფვიან კაცების და მათი მსოფლმხედველობის შეცვლისკენ, არამედ მათ სრულიად აქცევენ ზურგს და ერთმანეთზე კონცენტრირდებიან. B4-ის წევრი ქალები ერთმანეთს ახალი ნაბიჯების გადადგმაში უწყობენ ხელს, ქალების მიერ წამოწყებულ ბიზნესებს უჭერენ მხარს და ეკონომიკურად გაძლიერებას ცდილობენ.

B4-ის ტალღა იმდენად ძლიერია, რომ ის ჩინეთშიც გავრცელდა, თუმცა ფორმაშეცვლილი. 6B4T – სხვა ყველაფერთან ერთად, სექსისტური პროდუქციის მოხმარებაზე ამბობს უარს და მოძრაობის წევრ ქალებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ამავდროულად – ისინი მკაცრად უარყოფენ სილამაზის სტანდარტებს, ქალების ჰიპერსექსუალიზაციას იაპონურ ოტაკუ კულტურაში, უარს ამბობენ რელიგიაზე და „აიდოლების“ კულტურაზე (აიდოლებ – სამხრეთ კორეელი სელებრითები, რომლებიც მიმზიდველი იმიჯით გამოირჩევიან).

6B4T-მ მალევე მიიპყრო ჩინეთის მთავრობის ყურადღება და რადიკალური შეხედულებების გამო აკრძალა. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ წინააღმდეგობა არ გრძელდება. სამხრეთ კორეაში და ჩინეთში ქალები კვლავ უარს ამბობენ არსებულ სისტემაში ცხოვრებაზე და ცდილობენ მის შეცვლას.

 

პუბლიკაციის ავტორი ქვიარის მოხალისე 

თათია გოჩაშვილი 

საქართველოში გავრცელებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების სახეობები

საქართველოში ყველაზე ფართოდ გავრცელებული, არალეგალური ნარკოტიკული საშუალებებია:

  1. ჰალუცინოგენებედან კანაბინოიდების ჯგუფი (კანაფი, ჰაშიში),
  2. სტიმულატორები, სადაც შედის ოპიოიდების ჯგუფი.

ოპიოდიები მოიცავს ოპიატებს – ბუნებრივ ნარკოტიკულ საშუალებებს, როგორებიცაა: ოპიუმი, მორფინი, ჰეროინი, კოდეინი და სხვა. ასევე მოიცავს სინთეტიკურ ნარკოტიკული საშუალებებს, როგორებიცაა: პუბრენორფინი, მეთადონი და სხვა. 3. სტიმულატორები: ექსტაზი, ჯეფი, ვინტი.

ლეგალური ფსიქოაქტიური ნივთიერებებიდან გავრცელებულია ნიკოტინისა და ალკოჰოლის მოხმარება.

ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის 2019 წლის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ღამის კლუბებში ყველაზე ხშირად მოხმარებული ნარკოტიკული საშუალება არის მდმა/ექსტაზი, ამფეტამინი, კანაფი/ჰაშიში, ლსდ, კეტამინი, ენბოუმი (Nbome), სინთეთური კანაბინოიდები (ე. წ. ბიო-მარიხუანა) და ფსიქოტროპული მედიკამენტები. აღნიშნული კვლევის მიხედვით, გავრცელებული პრაქტიკაა ნარკოტიკების შერევა ან/და ალკოჰოლთან ერთად მოხმარება.

2019 წლის კვლევის შედეგების მიხედვით, სიცოცხლის განმავლობაში თამბაქოს მოხმარების მაჩვენებელი 36%-ია (ბიჭებში 46%, გოგოებში 27%). გამოკითხული მოსწავლეებიდან 7% არის რეგულარული მწეველი (ვისაც სიცოცხლის განმავლობაში 40-ჯერ ან მეტჯერ მოუწევია სიგარეტი). 2015 წელთან შედარებით, აღინიშნა რეგულარულად მწეველი ბიჭების პროცენტული მაჩვენებლის სტატისტიკურად მნიშვნელოვანი კლება.

გამოკითხულ მოსწავლეთა 85%-ს სიცოცხლის განმავლობაში ერთხელ მაინც მიუღია ალკოჰოლი (ბიჭები 87%, გოგოები 81%). იმ მოსწავლეების 16%-ს, ვისაც სიცოცხლის განმავლობაში ალკოჰოლი ერთხელ მაინც აქვს მიღებული 40-ჯერ ან მეტჯერ დაულევია.

ყველაზე ხშირად გამოყენებადი ნარკოტიკული საშუალებაა ექსტაზი, რომელიც გამოკითხულ მოსწავლეთა 2%-ს მიუღია (ბიჭების 3% და გოგოების 2%). დანარჩენი ნარკოტიკების მიღების სიხშირე თანაბარია და შეადგენს 1%-ს. 2015 წელთან შედარებით, ბიჭებში მნიშვნელოვნად შემცირდა ექსტაზის მიღების სიხშირე სიცოცხლის განმავლობაში.

გავრცელებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების ეფექტები:

ალკოჰოლი თრგუნავს ცენტრალურ ნერვულ სისტემას ნეიროტრანსმიეტერ GABA-ს მოქმედების გაზრდით. შედეგად მეტყველება ხდება ბუნდოვანი, მოძრაობები არასტაბილური, შემცირებულია რეაგირებისა და განსჯის უნარი. ალკოჰოლს აქვს როგორც დამამშვიდებელი, ასევე მასტიმულირებელი ეფექტი. მიუხედავად იმისა, რომ კლინიკურად კლასიფიცირებულია, როგორც დეპრესანტი, მისი გამოყენების სიხშირე, ოდენობა და ადამიანის რექცია განსაზღვრავს ალკოჰოლის სედაციურ თუ მასტიმულირებელ ექფეტს.

სტიმულატორების (მაგალითად ექსტაზის)  ზემოქმედების შედეგად ჭარბად გამოყოფილი ჰორმონები იწვევს მოცულობითი ენერგიის მოზღვავებას სხეულში, რაც გამოიხატება ჭარბი ფიზიკური აქტივობით, საუბრითა და  სიფხიზლით.  დროთა განმავლობაში განსაკუთრებით ძლიერი სტიმულატორების მოხმარება იწვევს აღნიშნული ჰორმონების ამოწურვას. ნივთიერების მიმართ ტოლერანტობის განვითარების შემთხვევაში მომხმარებელს აღარ აკმაყოფილებს პირვანდელი დოზა და ზრდის მას ეფექტის მისაღებად.

კანაბინოიდების (კანაფი, ჰაშიში) შესახებ არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ უვნებელია და არ იწვევს მიჩვევას. თუმცა, სინამდვილეში ხასიათდება მაღალი ტოლერანტობით, მისი ხშირი და რეგულარული მოხმარება იწვევს მიჩვევას. დროთა განმავლობაში შესაძლოა დაიკარგოს ინტერესი გარე სამყაროს მიმართ. მნიშვნელოვნად ქვეითდება მეხსიერება და კოგნიტური ფუნქციები.

ოპიოიდების უმეტესობა ტკივილგამაყუჩებელია, მისი ხანგრძლივად მოხმარება იწვევს მიჩვევას და ტკივილზე მაღალი მგრძნობელობის ჩამოყალიბებას. იმისთვის, რომ მომხმარებელმა შეამციროს ტკივილი, უფრო მაღალი დოზაა საჭირო. ნერვული უჯრედების მგრძნობელობის მომატების გამო შესაძლოა ადამიანი განიცდიდეს ტკივილს სხეულის სხვადასხვა ნაწილში. ასეთ დროს ადამიანი იწყებს დეპრესანტის დოზის გაზრდას.

ოპიოიდების გვერდითი ეფექტებია: გულისცემის შემცირება, სუნთქვის დათრგუნვა, შეფერხება მეტველებაში. რაც უფრო იზრდება გამოყენების დოზა, იზრდება ტოლერანტობა და დამოკიდებულებაც. ძლიერად არის გამოხატული აღკვეთის სინდრომიც.

ნიკოტინი იწვევს სისხლძარღვების შევიწროვებას. იზრდება გულისცემა და არტერიული წნევა. კარგად არ ნაწილდება ჟანგბადი სისხლში. ნიკოტინის ხანგრძლივი გამოყენება ზრდის ინფარქტის, ინსულტისა და სიმსივნეების რისკს. ზემოქმედებს იმუნიტეტზე და მენტალურ ჯანმრთელობაზე.

ტერმინი მოხმარება ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან მიმართებაში არ არის ცალსახა და მის რამოდენიმე ფორმას გამოყოფენ: პასუხისმგებლობით მოხმარებას, ექსპერიმენტული მოხმარებას, სოციალურ მოხმარებას, ავადმოხმარებასა და პრობლემურ მოხმარებას.

ცალკე გამოვყოფ დამოკიდებულებას (ადიქციას), რომელიც ნივთიერების რეგულარულ მოხმარებას გულისხმობს. დამოკიდებულება შესაძლებელია განვითარდეს სხვადასხვა ნივთიერებაზე, საშუალებაზე და ქცევაზე,  მაგალითად, ალკოჰოლზე, თამბაქოზე, საკვებზე, კომპიუტერულ თამაშებზე, გამოიხატოს ნივთების ჭარბი დაგროვებით და ა.შ.

განასხვავებენ ფიზკიკურ და ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას. ფიზიკური დამოკიდებულება ვლინდება აბსტინენციის სინდრომის სახით, როდესაც ადამიანი განიცდის ფიზიკურ დისკომფორტს ნივთიერების მოხმარების შეწყვეტის შედეგად. ფსიქოლოგიური დამოკიდებულება გამოიხატება ძლიერ ლტოლვასა და სურვილში დამოკიდებულების ობიექტის მიმართ. ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე  ორივე სახის დამოკიდებულება ვითარდება – ფიზიკური და ფსიქოლოგიური.

