მაისი 2021

„გასულ ორ წელს საერთოდ ამოვჭრიდი ჩემი ცხოვრებიდან“ – ქვიარ ემიგრანტის ამბავი

ნინოს საკუთარი სექსუალური ორიენტაციის გამო მოუხდა დაეტოვებინა ოჯახი და სამშობლო. საქართველოში მძვინვარე ჰომოფობიისგან თავის დაღწევის მიზნით, ნინომ თავშესაფარი ითხოვა გერმანიაში, თუმცა უსაფრთხო და ბედნიერი ცხოვრებისკენ გზა რთული და სტრესული აღმოჩნდა.

ნინოს სახელი შეცვლილია მისივე თხოვნით.

კახეთში, სადაც გაიზარდა, ნინოს არ დაუმალავს საკუთარი განცდები. თამამად ამბობდა – „რა მაგარი გოგოა!“ გარშემომყოფები კი ასეთ რეპლიკებსა თუ მის ქცევას ბავშვობას მიაწერდნენ. მაშინ ნინომ არ იცოდა რას ნიშნავს გეი ან ლესბოსელი. საკუთარი თავს „ნორმალურად“ აღიქვამდა და ვერ წარმოედგინა, რომ ვინმესთვის მიუღებელი შეიძლებოდა ყოფილიყო.

ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, ეკლესია

თინეიჯერობიდან ნინომ საკუთარ ემოციებს სახელი დაარქვა. პარალელურად კი გაიზარდა ოჯახის წნეხი და ნინოც მიხვდა, რომ სიფრთხილე უნდა გამოეჩინა.

ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა მაშინ, როცა ნინოს დამ მის ტელეფონში პირადი შეტყობინებები წაიკითხა, რომელშიც ის ღიად საუბრობდა სხვა ლესბოსელ გოგოსთან.

„წამიყვანეს ფსიქიატრთან, ფსიქოლოგთან, ეკლესიებში. სახლიდან არ მიშვებდნენ, თმა უნდა გამეზარდა, კაბები უნდა ჩამეცვა და მაკიაჟი გამეკეთებინა“, – იხსენებს ნინო.

14 წლის ასაკში, ოჯახისგან თავის დაღწევის მიზნით, ნინო სახლიდან გაიქცა. ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება 30 წლამდე ქალთან მიმოწერის შედეგად მიიღო. ქალმა, რომელიც ნინოს გაეცნო როგორც ლესბოსელი და ეფლირტავებოდა მას, თინეიჯერი გოგოს ნდობა მარტივად მოიპოვა და თბილისში წაიყვანა.

წასვლამდე ქალმა უთხრა, ტელეფონიდან სიმბარათი ამოიღე, გადატეხე და გადააგდეო. ნინოს ეჭვი გაუჩნდა და არ დაუჯერა. გაირკვა, რომ ქალი ტრეფინკინგში იყო ჩართული, თუმცა სანამ ნინოს თურქეთში გადაიყვანდა, პოლიციამ ისინი იპოვა და ქალი დააკავა.

ნინო ისევ სახლში დაბრუნდა. ისევ წაიყვანეს ფსიქიატრთან, ფსიქოლოგთან, ისევ ასმევდნენ წამლებს.

გულნარი

18 წლისამ უნივერსიტეტში ჩააბარა და თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. იქვე გაიცნო გოგო, გულნარი [სახელი შეცვლილია] რომელიც შეუყვარდა. გულნარს მშობლები ძალით გათხოვებას უპირებდნენ.

„ნიშნობის საღამოს გამოიპარა და ჩემთან მოვიდა. მისმა მშობლებმა გაიგეს სადაც ვცხოვრობდით და ეს გოგო ძალით წაიყვანეს. საშინლად სცემეს. პოლიცია ჩავრთეთ საქმეში“, – იხსენებს ნინო და ამატებს, რომ ამბავი თავისმა მშობლებმაც გაიგეს და ზეწოლაც გაორმაგდა. სტრესის გამო, ნინო ვერც სწავლას ახერხებდა, ვერც მუშაობას.

ნინო მეგობართან ცხოვრობდა, მისი პარტნიორი – ქალთა თავშესაფარში, როცა გააკეთა ის რაზეც არასოდეს უფიქრია. სპონტანურად, მეგობრების დახმარებით ფული შეაგროვეს, ყველაზე იაფიანი ბილეთი იყიდეს და საქართველო დატოვეს.

წასვლა

პირველი ნაბიჯი ბერლინში, გერმანიაში ნინოსთვის შვებისმომგვრელი იყო. გაუჩნდა განცდა, რომ ყველა პრობლემა უკან მოიტოვა. მეორე მხრივ, გული შესტკიოდა ოჯახზე, რომელიც ყველაფრის მიუხედავად ძალიან უყვარდა და ვეღარასდროს ნახავდა.

„გადაწყვეტილი მქონდა, რომ საქართველოში აღარასდროს დავბრუნდებოდი“, – ამბობს ნინო.

ჩასვლისთანავე ნინო და გულნარი ლტოლვილად ჩაბარდნენ. აქედან დაიწყო ნინოს ცხოვრების კიდევ ერთი ურთულესი პერიოდი.

ის იხსენებს, რომ თავშესაფრის მთხოვნელთა საერთო საცხოვრებელში განათავსეს, სადაც წვიმა ჩამოდიოდა და საშინელი სიბინძურე იყო. ისეთი კოშმარი იყო – იხსენებს ნინო – პირველივე დღესვე დავიწყეთ უკან დაბრუნებაზე ფიქრიო.

მეორე დღეს, გოგოებს დოკუმენტები ჩამოართვეს. ნინოს თქმით, შემოწმების დროს ძალიან უღირსად ექცეოდნენ. ბოლოს, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, მისცეს მატარებლის ბილეთები გერმანიის ქალაქ ლაიფციგისკენ.

გერმანულის არ ცოდნისა და რთული სატრანსპორტო ქსელის მიუხედავად, ნინომ და გულნარმა როგორც იქნა ჩააღწიეს ლაიფციგში, თუმცა იქ კიდევ უფრო დრამატული სურათი დახვდათ. „მოგვცეს ოთახი, რომლის კარიც არ იკეტებოდა. ნივთებს ვერ დატოვებდი, მშვიდად ვერ დაიძინებდი. იყო საერთო აბაზანა, რომლის კარი ასევე არ იკეტებოდა. რამდენჯერმე შემოგვივარდნენ კაცები“, – ამბობს ნინო.

გაუსაძლისი პირობების გამო, ნინომ დაწესებულების ადმინისტრაციას პრეტენზიით მიმართა, რის შემდეგაც კიდევ სხვა ქალაქში გადაამისამართეს. იქ ჩასულებს კი გულნარის მშობლების ნაცნობები დახვდნენ, რომლებიც ფოტოებს უღებდნენ და უგზავნიდნენ მათ.

„კონფლიქტიც მოგვივიდა მათთან და სკამი გადამატეხეს“, – იხსენებს ნინო.

გოგოებმა ლგბტ საკითხებზე მომუშავე გერმანულ არასამთავრობო ორგანიზაციას მიმართეს, რომლის დახმარებითაც მათ ცოტა ხნით გამოუყვეს ერთი ოთახი ქვიარების საერთო საცხოვრებელში. საცხოვრებელი უკეთესი იყო, თუმცა ნინოს და გულნარს „ნახევარჯერ მშიერს უწევდათ ყოფნა“, რადგან თავშესაფარზე და შესაბამისად უფასო კვებაზე უარი თქვეს,  მუშაობის უფლება არ ჰქონდათ, კვირაში კი მხოლოდ 30-30 ევროს იღებდნენ სახელმწიფოსგან და ეს საკმარისი არ იყო.

შემდეგ, ისევ არასამთავრობოს დახმარებით, სხვა ბინაში გადავიდნენ. „მივედით, ჩანთები დავაწყვეთ და აღმოჩნდა, რომ ჩემი პარტნიორის მშობლები იყვნენ ჩამოსული. მოგვადგნენ სახლში. ისევ პოლიციის გამოძახება მოგვიწია“, – ამბობს ნინო.

თავშესაფრის მოლოდინში, გოგოებმა ურთიერთობა დაასრულეს. ნინოს თქმით, გულნარმა გერმანიაში ყოფნას ვერ გაუძლო და მშობლებს ისევ საქართველოში გაჰყვა.

„აქ, ერთად ყოფნის პერიოდში ვერ ვიტყვი რომ კომფორტულად ვიყავით ერთმანეთთან. ფული არ გვქონდა, ენა არ ვიცოდით, მუშაობის უფლება არ გვქონდა. მისი მშობლებიც მუდმივად გვაწუხებდნენ, ბიუროკრატიული ამბებიც მოსაგვარებელი გვქონდა. არ მოგვეცა საშუალება ერთმანეთთან ნორმალურად ყოფნის. ცუდად ვგრძნობდით თავს“, – ამბობს ის და ამატებს, რომ იგივე განცდები ჰქონდა, თუმცა გულნარისგან განსხვავებით, ნინომ ოჯახი სრულად დაკარგა და უკან დასაბრუნებელი გზა აღარ ჰქონდა.

გულნარის დაბრუნებასთან ერთად, ნინოს თავშესაფარზე გერმანიამ უარი უთხრა.

„ძალიან დიდი შიშის გრძნობა დამეუფლა. ახლა უკან მომიწევს წასვლა? ყველა და ყველაფერი დავკარგე, აღარავინ არ ვარ და ახლა კიდევ საქართველოში უნდა დავბრუნდე?“ – იხსენებს ნინო.

თუმცა ისევ არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით, ნინომ იპოვა გერმანიაში დარჩენის სხვა ლეგალური გზა – დაიწყო მუშაობა ბიო მაღაზიაში და პარალელურად სწავლა კოლეჯში. ახლა ნინოს შუალედურების პერიოდი აქვს, ჰყავს გერმანელი შეყვარებული და ბედნიერია, მაგრამ:

„რაც აქამდე გამოვიარე, იმ გზას აღარ გამოვივლიდი. კი, ახლა ბედნიერი ვარ, მაგრამ გასულ ორ წელს საერთოდ ამოვჭრიდი ჩემი ცხოვრებიდან. ძალიან დიდი სტრესი მივიღე“.

ელენე ხოშტარია 17 მაისის შესახებ:

/

(ელენე ხოშტარია – პოლიტიკური პარტია დროას ხელმძღვანელი)

17 მაისთან და, ზოგადად, უმცირესობასთან მიმართებაში ირაციონალური შიშები ექსკლუზიურად საქართველოს მოსახლეობის მახასიათებელი, რა თქმა უნდა, არ არის. პრობლემა ისაა, რომ ამ შიშებს აძლიერებს ბევრი აქტორი – ეკლესია, ულტრამემარჯვენე და პრორუსული დაჯგუფებები და, რაც ყველაზე საგანგაშოა, – ხელისუფლება. რუსეთიდან მართული ჯგუფების მიზანი საქართველოშიც ის არის, რასაც კრემლი სხვა ქვეყნებში ცდილობს – საზოგადოების გახლეჩვა, დაპირისპირება, შუღლის გაღვივება. საქართველოში LGBTQ თემატიკა ამ მიზნისთვის კარგი საშუალებაა.

ხელისუფლება სწორედ ამ მიზანს ემსახურება, მაგრამ მათ შორის შეიძლება, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც რეალურადაც ჰომოფობები არიან, ან, უბრალოდ, ელექტორალური მიზნებისთვის საზოგადოების უმრავლესობას აწონებენ თავს.

ოჯახის სიწმინდის დღე მხოლოდ და მხოლოდ LGBTQ თემის საწინააღმდეგოდ მოფიქრებული დღეა. ამით ეკლესიამ სცადა, დაეკავებინა საჯარო სივრცეები და 17 მაისს ამ სივრცეებიდან სრულად გაეგდო უმცირესობები, თან ყველას აჩვენებს, სად არის ძალა. ამაზე მეტი შინაარსი ოჯახის სიწმინდის დღესასწაულს არ აქვს.

ჰომოფობია აზიანებს ყველას, საზოგადოების ყველა ჯგუფს, რამდენადაც ძლიერი არ უნდა იყოს ის. შესაბამისად, ბუნებრივია, როდესაც რელიგიური ინსტიტუტი იყო უმცირესობების დევნის მთავარი მედროშე და შემდეგ საუბარი დაიწყო ჰომოსექსუალი პირების არსებობაზე თავად ამ ინსტიტუტის შიგნით – ეკლესია დაზიანდა. როდესაც ეკლესიის ორგანიზებით ტაბურეტკიანი მღვდელი მისდევს ახალგაზრდას და ამ დროს თავად ამ ეკლესიაში არიან უმცირესობის წარმომადგენლები, თუ ეს ასეა, ალბათ, ეს მრევლისთვის შოკისმომგვრელია.

გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობა უნდა შეეძლოს ყველა ჯგუფს. მათ შორის – ბევრისთვის მიუღებელს. საჯარო სივრცეში არსებობა თემის თითოეული წევრის უფლებაა, მაგრამ სამწუხაროდ, ამისთვის დღეს ბრძოლაა საჭირო. პროტესტი ბრძოლის ერთ-ერთი და კარგი საშუალებაა, ამიტომ საჭირო მგონია 17 მაისის საჯარო აღნიშვნა.

რეალურად, ჩვენი პრობლემა დაქსაქსულობაა. ხშირად ადამიანები, რომლებსაც ღირებულებები და იდეები გვაერთიანებს, ერთმანეთს ან არ ვიცნობთ, ან საერთოდ არ ვიცით ერთმანეთის არსებობის შესახებ. ქვიარ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მარტო არ არიან, ამ ქვეყანაში არსებობს ბევრი ადამიანი, რომელიც მათი უფლებებისთვის იბრძოლებს. მე მგონია, ეს ჩემი, როგორც პოლიტიკოსის მოვალეობაცაა.