პასუხისმგებლობით მოხმარება მოიცავს ნივთიერების გამოყენებას იმგვარად, რომ საფრთხე არ ექმნება არც მომხმარებელსა და არც გარშემომყოფებს. მოხმარების აღნიშნული სახეობა ეხება ისეთ ლეგალურ ფსქოაქტიურ ნივთიერებას, როგორიცაა ალკოჰოლი, ყავა. სხვა ნებსიმიერი ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარება ზიანს აყენებს მინიმუმ მომხმარებელს მაინც.

ექსპერიმენტული მოხმარება გულისხმობს ფსიქოაქტიური ნივთიერების არარეგულარულად გამოყენებას მისი ეფექტის შეგრძნების მიზნით. ასეთი მიზნისთვის ხშირად მოიხმარენ სიგარეტს, ალკოჰოლს, მარიხუანას ან ექსტაზს კლუბებში. ექსპერიმენტული მოხმარებისას ადამიანი არ არის დამოკიდებული ნივთიერებაზე და მოიხმარს მათ გარკვეულ სიტუაციებში (მაგალითად გართობის დროს). აღნიშნული სახის მოხმარება მოიცავს დამოკიდებულების განვითარების რისკს.

სოციალური მოხმარება გულისხმობს მხოლოდ გარკვეულ სოციალურ სიტუაციაში ნივთიერებას მოხმარებას. მაგალითად სიგარეტის მოწევას ან ალკოჰოლის დალევას მეგობრებთან ერთად, არა სხვა დროს.

ავადმოხმარება გულისხმობს ფსიქოაქტიური ნივთიერებების არასამედიცინო მიზნით მოხმარებას იმგავარდ, როდესაც საფრთხე ექმნება მომხმარებლის ფიზიკურ ან ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას ან უქმნის სოციალურ პრობლემებს.

პრობლემური მოხმარებაში ყველაზე ხშირად, იგულისხმება ნარკოტიკების ინექციურად გამოყენება ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში ოპიოიდების მოხმარება, თუმცა სხვაგვარი მოხმარებაც შეიძლება იყოს სარისკო/პრობლემური.

ზემოთ ჩამოთვლილი მოხმარების სახეობები განსხვავდება  ზიანისა და რისკების მიხედვით. ზოგ მათგანს აქვს დამოკიდებულებაში გადაზრდის პოტენციალი, ზოგი კი მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას, აისახება ცხოვრების ხარისხზე და ზედოზირებით გარდაცვალების მიზეზიც არის ხშირად (მაგ. ოპიატები).

 

გამოყენებული მასალა

ადა ბესელია და სხვები (2019). ნარკოვიკთარების წლიური ანგარიში 2019. ნარკოვიტარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.

კოენი უ.ე. (2017). ფსიქოაქტიური საშუალებების ფიზიკური და ფსიქიკური ეფექტები.

ჯავახიშვილი ჯ. (2017). ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენცია.

 

 

უილიამ შექსპირი უდავოდ ბისექსუალი იყო

/

იყო თუ არა ლეგენდარული დრამატურგი ქვიარი, ამაზე დაობენ მისი გარდაცვალებიდან 400 წლის შემდეგაც. უილიამ შექსპირის დაბადების და გარდაცვალების დღე 23 აპრილია. 

პროფესორმა სტენლი უელსმა და მისმა კოლეგამ პოლ ედმონდსონმა შეისწავლეს შექსპირის 182 სონეტი და აღმოაჩინეს, რომ აქედან ქალებს ეძღვნებოდა 10 სონეტი ხოლო 27 კაცებს.

“ზოგიერთ სონეტში სექსუალობის ენა ძალიან ცხადად მიმართულია მამაკაცისკენ, რაც უდავოდ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ შექსპირი ბისექსუალი იყო” – განაცხადა ედმონსონმა გამოცემა ტელეგრაფთან ინტერვიუში.  

უელსის და ედმონსონის მიგნებები გამოქვეყნებულია მათ მიერ გამოცემულ წიგნში  “All the sonnets of Shakespeare”.

გამოყენებული წყარო: https://www.thepinknews.com/2021/04/23/william-shakespeare-bisexual-love-sonnets-gay-sexuality/

ადიქციის სახეობები, წარმოქმნის მექანიზმები და მათი გავლენა ადამიანზე

რა არის ადიქცია, ადიქციების ნეირობიოლოგიური მექანიზმი

 ადიქცია ინგლისური სიტყვიდან “addiction” მოდის და დამოკიდებულებას ნიშნავს. დამოკიდებულება შესაძლებელია განვითარდეს სხვადასხვა ნივთიერებაზე, საშუალებაზე და ქცევაზე,  მაგალითად, ალკოჰოლზე, თამბაქოზე, საჭმელზე, კომპიუტერულ თამაშებზე, გამოიხატოს ნივთების ჭარბი დაგროვებით და ა.შ.

განასხვავებენ ფიზკიკურ და ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას. ფიზიკური დამოკიდებულება ვლინდება აღკვეთის სინდრომის სახით, როდესაც ადამიანი განიცდის ფიზიკურ დისკომფორტს ნივთიერების შეწყვეტის შედეგად. ფსიქოლოგიური დამოკიდებულება გამოიხატება ძლიერ ლტოლვასა და სურვილში დამოკიდებულების ობიექტის მიმართ.

ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე  ორივე სახის დამოკიდებულება ვითარდება – ფიზიკური და ფსიქოლოგიური. ადიქცია გავლენას ახდენს ადამიანის გუნება-განწყობილებაზე, მის კოგნიციებზე (ფიქრებზე), აღქმაზე, აზროვნებაზე, ემოციებსა და ქცევაზე.

ფსიქოაქტიურ ნივთიერებებში შედის როგორც ნარკოტიკული საშუალებები – ჰეროინი, კოკაინი, ოპიუმი, მარიხუანა და სხვა, ასევე ფსიქოტროპული წამლები (დამამშვიდებლები, ანტიდეპრესანტები, ტკივილგამაყუჩებლები), ასევე ალკოჰოლი, თამბაქო, ყავა და ჩაი.

ფსიქოაქტიური ნივთიერებები განსხვავდებიან როგორც მიჩვევის, ისე ზიანის მაჩვენებლითა და პოტენციალით, თუმცა ისეთი ნივთიერებები, როგორიცაა ალკოჰოლი და თამბაქო, რომლებიც მიჩნეულია ნაკლებ საშიშად და დამაზიანებლად, სინამდვილეში მეტად ფართოდ არის გავცელებული და დიდი ზიანის მომტანია როგორც ადამიანების სიოცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, ასევე ჯანდაცვის სისტემისა და სახელმწიფოსთვის.

ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარება ავტომატურად არ ნიშნავს დამოკიდებულებას. დამოკიდებულება ქრონიკული მდგომარეობაა, რომელიც ხასიათდება ნივთიერების კომპულსიური მიღებით ან კომპულსიური ქცევით. (შოპოჰოლიზმი, საკვების მიღება და ა.შ.)

დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია – ICD 10 განსაზღვრავს დამოკიდებულების არსებობის მახასიათებლებსა და ნიშნებს.

დამოკიდებულება სახეზეა 3 ან მეტი ნიშნის ერთდროულად არსებობისას გარკვეული დროის მანძილზე ბოლო 12 თვეში:

  • ტოლერანტობა
  • აღკვეთის სინდრომი
  • ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღების კომპულსური სურვილი
  • ნივთიერების მოხმარების ქცევის კონტროლის სიძნელეები
  • ალტერნატიული ინტერესების პროგრესული უგულვებელყოფა ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღების სასარგებლოდ
  • ნივთიერებათა მოპოვებისთვის მეტი დროის/ენერგიის დათმობა
  • ნივთიერების მოხმარება მიუხედავად მავნე ნეგატიური შედეგებისა

ნებისმიერ აქტივობას, რომელიც ჩვენთვის სიამოვნების მომტანია  – იქნება ეს მუსიკის მოსმენა თუ ლამაზი სურათის ხილვა, ააქტიურებს ჩვენი ტვინის დამაჯილდოვებელ სისტემას, რომელიც მეხსიერებაზე, მოძრაობაზე, სიამოვნებასა და მოტივაციაზეა პასუხისმგებელი და გამოიყოფა დოფამინი. ტვინი იმახსოვრებს იმ გარემოებას/ქცევას, რომელმაც გამოიწვია სიამოვნება, რაც თავის მხრივ განაპირობებს იმას, რომ ჩვენ კვლავ ვუბრუნდებით და ვახორციელებთ იმ ქცევას, რაც სიამოვნების მომტანია ჩვენთვის. ანალოგიური ზემოქმედება აქვს ფსიქოაქტიურ ნივთიერებას ჩვენი ტვინის დამაჯილდოვებელ სისტემაზე, რომელიც ხელს უწყობს დოფამინების გაცილებით დიდი რაოდენობით გამომუშავებას და სიამოვნების განცდას. დროთა განმავლობაში ადამიანი განიცდის ტოლერანტობას, ერთგვარ შემგუებლობას დამოკიდებულების ობიექტის მიმართ, ასეთ შემთხვევაში სხვა სასიამოვნო აქტივობები აღარ ანიჭებს მას სიამოვნებას ისე, როგორც ადიქციამდე იყო. ასევე, ადამიანი ვეღარ იღებს ისეთ სიამოვნებას დამოკიდებულების ობიექტის მიმართ, როგორც დასაწყისში.

ფსიქოაქტიური ნივთიერებებიდან, მაგალითად, კოკაინს შეუძლია დიდი რაოდენობით დოფამინების გამომუშავება, ვიდრე ნიკოტინს. ყველა ფსიქოაქტიური ნივთიერება სხვადასხვანაირად ახდენს ზემოქმედებას ტვინზე, ამიტომაც განსხვავდება მაგალითად, ალკოჰოლის ზემოქმედება კოკაინის ზემოქმედებისგან.

ადიქციის წარმოშობის თეორიები

 ფსიქოაქტიური ნივთიერებებს ადამიანები უძველესი დროიდან მოყოლებული მოიხმარდნენ. რამდენი ხანიც არსებობს ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრობლემა, პარალელურად, არსებობს კითხვა – რატომ? რატომ მოიხმარს ადამიანი ნარკოტიკს ან რატომ უვითარდება მას ქცევითი დამოკიდებულება – გემბლინგი, შემგროვებლობა, კვებითი დამოკიდებულება და სხვა. ცალსახა პასუხი აღნიშნულ კითხვაზე არ არსებობს. მეცნიერების სხვადასხვა დარგები და მიმდინარეობები გვთავაზობენ ჰიპოთეზებს და დაძლევის მექნიზმებს.

გამოვყოფ რამდენიმე ჰიპოთეზას:

ბიოლოგიური: ერთ-ერთი ჰიპოთეზა, თუ რატომ მოიხმარენ ნარკოტიკს ეფუძნება იმას, რომ ადამიანებს მემკვიდრეობით გადაეცემა ნივთიერებებისადმი დამოკიდებულების განწყობა. ოჯახებსა და იდენტურ ტყუპებზე ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგჯერ, ერთი ოჯახის რამდენიმე წევრი ხდება დამოკიდებული ნივთიერებაზე, თუმცა აღნიშნული თეორია არ გამორიცხავს გარემოს ძლიერ ფაქტორს და მის ზემოქმედებას ინდივიდზე.

ფსიქოლოგიური: ქცევითი ანუ ბიჰევიორული ფსიქოლოგია ქცევას განიხილავს, როგორც რექაციას ამა თუ იმ სტიმულზე. ადამიანები დაისწავლიან სხვადასხვა ქცევას და დასწავლა ხორციელდება იმის მიხედვით, რას იღებს ადამიანი ქცევის შედეგად – დაჯილდოვებას თუ დასჯას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ კონკრეტული ნივთიერების მიღებას მოყვა გარკვეული მოთხოვნილების დაკმაყოფილება, სავარაუდოა, რომ იზრდება ქცევის განმეორების ალბათობა.

კოგნიტური ფსიქოლოგია, რომელიც შემეცნებით პროცესებს (აღქმა, შეგრძნება, აზროვნება, მეხსიერება და ა.შ.) შეისწავლის, ამბობს, რომ ადამიანის აზრები/კოგნიციები საკუთარი თავისა და სამყაროს მიმართ განაპირობებს, მათ შორის, ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულებას. მაგალითად, აზროვნების პატერნმა – ,,სიგარეტი მეტად თავდაჯერებულს გამხდის და ბევრი მეგობარი მეყოლება” შესაძლოა, თამბაქოს დამოკიდებულებამდე მიიყვანოს ადამიანი.

გარემო ფაქტორები: გარემო, ოჯახი და სოციუმი დიდ გავლენას ახდენს ადამიანზე, მის ჩამოყალიბებსასა და უნარ-ჩვევებზე. სიღარიბემ, ინფორმაციაზე წვდომის შეუძლებლობამ და მისთვის მნიშვნელოვან ჯგუფში ფსიქოაქტიური ნივთიერების მოხმარების წახალისებამ შესაძლოა ჯერ ექსპერიმენტირებამდე, შემდეგ კი ადიქციის ჩამოყალიბებამდე მივიდეს ადამიანი.  

კითხვაზე – რატომ იწყებს ადამიანი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებას, ცალსახა პასუხი არ არსებობს. კონკრეტულ შემთხვევაში, გადამწყვეტი შეიძლება აღმოჩნდეს ექსპერიმენტირება, გარემოსა და სოციუმის ზეგავლენა, ხელმისაწვდომობა ან სხვა ფაქტორი/ფაქტორები. ასევე, გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ იმპულსურ და ეგოცენტრულ, ან შფოთვისკენ მიდრეკილ ადამიანს ცალსახად აქვს მაღალი პრედისპოზია ნარკოტიკების მოხმარებისადმი.

კითხვაზე – რატომ აგრძელებს ფსიქოაქტიური ნივთიერების მიღებას ადამიანი მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ აცნობიერებს მის მავნე ზეგავლენას, პასუხი დამოკიდებულების ბუნებაშია. აგრძელებს მოხმარებას, რადგან დამოკიდებულია ადიქციის ობიექტზე ფსიქოლოგიურად და რიგ შემთხვევაში, ფიზიკურადაც.

ადიქციის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე და სოციალურ მდგომარეობაზე

დამოკიდებულება ზეგავლენას ახდენს ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე, ურთიერთობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე.

ზიანი, რომელსაც ფსიქოატიური ნივთიერებების მოხმარება იწვევს, ვარირებს მსუბუქიდან ძლიერამდე, არის მოკლევადიანი და გრძელვადიანი, ზემოქმედებს როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ ჯანმრთლობაზე და ამძიმებს ადამიანების სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობას. მენტალური პრობლემებიდან, ყველაზე ხშირად ვლინდება დეპრესია, შფოთვა, პარანოია.