ხათუნა სამნიძე 17 მაისის შესახებ

/

(ხათუნა სამნიძე – რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე) 

ხელისუფლებაში მყოფი ადამიანები არა თუ არ მუშაობენ ჰომოფობიის და ტრანსფობიის შემცირებისთვის შესაბამისი პროგრამებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით, არამედ ლგბტქი თემას სათავისოდ იყენებენ. საზოგადოებაში ყოველთვის იარსებებენ მარგინალური ჰომოფობიური ჯგუფები, მაგრამ მათი წახალისება არ უნდა ხდებოდეს ხელისუფლების მხრიდან. ჩვენი ხელისუფლება კი ხშირად ხუჭავს თვალს აგრესიულ ქმედებებზე, თავდასხმებზე, ზოგი მიმართულებით აძლიერებს კიდეც ამ ჯგუფებს. ამიტომაც ბედავენ ამ ყოველივეს.

მე არ ვფიქრობ, რომ საზოგადოებაში ჰომოფობიის პრობლემა ისეთი მწვავე ან/და გადაუჭრელია, როგორც ამას ულტრამემარჯვენე ჯგუფები წარმოაჩენენ. მიუხედავად იმისა, რომ სტერეოტიპები საზოგადოებაში ჯერ კიდევ ძლიერია, წინა წლებთან შედარებით შეინიშნება პროგრესიც. ჩემი დაკვირვებით და ყველა კვლევაც ამას აჩვენებს, საზოგადოება არ არის ისეთი აგრესიული, მაგრამ ეს მარგინალური ჯგუფები საზოგადოებაში სიძულვილს აღვივებენ და დაპირისპირებას იწვევენ.

ამას იყენებენ პოლიტიკური ძალები თუ პოლიტიკოსები, რადგან იციან, რომ ეს თემები ემოციურია, ტრადიციებს უკავშირდება. ლგბტ საკითხების მიზანმიმართულად დამახინჯებულად წარმოჩენა ხდება სწორედ რომ აგრესიის გამოსაწვევად. ასე მოქმედებს რუსეთის პროპაგანდაც.

საპატრიარქოც მიიჩნევს, რომ ლგბტ ადამიანებზე ნადირობით მრევლს აძლიერებს. ეს მათი შეხედულებაა, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ; ეკლესიური, მორწმუნე ადამიანები მღვდლების მხრიდან აგრესიას პრობლემად ასახელებენ. ღვთის ქადაგება და ღვთის სიყვარული გამორიცხავს ძალადობასა და ძალადობის წახალისებას. მათ დაკარგეს ბევრი ადამიანის ნდობა, ეკლესიამ დაკარგა ავტორიტეტი, მაგრამ იმავეს აგრძელებენ, რადგან ძალიან დიდია საპატრიარქოში რუსული გავლენა და მათ სჭირდებათ ეს თემები იმისთვის, რომ რუსული თემატიკითა და მეთოდებით იმოქმედონ საზოგადოებაზე. მათი ამოცანაა რაც შეიძლება მეტი შიშის დათესვა და შემდეგ ადამიანების მართვა საკუთარი ინტერესების მიხედვით. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების ნაწილზე ამან იმუშავა. ოჯახის სიწმინდის დღის დაწესება სწორედ ასეთი მიზანმიმართული ქმედებაა.

მე მომხრე ვარ ღია შეკრებების, საჯაროობის, რადგან ჩვენ ეს ყინული უნდა გავალღვოთ. ჩემი აზრით, რაც ადრე ლგბტ თემის წევრთა მიმართ იყო აგრესია, ის აღარ იქნება, რადგან ვითარება უკეთესობისკენ შეიცვალა. გარდა ამისა, ხელისუფლებამ უნდა აიღოს გარანტია ადამიანების უსაფრთხოებაზე, მაგრამ მათი იმედი არ მაქვს. შეიძლება, ლგბტ ადამიანებთან ერთად მოვიფიქროთ შეკრების ისეთი ფორმა, რომ ძალადობის არიდება შევძლოთ.

ჩემი აზრით, ლგბტ თემის მხარდამჭერთა ქსელი უნდა გაძლიერდეს იმისთვის, რომ თემის წევრებმა, განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრებმა ადამიანებმა იცოდნენ, ისინი სრულფასოვანი, ღირებული ადამიანები არიან, რასაც უნდა უნერგავდნენ სხვები და, რომ მათ ჰყავთ მხარდამჭერები.

ბავშვები უნდა დავიცვათ ძალადობისგან სკოლებში, ახალგაზრდები, რომლებიც აღმოაჩენენ, რომ განსხვავებულები არიან, არ უნდა ჰქონდეთ ამის გამო სტრესი, არ უნდა გახდნენ ძალადობის მსხვერპლნი. ამ ბავშვების დაცვა განათლების სისტემის რეფორმირებით შეგვიძლია და მეც ჩემი წვლილი უნდა შევიტანო ამ მიზნის მიღწევაში.

გიგი წერეთელი 17 მაისის შესახებ

/

(გიგი წერეთელი – პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის ხუთგზის (1999, 2003, 2008, 2012, 2016) წევრი, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი 2017 წლიდან 2020 წლის 14 დეკემბრამდე)

ლგბტ თემის წევრების მიმართ აგრესიული, ჰომოფობიური დამოკიდებულება რა თქმა უნდა, ძალიან პრობლემურია. მხოლოდ ბოლო სამი კვირის მანძილზე რამდენიმე ჰომოფობიური თავდასხმა განხორციელდა ლგბტ თემის წარმომადგენლებზე, რაც გაჟღერდა მედიებში.

17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საუბარი არ არის სხვის პირად ცხოვრებაზე და ცხოვრების წესზე, ამ დროს იმაზეა საუბარი, რამდენად მიუღებელია ჩვენთვის საკუთარი მოქალაქეების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება, უპირველეს ყოვლისა, – ძალადობა, აგრესიულობა, არატოლერანტობა.

ეს ფუნდამენტური უფლებები საზოგადოების ყველა წევრისთვის, მიუხედავად მისი კუთვნილებებისა ამა თუ იმ უმცირესობის ჯგუფისადმი, დაცული უნდა იყოს. როცა ეს არ სრულდება, ძალიან ცუდ შედეგებს ვიღებთ – ეს ზრდის საზოგადოებაში დაძაბულობას, საფრთხის შეგრძნებას, რადგან წარმოშობს დაუსჯელობის სინდრომს, რომელიც შემდგომში დანაშაულთა ჩადენას ახალისებს.

ამ ყველაფერს გავლენა ქვეყნის პოლიტიკაზე აქვს, რადგან პოლიტიკა საზრდოობს საზოგადოებიდან და სწორედ საზოგადოების წევრები ხდებიან პოლიტიკოსები. შემდეგ კი პოლიტიკა კარნახობს საზოგადოებას, თუ როგორი წესებით იცხოვროს, რა შეხედულებებით, რა პრინციპებით და რა კანონმდებლობით იხელმძღვანელოს. სწორედ ესაა პოლიტიკის დანიშნულება – მოემსახუროს საზოგადოებას, მისცეს მიმართულება.

აგრესიული ფონი საზოგადოებაში გამოწვეულია უამრავი პრობლემით, სიდუხჭირით, გაუსაძლისი ყოფით. ეს ვითარება ნოყიერ ნიადაგს აძლევს ჰომოფობიურ და ქსენოფობიურ ჯგუფებს, რადიკალურად განწყობილ პოლიტიკურ ძალებს, რომ ამით საკუთარი მხარდამჭერებისა და ამომრჩევლების მობილიზება მოახდინონ თავიანთი პოლიტიკური მიზნებისთვის.

პოლიტიკური პარტიები თუ მოძრაობები სიძულვილისა და აგრესიის ირგვლივ უწევენ მობილიზებას საკუთარ ელექტორატს, ამის უამრავი მაგალითი გვაქვს. ჩემი აზრით, იმ ქვეყნისთვის, რომელსაც პრეტენზია აქვს დემოკრატიულობასა და განვითარებულობაზე, ცივილიზებული სამყაროს წევრობაზე, სახელმწიფო პოლიტიკამ უნდა ითამაშოს დამამშვიდებელი როლი და არამც და არამც არ უნდა შეუწყოს ხელი საზოგადოებაში უფრო მეტ განხეთქილებასა და დაპირისპირებას.

ნებისმიერ ჯგუფს უნდა შეეძლოს, შეიკრიბოს საჯაროდ, გამოხატოს თავისი მოსაზრება, პროტესტი თუ სხვა. ამ უფლების დაცვის გარანტიას უნდა იძლეოდეს სახელმწიფო. თუ სახელმწიფო ამას ვერ აკეთებს, სწორედ მაშინ წარმოიშობა ჰომოფობიური და ტრანსფობიური ძალადობის საფრთხეები.

ამ პროცესში განსაკუთრებული როლი აქვს ეკლესიას, რადგან ის საზოგადოებაში მაღალი ნდობით სარგებლობს და საზოგადოებრივ აზრზე ძლიერ ზეგავლენას ახდენს. აქედან გამომდინარე, სწორედ ეკლესიას მართებს განსაკუთრებული სიფრთხილე, როცა საქმე ეხება საზოგადოებაში უმრავლესობის მხრიდან უმცირესობათა მიმართ აგრესიას. მაშინ, როცა ეკლესია უნდა მოუწოდებდეს მეტი ტოლერანტობისკენ, ამის მაგივრად სამღვდელოების წარმომადგენლები თავად იჩენენ აგრესიას, თავად ძალადობენ უმცირესობებზე, რა თქმა უნდა, ეს თავად ეკლესიასაც აზიანებს.

ნიშანდობლივი მოვლენაა 17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნა. ბუნებრივია, ეკლესიას უფლება აქვს, ნებისმიერი დღე აღნიშნოს, ოჯახის სიწმინდისა თუ სხვა, მაგრამ ეს არცერთ შემთხვევაში არ უნდა ატარებდეს კონტრაქციის სახეს იმ სურვილით, რომ შემდგომში ძალადობა განხორციელდეს. არც კანონით და არც საზოგადოებრივი წესრიგით ეს გამართლებული არ არის. ყველას აქვს შეკრების უფლება, ნებისმიერ თემსა და უმცირესობას. მათ აქვთ პროტესტის გამოხატვის უფლება და ეს არ უნდა გახდეს დაპირისპირებისა და ძალადობის მოვლენა სხვა ჯგუფების მხრიდან.

ძალადობა არ უნდა იყოს დაშვებული არცერთ შემთხვევაში. უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ, რომელსაც გააჩნია შესაბამისი ინსტრუმენტები. ჩვენ ვხედავთ, რომ როცა ხელისუფლებას უნდა, ახერხებს კიდეც პრევენციას, იზოლირებას, ხელის შეშლასა თუ გართულებების აცილებას, მაგრამ როცა მას ამის სურვილი არ აქვს, ხდება ის არასასურველი სცენები, რომლებიც ჩვენ გვინახავს, სამწუხაროდ.

კიდევ უფრო რთული ვითარებაა რეგიონებში ლგბტ თემის ან სხვა უმცირესობების ჯგუფების წარმომადგენლებისთვის, რეგიონებში თემის წევრები ხვდებიან უფრო მეტ პრობლემებს, სტიგმებსა თუ დისკრიმინაციული მიდგომებს.

თუ ქვეყანაში დაცული იქნება ადამიანის უფლებები, რაც საქართველოს კონსტიტუციით არის გარანტირებული, ასეთ შემთხვევაში უმცირესობები იქნებიან საზოგადოების სრულფასოვანი წევრები.

თამარ ჩერგოლეიშვილი 17 მაისის შესახებ

/

(თამარ ჩერგოლეიშვილი – ჟურნალისტი, პოლიტიკოსი და ჟურნალ ტაბულას დამფუძნებელი)

წელიწადის 365 დღიდან ნებისმიერი დღე ეკუთვნის ყველას, ვინც დედამიწაზე ცხოვრობს. წელიწადის ნებისმიერ დღეს, 17 მაისი იქნება, თუ რომელიმე სხვა დღე,

ვისაც უნდა მოუნდეს შეკრება და საკუთარი, თუნდაც სხვისთვის კატეგორიულად მიუღებელი აზრის გამოხატვა, ამის შესაძლებლობა უნდა მიეცეს, რადგან მას ამის თანდაყოლილი უფლება აქვს.

სახელმწიფო ვალდებულია, მისი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება და უსაფრთხოება უზრუნველყოს, მიუხედავად მოქალაქის სექსუალური და გენდერული იდენტობისა, კანის ფერისა, რელიგიური კუთვნილებისა, ეთნიკური წარმომავლობისა და ა.შ. ეს არის აუცილებელი პირობა საზოგადოების წინსვლისთვის. ეს არ არის ერთი რომელიმე ჯგუფის პრობლემა, მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლი განუზომლად მეტად განიცდის თავისუფლების შეზღუდვას. ეს მთელი საზოგადოების პრობლემაა. საზოგადოების ქსოვილი ჯანსაღი მაშინაა, როდესაც ყველა ჯგუფს შეუძლია თვითრეალიზება და თამაშგარედ არავინაა დარჩენილი.

გასაგებია, რომ იდეალური სურათი არსადაა, ადამიანის უფლებები ყველგან ირღვევა, მაგრამ წინ ის ქვეყნებია და ადამიანები იმ ქვეყნებისკენ ისწრაფვიან, სადაც საზოგადოება მუდმივად იბრძვის თავისუფლებისთვის და ილტვის მსგავსი ჰარმონიისკენ.