  • დეპრესია – არსებობს უამრავი მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს კავშირს ფსიქოატიურ ნივთიერებების მოხმარებასა და დეპრესიას შორის. ნივთიერებების ზემოქმედება ტვინის გარკვეულ უბნებზე იმდენად დიდია, რომ მათი ავადმოხმარება იწვევს დეპრესიასა და სხვა აშლილობებს.
  • შფოთვა – ზოგიერთი მასტიმულირებელი ნივთიერებები, მაგალითად, კოკაინი და ნიკოტონი, იწვევს შფოთვით აშლილობებს და პანიკურ შეტევებს.
  • პარანოია – კოკაინის და მარიხუანას გრძელვადიანმა მოხმარებამ, შესაძლოა გამოიწვიოს პარანოია. ჯანმრთელობის მდგომარეობას ართულებს ის ფაქტიც, რომ ბევრი ნარკოტიკი არალეგალურია და მომხმარებელს აქვს მუდმივი შიში იმისა, რომ ერთ დღეს დაიჭერენ.

ფიზიკური ზიანი, რომელსაც განიცდის ადამიანი ფსიქოატიური ნივთიერებების შედეგად, ყველაზე ხშირად გამოიხატება შემდეგი სახით:

  • თირკმელები

ფსიქოაქტიური ნივთიერებების გრძელვადიანმა გამოყენებამ, შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელების დაზიანება – დეჰიდრატაცია, კუნთების ფუნქციის მოშლა, სხეულის ტემპერატურის მატება ზიანს აყენებს თირკმელების მუშაობას, რომელიც დროთა განმავლობაში ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას.

  • ღვიძლი

ცნობილია, რომ ალკოჰოლის ჭარბად და დიდხანს გამოყენება ზიანს აყენებს ღვიძლს. თუმცა, ოპიოიდებისა და სტეროიდების ხანგრძლივად გამოყენებაც იგივენაირად ზემოქმედებს ღვიძლზე, როგორც ალკოჰოლი. ღვიძლი ზიანდება ნაწიბურების, ნეკროზებისა და ქრონიკული ანთების შედეგად.

  • გული

გულის ფუნქცინირებაზე ბევრი ფსიქოატიური ნივთიერება ზემოქმედებს. ზიანი მრავალნაირია, გულსცემისა და არტერიული წნევის მატებით დაწყებული, თრომბოზითა და ინსულტით დამთავრებული.

  • ფილტვები

ფილტვებს დიდ ზიანს აყენებს როგორც თამბაქოს ნაწარმის მოხმარება, ასევე, მარიხუანა და კოკაინი. გარდა პირდაპირი დაზიანებისა, ისეთი ნარკოტიკი, როგორიცაა ჰეროინი, რომელიც იწვევს სუნთქვის შენელებას, ასევე იწვევს ფილტვების სერიოზულ პრობლემებს.

ფსიქოატიური ნივთიერებები იწვევს მოკლევადიან ზიანსაც, რომელიც გამოიხატება თავბრუსხევაში, თავის ტკივილში და ა.შ. აქვეითებს იმუნიტეტს.

ფსიქოატიური ნივთიერებების მოხმარება, გარდა ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის ხარიხის გაუარესებისა, უარყოფითად მოქმედებს ადამიანების სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე. დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში ალკოჰოლისა და თამბაქოს შეძენაც კი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც მეტად აღარიბებს ისედაც ღარიბ მოსახლეობას. დაზიანებული ჯანმრთელობის მკურნალობა კიდევ უფრო ძვირი უჯდებათ ადამიანებს და სახელმწიფოსაც.

დამოკიდებული ადამიანის, (იქნება ეს გემბლინგი, ალკოჰოლზე თუ ნარკოტიკულ საშუალებაზე დამოკიდებულება), ოჯახის წევრები ხშირად ხდებიან მის ქცევაზე დამოკიდებულნი. ისინი უგულებელყოფენ საკუთარ საჭიროებებს, სურვილებსა და ემოციებს. უვითარდებათ დაბალი თვითშეფასება და ზიანდება მათი ჯანმრთელობა და ცხოვრების ხარისხი. ტერმინი თანადამოკიდებულება აღწერს ადიქციის მქონე ადამიანის ოჯახის წევრებისა თუ ახლობლების მდგომარეობას, რომელიც ემოციურად არის დამანგრეველი ან/და ძალადობრივი.

საქართველოში ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების მაჩვენებლები საკმაოდ ყურადსაღებია. მაგალითად, ალკოჰოლის გასინჯვის მინიმალური ასაკი 10 წელია. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ზოგადი მოსახლეობის ალკოჰოლის ავადმოხმარების გამო 1,6%-ს ესაჭიროება მიმართვა შესაბამის სამკურნალო სერვისებში. საქართველოში თამბაქოს მომხმარებელია მოსახლეობის 31%. თამბაქოს პირველად მოწევის მინიმალური ასაკია კაცებში – 7, ხოლო ქალებში 9 წელი. რესპონდენტთა 15,9% აცხადებს, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოუწევია მარიხუანა, მისი მოხმარების მინიმალური ასაკი კაცებში 9, ხოლო ქალებში 12 წელია. აზარტულ თამაშებში ჩართულობა ცხოვრებაში ერთხელ მაინც აღნიშნა რესპონდენტთა 31,3%-მა. აქვე უნდა აღინიშნოს პოზიტიური ფაქტიც, NCDC-ის მონაცემებით, ბოლო სამ წელიწადში მწეველთა რაოდენობა 3%-ით შემცირდა, ხოლო შეწყვიტა თამბაქოს მოხმარება 10%-მა.

ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარება და სხვადასხვა დამოკიდებულებებთან ბრძოლა დღემდე გამოწვევად რჩება მსოფლიოში. დასავლეთის ქვეყნებში ადიქციებთან მუშაობის გამოცდილება დაგროვდა, რომელსაც, გარკვეულწილად, საქართველოც იზიარებს საკანონმდებლო დონეზე. ადიქციების მიმართ ცნობიერების გაზრდა, რაც გულისხმობს მათ შორის მავნეობის შესახებ ინფორმაციას, დამოკიდებულებებთან მომუშავე სერვისების არსებობა, მოქნილი საკანონმდებლო პოლიტიკა – ეს არის იმ მექანიზმების ერთობლიობა, რომელიც მსოფლიოს სსვადასხვა ქვეყანაში მუშაობს ეფექტურად და რომლისკენაც უნდა მივილტვოდეთ.

 

 

 

 

 

გამოყენებული მასალა:

ბექაია ნ. (2021). ადიქცია ქვიარ ადამიანებში: დამოკიდებულების ზეგავლენა, შედეგები და დაძლევის გზები

თოფურიძე მ., ქაქუთია ნ., სხირტლაძე ლ. (2015). 2015 წლის თამბაქოსა და სხვა ქცევითი რისკ-ფაქტორების შესახებ ინფორმირებულობის, შეხედულებებისა და ქცევის (KAP) ეროვნული კვლევის ანგარიში

კირთაძე ი., ოთიაშვილი დ., ტაბატაძე მ. (2015). ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების კვლევა ზოგად მოსახლეობაში

ჯავახიშვილი ჯ. (2017). ნარკოტიკების ავადმოხმარების პრევენცია.

ESPAD (2016). ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკის მოხმარების შემსწავლელი ევროპის სასკოლო კვლევის შედეგები

ESPAD (2019) ალკოჰოლის, თამბაქოსა და სხვა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების შემსწავლელი ევროპის სკოლების კვლევის პროექტი.

Koob G.F. & Dr. Simon E.J. (2010). The Neurobiology of Addiction: Where We Have Been and Where We Are Going

ფსიქოდელიური ნარკოტიკული საშუალებები და მათი ეფექტები

ფსიქოდელიური ნივთიერებები (ასევე ცნობილი, როგორც ჰალუცინოგენები) წარმოადგენს ფსიქოაქტიური ნივთიერებათა ჯგუფს, რომელიც ცვლის აღქმას, ემოციებს, დროის შეგრძნებასა და კოგნიტურ პროცესებს. იცვლება გარემოს აღქმა, სუსტდება ლოგიკა, ხოლო მძაფრდება ილუზიები და ჰალუცინაციები.

ჰალუცინოგენების  ჯგუფში შედის: LSD, MDMA, სოკოები, იბოგა, კეტამინი, მუსკატი, კანაბინოიდები (მაგ. მარიხუანა, ჰაშიში) და სხვა.

ფსიქოდელიური მცენარეების გამოყენებას დიდი ხნის ისტორია აქვს. მათ მოიხმარდნენ სხვადასხვა მიზნებისთვის და სხვადასხვა მეთოდებით. მცენარეებსა და სოკოებს აქვთ თვისება დაიცვან თავი ცხოველებისგან თუ სხვადასხვა მწერებისგან, ამისათვის ისინი იყენებენ ძლიერ ალკალოიდებს, როგორებიცაა მაგალითად, კოკაინი (კოკას ფოთლები), თამბაქოს ფოთლები და სხვა. ჰალუცინოგენების გამოყენების პრაქტიკა სხვადასხვა კულტურაში ჰქონდათ როგორც შამანური და რელიგიური რიტუალების, ასევე სამკურნალო მიზნებისთვის.

ჰალუცინოგენების უმეტესობა მოქმედებს სიმპათიკურ[1] ნერვულ სისტემაზე, რაც ხელს უწყობს ჰორმონების გამომუშავებას. აქტიურდება დოფამინი, ნორეპინეფრინი, განსაკუთრებით სეროტონინი და სხვა ჰორმონები. ნორეპინეფრინი ხელს უწყობს სიფხიზლეს, ყურადღების კონცენტრაციას. დოფამინი პასუხისმგებელია სიამოვნებაზე, მოტივაციაზე, მოძრაობასა და მეხსიერებაზე. სეროტონინი არეგულირებს გუნება-განწყობას,  მადას, ძილს, მეხსიერებას და მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში. სეროტონინის ჭარბი გამომუშავებისას მნიშვნელოვნად იცვლება ადამიანის განწყობა, შეგრძნებები და სენსორული ნაწილი. ასეთ დროს ადამიანი მძაფრად აღიქვამს, ხედავს და ესმის.  ფსიქოდელიკების მოხმარებისას შესაძლოა განვითარდეს სინესთეზია – ერთგვარი აღქმის აღრევა, როდესაც მაგალითად, მხედველობით სტიმულს აღიქვამს სმენითი არხი და ხდება მუსიკის დანახვა ფერებში ან ფორმაში. ან პირიქით, ვიზუალური სტიმული აღიქვას სმენითმა არხმა და კონკრეტული გამოსახულება აღქმული იყოს როგორც ბგერა.