ჩემთვის ეს ჰარმონია ყველაზე კარგად რუსთაველმა აღწერა „ვეფხისტყაოსნის“ ჰეფი-ენდში, ნესტან-დარეჯანისა და ტარიელის ქორწილში:

„ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს,

ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს,

ავის მქმნელნი დააშინნეს, კრავნი კრავთა ვერ უწოვდეს,

შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს.“

მე ამ სტროფს კანონის წინაშე თანასწორობად, გაჭირვებულის დახმარებად, დამნაშავისგან კანონმორჩილის დაცვად და დაპირისპირებული მხარეების მშვიდობიან თანაცხოვრებად აღვიქვამ, სწორედ იმად, რასაც ლიბერალური დემოკრატია განასახიერებს.

ამგვარი საზოგადოებისკენ სწრაფვა ჩემთვის ერთგვარი კოდია, რომელიც პასუხს სცემს კითხვას, რატომ მოვევლინეთ სამყაროს.

ქართული საზოგადოება პოსტტოტალიტარული, ნახევრადაგრარული საზოგადოებაა, რომლის მოდერნიზაცია ახლაც მიმდინარეობს. ტოტალიტარულ საზოგადოებაში ადამიანებს პათოლოგიურად ეშინიათ იმ სახის დაკარგვის, რასაც მათ საზოგადოება უსაზღვრავს.

ამდენად, ასეთ საზოგადოებებში განსხვავებულის მიმართ შიში კანონზომიერია, მაგრამ – დაძლევადი. 90-იან წლებში ასეთ შიშებს რელიგიური უმცირესობები აღძრავდნენ და მათ მიმართ აგრესიის არაერთი შემთხვევა გვახსოვს. სექსუალური უმცირესობები მაშინ საზოგადოებრივ ცხოვრებაში „არ არსებობდნენ“, მათ უფლებებზე არავინ საუბრობდა.

რელიგიური უმცირესობების მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესდა ვარდების რევოლუციის შემდეგ, როცა მოძალადეების დასჯა ნორმად იქცა და სახელმწიფომ ნათელი გახადა, რომ რელიგიური უმცირესობების შევიწროვებას აღარ მოითმენს. ვითარება იდეალურისგან შორსაა, მაგრამ ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო.

გასულ ათწლეულში უკვე LGBTQ თემი გააქტიურდა და დაიწყო უფლებებისთვის ბრძოლა, შესაბამისად, გააქტიურდა მათ მიმართ აგრესიაც. განსხვავებულის მიმართ შიში რეალურია და საზოგადოებაში ნამდვილად არსებობს. ამ შიშებს კი ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი და მტერი, ასევე მასთან დაახლოებული პოლიტიკური ძალებიც გეოპოლიტიკური მიზნებისთვის და ოპონენტის დისკრედიტაციისთვის იყენებენ. ამის გამო LGBTQ თემის წევრები, გარდა საზოგადოების შიშისა, გეოპოლიტიკური თამაშის მსხვერპლებიც არიან.

რაც შეეხება ჰომოსექსუალობის თემას ეკლესიასთან მიმართებაში და იქ აგორებულ სკანდალებს, ეკლესია ფარისევლობისთვის ისჯება და არა ჰომოსექსუალობისთვის. თავად აიღეს ეს მახვილი ხელში. მე დარწმუნებული ვარ, LGBTQ თემის წევრები ბევრად ლმობიერად მოექცევიან ეკლესიაში მოღვაწე ჰომოსექსუალებს, ვიდრე ესენი ექცეოდნენ თემის წევრებს. ისინი „ტაბურეტებით“ მათ არ დაედევნებიან.

საქართველოში 17 მაისის, როგორც ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის შესახებ მე არ მივცემ თავს უფლებას, სხვის ომში ჭკუა ვარიგო ვინმეს, რადგან მე ვერასოდეს განვიცდი იმას, რასაც ამ თემის წევრები განიცდიან. ჩემი მხრიდან შემიძლია, მხოლოდ იმას დავპირდე, რომ ვინც სექსუალური იდენტობის ნიშნით ადამიანებს ჩაგრავს, იმათთვის მეც სექსუალური უმცირესობა ვიქნები. მე მჯერა, რომ აქ და ახლა ბოროტება მაშინ გაიმარჯვებს, თუ კარგი ხალხი უქმად ვიქნებით.

უჩა ნანუაშვილი 17 მაისის შესახებ

/

(უჩა ნანუაშვილი – საქართველოს სახალხო დამცველი 2012 წლის დეკემბრიდან 2017 წლის დეკემბრამდე, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის ხელმძღვანელი)

მთავარი პრობლემა არის სახელმწიფოს მხრიდან არსებული პოლიტიკა, რომელიც საჯარო სივრციდან აძევებს ლგბტ თემს. ეს სამწუხარო პრაქტიკა წლებია გრძელდება და სახელმწიფოს რაიმე მკვეთრი ნაბიჯი ამ პრობლემის მოსაგვარებლად არ გადაუდგამს.

დღემდე არ არიან სათანადოდ დასჯილი ძალადობაში მონაწილე ჯგუფები 2013 წლიდან. დაუსჯელობის სინდრომით კიდევ უფრო მეტი წახალისება ხდება ახალი დანაშაულებისა, ხოლო ძალადობრივი ჯგუფები ხელისუფლების ამ პოლიტიკით სარგებლობენ.

ცალკე საკითხია საზოგადოებრივი ცნობიერება, ის სტერეოტიპები, რაც არსებობს და ასაზრდოებს სტიგმას და ძალადობას ლგბტ პირთა მიმართ. ხელისუფლება პოლიტიკური დღის წესრიგით მოქმედებს და არა თანასწორობაზე, ადამიანის უფლებებზე დამყარებული პოლიტიკით, სადაც ყველა ჯგუფის უფლებები იქნება დაცული.

როდესაც ხელისუფლებას სჭირდება საზოგადოების კონსერვატიული ნაწილის მხარდაჭერა, კონსტიტუციაში ცვლილებებიც შეაქვს, როცა სჭირდება ევროკავშირში ასოცირება და საერთაშორისო პარტნიორების დახმარება, შესაბამის კანონსაც იღებს დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიზნით. თუმცა ფაქტი ფაქტად რჩება, წლებია ლგბტ აქტივისტებს ღიად, საჯაროდ შეკრების თავისუფლების შესაძლებლობა არ ეძლევათ ან ეძლევათ უკიდურესი შეზღუდვებით.

ბოლო წლებში განსაკუთრებით გააქტიურებული არიან ძალადობრივი ჯგუფები, ასევე გაზრდილია ძალადობრივი დანაშაული თემის წევრებზე და ამ დროს სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება არასაკმარისია, ან საერთოდ არაა. ქვიარი ადამიანებისადმი ძალადობის მასშტაბები საგრძნობლად გაზრდილია.

ცალკე პრობლემაა ხელისუფლების წარმომადგენლების და ზოგადად არაერთი პოლიტიკოსის მიერ საჯარო მოწოდებები და გამოთქმები, რომელიც თავისი შინაარსით ჰომოფობიურია და კიდევ უფრო მეტ სტიგმატიზაციას უწყობს ხელს. სახელმწიფოს სჭირდება სწორი პოლიტიკა ამ მდგომარეობის შესაცვლელად და რაც მთავარია, პოლიტიკური ნება.

ლგბტქი თემის წევრებმა საკუთარი უფლებების დასაცავად ყველა მექანიზმი უნდა გამოიყენონ, რაც კი არსებობს, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. აუცილებელია, ყველა ეფექტური ინსტრუმენტი იყოს გამოყენებული და ამ მიზნით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უფლებების დარღვევის ყველა ფაქტის დაფიქსირება, დოკუმენტირება, ასევე უფლებადაცვით ორგანიზაციებთან, მედიასთან და სახელმწიფო ინსტიტუტებთან აქტიური მუშაობა.

რა მიზანს ემსახურება 17 მაისს საქართველოს ეკლესიის მიერ ოჯახის სიწმინდის დღის დაწესება? ნებისმიერი სხვა დღის გამოცხადება შეიძლებოდა ამის აღსანიშნად, ასევე ყველა რელიგიურ ორგანიზაციას შეუძლია, გამოაცხადოს ესა თუ ის დღე რაიმეს დაცვის დღედ, მაგრამ სახელმწიფოს ვალდებულებაა, დაიცვას ყველა მოქალაქის უფლება და თანასწორობა, მათ შორის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება. ეს ვალდებულება სახელმწიფოს გააჩნია, რომელსაც სამწუხაროდ არ ასრულებს.

მიხეილ ქუმსიშვილი 17 მაისის შესახებ

(მიხეილ ქუმსიშვილი – ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის ლიდერი)

საპატრიარქოს მიერ 17 მაისის ოჯახის სიწმინდის დღედ გამოცხადება არის მათი კონტრსვლა ლგბტქ საზოგადოების მიმართ, რომელიც ზუსტად ამ დღეს ჰომოფობიურ ნიადაგზე ჩაგვრას აპროტესტებს. ჩემი აზრით, ნებისმიერ ორგანიზაციასა თუ ინდივიდს, მათ შორის საპატრიარქოს, როდესაც სურს, მაშინ შეუძლია აღნიშნოს/იზეიმოს რაიმე კონკრეტული მოვლენა, თუკი ეს ჯდება გამოხატვის თავისუფლების ნორმებში. მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, რატომ ავლენს ამხელა აგრესიას რელიგიური ინსტიტუცია იმ პირების მიმართ, ვისაც განსაკუთრებულად რთული ცხოვრების გავლა უწევს და ვის მიმართაც ჩაგვრა უფრო ხშირი მოვლენაა. თავად ქრისტიანობაც ხომ წესით ჩაგრულების დახმარებასა და მხარდაჭერას მოიაზრებს…

ჩემი შეფასებით, საზოგადოების განწყობები არცთუ ისე სახარბიელოა. დღეს მოსახლეობის უდიდეს ნაწილში ნამდვილად არის ჩამოყალიბებული სტერეოტიპული აზროვნება ჰომოსექსუალების მიმართ და გარკვეულ „დაავადებად“ უფრო აღიქვამენ ამას, ვიდრე ბუნებრივ მოვლენად. ამას ძირითადად იწვევს რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის ჭარბი დოზა ქართულ საინფორმაციო სივრცეში. რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილია ის, რომ დემოკრატიული ღირებულებები ვერ და არ დაინერგოს საქართველოში, მათ შორის, არ იყოს ადამიანის უფლებები დაცული და საზოგადოების მენტალიტეტი არ გახდეს უფრო ტოლერანტული. ამ გზით რუსეთი შეინარჩუნებს საქართველოს საკუთარ ორბიტაზე და არ მისცემს დასავლური ინტეგრაციის საშუალებას.

ის პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც ჰომოფობიურ ნიადაგზე ძალადობას უწყობენ ხელს და ახალისებენ, ან რუსეთიდან ფინანსდებიან ან თავად არიან რუსული იდეოლოგიის მსხვერპლი. როდესაც საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილში არსებობს გარკვეული მოთხოვნა ჰომოფობიურ პოლიტიკაზე, ბუნებრივია, ჩნდება ამ იდეის მიმწოდებელი ჯგუფებიც. მხოლოდ ეკონომიკაში არ გვხვდება უხილავი ხელი, პოლიტიკაშიც დაახლოებით იგივე პრინციპი მოქმედებს, როდესაც არსებობს მოთხოვნა – არსებობს მიწოდებაც, ეს ერთგვარი ჯაჭვური რეაქციაა.

ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც ჯდება აზრისა და გამოხატვის თავისუფლებაში, ჩემთვის მისაღებია და ამ მიმართულებით კანონმდებლობა მეტ-ნაკლებად დარეგულირებულია. თუმცა, რამდენად ხდება მისი რეალური აღსრულება და რამდენად უზრუნველყოფენ სამართალდამცველები ღონისძიების უსაფრთხოდ და სრულყოფილად განხორციელებას, ეს ცალკე საკითხია. წარსულის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ამ კუთხით პრობლემები ჯერ კიდევ არ არის მოგვარებული.

მარშის ორგანიზება არ უნდა დაემსგავსოს უბრალოდ ღონისძიებას ღონისძიებისთვის. ის რეალურად უნდა აღწევდეს მიზანს – ამცირებდეს ჰომოფობიურ განწყობებს, ამაღლებდეს საზოგადოების ცნობიერებას და ხდიდეს მას მეტად ტოლერანტულს. ვფიქრობ, ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა ძალიან კარგად ორგანიზებული და მრავალრიცხოვანი ღონისძიების ჩატარება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა თემის დისკრეტიდაცია უფრო მოახდინოს, ვიდრე მისი ხელშეწყობა. ამიტომ თემის წარმომადგენლები ამ საკითხს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდნონ და შესაბამისი ნიადაგი შეამზადონ, როგორც ორგანიზაციული, ასევე კამპანიური თვალსაზრისით.

რეგიონში მცხოვრებ ლგბტ თემის წევრს, რომელსაც კიდევ უფრო მეტი პრობლემა აქვს, ვეტყოდი, რომ ის არ არის ერთადერთი და არც რაიმე ავადმყოფობა სჭირს. უყვარდეს თავისი თავი და ნუ შეიძულებს მას მხოლოდ იმიტომ, რომ უმრავლესობისგან განსხვავებულია. შეეცადოს, დაამყაროს ურთიერთობა შესაბამის ორგანიზაციებთან, რომლებიც მუშაობენ ლგბტქ საკითხებზე, მიიღოს მეტი ინფორმაცია, აიმაღლოს ცნობიერება და შეიძინოს ბევრი ისეთი მეგობარი, რომელიც მას გაუგებს. თანამედროვე სამყაროში, სოციალური ქსელების გამოყენებით, ყოველივე ეს გამარტივებულია.

სოფო

17 მაისი ჩემთვის შიშის დღეა. 2013 წლის 17 მაისს ისრაელში ვიყავი, მაგრამ ვხედავდი ჩემს მებობრებს როგორ არბევდნენ. ძალიან ვინერვიულე, სამი დღე არ მეძინა. წარმოიდგინეთ რომ მათ ვისაც იცნობთ სიკვდილი ემუქრება.