გარდა სენსორული და გუნება-განწყობილების ნაწილისა, ჰალუცინოგენები მოქმედებენ ტვინის იმ ნაწილზე, რომელიც ჰალუცინაციებზეა პასუხისმგებელი. ფსიქოდელიკების მიღებას ხშირად თან ახლავს ილუზიები და ბოდვა. მათი გამოყენებისას იზრდება გულისცემა, არტერიალური წნევა გა ხშირდება სუნთქვა. შესაძლოა გამოიწვიოს პირის სიმშრალე, მადის დაკარგვა, ძილის დარღვევები, პანიკური შეტევები, კომპულსიური მოძრაობები, ჭარბი ოფლიანობა, პარანოია.

გრძელვადიანი გამოყენებისას ზოგი ჰალუცინოგენი იწვევს ფსიქოზსა და ჰალუცინოგენური აღქმის პერსისტენტულ აშლილობას (HPPD).

ფსიქოზის სიმპტომებია: ვიზუალური დარღვევები, დეზორგანიზებული აზროვნება, პარანოია, ხასიათის ცვლილებები.

ჰალუცინოგენური აღქმის პერსისტენტულ აშლილობას (HPPD) ახასიათებს ჰალუცინაციები, ილუზიები და ვიზუალური დარღვევები, რომლებიც  უეცარი ფლეშბექების[2] სახით მეორდება. აღნიშნული აშლილობა შესაძლოა განვითარდეს ცუდი მოგზაურობიდან (bad trip) რამოდენიმე თვის ან წლის შემდეგ.

ზოგი ფსიქოდელიური ნივთიერების მიმართ, როგორიც არის მაგალითად LSD და სოკო, ტოლერანტობა საკმაოდ მალე ყალიბდება, ზოგთან კი გარკვეული დრო სჭირდება. LSD-ს მიმართ მეტად ვითარდება ფსიქოლოგიური დამოკიდებულება. სოკოების მოხმარებისას ნაკლებია ფსიქოზური რეაქციები, თუმცა მათი გამოყენება ზოგჯერ იწვევს შფოთვასა და პანიკას. MDMA – რომელიც ძირითადად კლუბურ ნარკოტიკად ითვლება, დიდ სიფრთხილეს მოითხოვს. მისი მიღებისას იზრდება გულისცემა, სუნთქვის გახშირება, მოჭარბებულია ენერგია. შესაძლოა გამოიწვიოს პირის სიმშრალე, გუგების გაფართოება, გულისრევა, კრუნჩხვები, თავის ტკივილი და კანკალი. გრძელვადიან პერსპექტივაში – დეპრესია, შფიოთვა, სხეულის გამოფიტვა, ღვიძლის დაზიანება. აღნიშნული ჰალუცინოგენი იწვევს ელექტროლიტების დისბალანსსა და გაუწყლოებას, რის გამოც წყლის საჭირო რაოდენობის არ მიღების შემთხვევაში შესაძლოა ლეტალურადაც დასრულდეს.

Რაც შეეხება კანაბიოიდებს, ისინი ხასიათდება მაღალი ტოლერანტობით, დროთა განმავლობაში შესაძლოა დაიკარგოს ინტერესი გარე სამყაროს მიმართ. მნიშვნელოვნად ქვეითდება მეხსიერება და კოგნიტური ფუნქციები.

ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს კვლევები, რათა ფსიქოდელიური საშუალებები გამოიყენებული იქნას მედიცინაში, განსაკუთრებით ფსიქიატრიის მიმართულებით. კერძოდ – პოსტტრავმატული სტერსული აშლილობის, დეპრესიის, შფოთვითი აშლილობისა და ადიქციების მკურნალობისას.

 

 

გამოყენებული მასალა:

კოენი უ.ე. (2017). ფსიქოაქტიური საშუალებების ფიზიკური და ფსიქიკური ეფექტები.

Nutt D. (2019). Psychedelic drugs – a new era in psychiatry?. National Library of Medicine

[1] სიმპათიკური ნერვული სისტემა – არეგულირებს ორგანიზმის შიდა რეაქციებსა და ქცევას სტრესის დროს. შინაგანი ორგანოების ტვინთან დაკავშირების შედეგად ხდება  სხეულის აქტივაცია მოქმედებისთვის.

[2] როდესაც წარსული ტრავმული გამოცდილება შეიგრძნობა იმგვარად, თითქოს ხდება ახლა და ამჟამად.