ზოგადად, არ ვარ მომხრე პრაიდების და გამოსვლების, ჩემი აზრით ხილვადობის გაზრდისთვის სხვა უფრო ეფექტური ფორმებიც არსებობს. ვფიქრობ, რომ ხელისუფლებასთან მუშაობით, საკანონმდებლო ცვლილებებით მეტის მიღწევაა შესაძლებელი. ასე ხალხი ღიზიანდება და სანამ არ ეცოდინებათ, რომ ძალადობის გამო პასუხისგება მოუწევთ, დაისჯებიან, ვფიქრობ აზრი არც აქვს გამოსვლას.

ხელისუფლება თუ კრავს ხელს თემის წევრებს, რა თქმა უნდა საზოგადოებაც კრავს. ხელისუფლებამ უნდა თქვას, რომ მზად არის ჩვენს დასაცავად, არ დაუშვებს ჩვენზე ძალადობას, ჩვენს წინააღმდეგ გამოსვლებს, რომ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ჩვენი დაცვა – ამის გარეშე ყოველთვის საფრთხის შემცველი იქნება ჩვენი გამოსვლები.

არ მინდა სხვას მოტივაცია წავართვა, ყველას ბრძოლის თავის გზა აქვს და ყველა ისე უნდა მოიქცეს, როგორც სწორად თვლის. ჩემთვის ამ ეტაპზე აქციები არ არის გამოხატვის საუკეთესო ფორმა.

37 წლის ვარ, მთელი ჩემი ცხოვრება აქციებზე გავატარე, რაღაცეები შეიცვალა ამ აქციებით, თუნდაც ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე საზოგადოებაც და სამართალდამცველებიც ახლა სხვანაირად რეაგირებენ, ვიდრე წლების წინ. ლგბტქ თემის წევრების მდგომარეობა და მათ მიმართ დამოკიდებულება არ მგონია იმის თქმით შეიცვალოს, რომ ისეთები უნდა მიგვიღონ, როგორებიც ვართ.

არ ვიცი, შეიძლება დემონსტრაციებზე უფრო ეფექტური ის იყოს, რომ ავუხსნან ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ახლობლებს, რომ ჩვენ ვართ ის “განსხვავებული ორიენტაციის” ხალხი, ვინც არ უყვართ, ვისიც ეშინიათ, ვისი განადგურებაც უნდათ და ჩვენ არც ვიმსახურებთ მათგან ასეთ დამოკიდებულებას.

მნიშვნელოვანი ცვლილებები უცბად არ ხდება, ჩვენ თუ ვამბობთ, რომ ისეთები უნდა მიგვიღონ, როგორებიც ვართ, ჩვენც უნდა მივიღოთ საზოგადოება ისეთი, როგორიც არის – მათი შიშებით და აგრესიით, ცოდნის ნაკლებობით და დამახინჯებული ინფორმაციით. ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ – შეიძლება გრძელი გზის გავლამ მოგვიწიოს აღიარებამდე, მაგრამ შეუძლებელი არაფერია.

მონიკა

17 მაისი თან სიამაყის დღეა და თან სევდის. დღე, როცა შეგვეძლო ამაყად გვევლო, გვეჩვენებინა ხალხისთვის ვინ ვართ, როგორები ვართ, რა გვინდა, წაგვართვეს და არ შეგვარგეს. მე არ მესმის, რაში სჭირდება ეს დღე საპატრიარქოს ოჯახის სიწმინდის აღსანიშნავად – ამით მხოლოდ ის გვაჩვენეს, რომ უფრო მაგრები არიან, უფრო მეტი მხარდაჭერი ჰყავთ და ყოველთვის, როცა მოინდომებენ, ისარგებლებენ იმ პრივილეგიებით, რასაც სახელმწიფო აძლევს.

არა მხოლოდ საზოგადოებაში, თემშიც სულ არის სხვადასხვა მოსაზრებები იმის შესახებ, გვჭირდება თუ არა პრაიდი. ზოგს არ უნდა თავის სიცოცხლე საფრთხეში ჩააგდოს, ზოგი დაიღალა, ზოგი ამაში აზრს ვეღარ ხედავს და მე მესმის მათიც, თუმცა მეორე მხრივ ძალიან მნიშველოვანია არსებობდეს დღე, როცა შეგვეძლება ერთად გამოსვლა. ზოგს რქებიანი ადამიანები ვგონივართ, ზოგს ფრთებიანი, ზოგი ფიქრობს რომ ტრანსსექსუალობა და ჰომოსექსუალობა გადამდები დაავადებებია და ჩვენ ვისაც შევხედავთ ან შევეხებით, ისინიც გეები ან ტრანსები გახდებიან.

ზუსტად იმისთვის გვინდა გამოსვლა, რომ დაინახოს ხალხსმა, არც ფრთები გვაქვს, არც რქები, არც საშიშები ვართ და არც რაიმე პრივილეგიას ვითხოვთ – ჩვენ მხოლოდ თანასწორობა და სხვა დანარჩენებივით ცხოვრება გვინდა. ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და არა “ლგბტ-ჭღრპ” აბრევიატურა, რომელიც საშიშად და გაურკვევლად ჟღერს.

საკუთარი თავის შესწავლა და მიღება არანაკლებ მნიშვნელოვანი პროცესია. ისეც არ უნდა გამოგვივიდეს, რომ ჩვენ ყოველთვის ყველაფერი ვიცით, ყოველთვის მართლები ვართ, ყველაფერი მოგვწონს ჩვენი და საშინელ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, რომელსაც ჩვენი არ ესმის. ჩვენ თავთანაც გვაქვს კითხვები, ბრძოლები, ჩვენც ვმუშაობთ ჩვენს პლიუსებსა და მინუსებზე და ვცდილობთ განვვითარდეთ, უკეთესები ვიყოთ – ეს ჩვეულებრივი პროცესია და ალბათ ასე უნდა იყოს ყველა ადამიანი. შენს თავს როცა კარგად გაიცნობ და მიიღებ, ბევრი რამ უფრო მარტივი ხდება.

იმის მიუხედავად რომ კუს ნაბიჯებით მივდივართ, ბოლო 10 წელიწადში მაინც მნიშვნელოვნად შეიცვალა ვითარება სწორედ საჯაროდ გამოსვლებით, პირდაპირ შეხვედრებით, ლექციებით, საუბრებით.

მე ახლა საქართველოში აღარ ვცხოვრობ, მაგრამ სანამ ვცხოვრობდი, წლების განმავლობაში ვიტანჯებოდი მუცმივი დაუცველობის შეგრძნებით – სულ მზად ვიყავი რომ თავს დამესხმებოდნენ. წლების განმავლობაში მეძინა ბალიშის ქვეშ ამოდებული დანით, რომ თუკი ვინმე შემოიჭრებოდა ჩემთან სახლში ჩემს მოსაკლავად, თავი დამეცვა, თუ ვინმე მომკლავდა, წინააღმდეგობის გარეშე არ მოვეკალი.

საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილებაც საბოლოოდ მაგის გამო მივიღე, რომ შემძლებოდა ღირსეულად ცხოვრება და საკუთარ განათლებაზე, საკუთარ განვითარებაზე მშვიდად ზრუნვა, ვყოფილიყავი საზოგადოების ნორმალური წევრი.

ყველას, ვინც ახლა არის მარტო, გაურკვევლობაში ან შესაძლოა მოსალოდნელი საფრთხის შეგრძნებით იტანჯება, მოვუწოდებ არ გაჩუმდნენ, მიმართონ სათემო ორგანიზაციებს, სოციალურ მუშაკებს და მოითხოვენ საკუთარი თავის დაცვა.

თუკი ვინმე ჯერაც თვითგამორკვევის პროცესშია, ვამხნევებ აქედან და მინდა არ ეშინოდეთ – ესეც ჩვეულებრივი პროცესია, ჩვენ თავთან კითხვის ნიშნები სულ გვაქვს და გვექნება, მაგრამ უნდა შევძლოთ, ვიყოთ ბედნიერები. მთავარია არ დავყაროთ ფარ-ხმალი, ავწიოთ თავები და ვიყოთ ბედნიერები, ჩვენ ამას ვიმსახურებთ.

ყველას გვეშინოდა როცა გარეთ გამოვდიოდით ან ჩვენს სექსუალობაზე ვლაპარაკობდით, ვფიქრობდით, აღიარებას ვითხოვდით, მაგრამ თუ შენ არ დაიცავ შენ თავს, შენ არ მიიღებ საკუთარ თავს ისეთს, როგორიც ხარ და არ იზრუნებ შენს ბედნიერებაზე – შენს მაგივრად სხვა ამას ვერ გააკეთებს. ჩვენი აღზრდის სისტემის ნაწილი არ არის საკუთარი თავის სიყვარულის და პატივისცემის სწავლება ბავშვებისთვის, ჩვენი მშობლებიც ამ ცოდნის გარეშე გაიზარდნენ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ განვვითარდეთ და არ შევიყვაროთ ჩვენი თავები ისეთი, როგორიც ვართ.

ტონი

17 მაისი ჩემთვის ზეიმია, ქვიარების საერთო დაბადების დღე და თან დიდ ტკივილთან და სევდასთან ასოცირდება ეს დღე იმის გამო, რომ საქართველოში არ გვეძლევა ზეიმის საშუალება. არ გვაცდიან და არ გვაძლევენ უფლებას რომ თუნდაც წელიწადის ერთ დღეს ვიყოთ ის, ვინც ვართ.

2012 წლიდან გვქონდა მცდელობა გამოვსულიყავით და გველაპარაკა ჩვენს უფლებებზე, გაგვეზარდა ხილვადობა და მიმღებლობა, მაგრამ ჰომოფობიური ფონი არ გვაძლევს ამის საშუალებას, ჯერ ისევ არ გამოგვდის ღირსეულად და ბედნიერად ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში.

ჩვენ გვეუბნებიან რომ უნდა შევიზღუდოთ, გამოვიყურებოდეთ და ვიქცეოდეთ ისე, როგორც საზოგადოებას უნდა. რა თქმა უნდა, არსებობენ თამამი და გაბედული ადამიანები, რომლებიც დღეს თავისუფლად გადაადგილდებიან იმ გარეგნობით, რომელიც მას უნდა, მაგრამ რის ფასად: რამდენი ტანჯვა, ბულინგი, ნერვიულობა, დევნა, კიბერთავდასხმები ახლავს თან ასე ცხოვრებას.

ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს 17 მაისს შემიძლია თუ არა გარეთ გამოსვლა, ჩემთვის მნიშვნელოვანია ყოველ დღე შემეძლოს მშვიდად და უსაფრთხოდ გარეთ გასვლა ისე, როგორც მე მინდა. სახელმწიფო არათუ პრევენციულ ღონისძიებებს არ ატარებს ჩვენს დასაცავად, ანტიდიკრიმანიულ კანონსაც კი არ ასრულებს. ისე გამოდის, თითქოს ამ კანონს არანაირი ღირებულება და ძალა არ აქვს.

რომელ გამოსვლაზეა ლაპარაკი, როცა მე შემიძლია მხოლოდ როგორც ცხოველი ისე გავიდე პოლიციის კორდონებს შორის, ეგზოტიკური არსებასავით დავდგე კამერების წინ, ვითომ რაღაც გავაპროტესტო და ისევ კორდონის გამოვლით დავბრუნდე უკან – არ მინდა ვიყო შიმპანზე გისოსებში, რომელსაც მარშუტკებით და ყვითელი ავტობუსებით გაარიდებენ საფრთხეს რაღაც ექსპონატივით. ამ კორდონების გარეშე უნდა შემეძლოს ღირსეული სიცოცხლის უფლების დაცვა.

იმ ქვიარ ადამიანებს, ვისაც ჯერ არ უპოვიათ მხარდამჭერები და მარტო არიან, მინდა ვუთხრა, რომ არაფრის შეეშინდეთ და შერცხვეთ, არ დაიმალონ. იატაკქვეშეთში ცხოვრება შეიძლება კომფორტული ეჩვენოთ, მაგრამ ეს დროებითია – ერთ დღესაც მოვა დრო, როცა იპოვიან მხარდამჭერებს, ვინც იბრძოლებს მათთვის და მათთან ერთად უფლებებისთვის. ჰომოფობია და ტრანსფობია, როგორც პანდემია, ახლა კი გვაქვს, მაგრამ ერთ დღესაც დასრულდება.

ამას ისე არ ვამბობ, თავის გასამხნევებლად. რომ შევადაროთ რა შეიცვალა 2012 წლიდან ამ დრომდე, როცა ტაბურეტით დაგვდევნენ მოსაკლავად და თმა გადამიწვეს თავზე, მივხვდებით, რომ ცვლილებები მაინც ხდება. დღეს საყურით და ფერადი ტანსაცმლით თავისუფლად შემიძლია გარეთ გასვლა ჩემს მეგობრებთან ერთად.

მცირე ცვლილებები შეიძლება არ ჩანდეს, მაგრამ თუნდაც პოლიციელების გადამზადების ტრენინგები მნიშვნელოვანია რომ ჩატარდა და ტარდება. თუ 2012-ში პოლიციას რომ ვიძახებდი ძალადობის შემთხვევებზე, მეკითხებოდა “პიდარასტი” ვიყავი თუ “ტრანსვესტიტი”, ახლა აღარ მეკითხებიან ვარ თუ არა “სექსუალური უმცირესობის” წარმომადგენელი.

ისიც მნიშვნელოვანია, რომ დღეს ქვიარ ადამიანების შესახებ გაცილებით მეტი ინფორმაცია არსებობს ქართულ ენაზე, იქნება ეს ტექსტები თუ ვიდეო. ხარისხიანი და სანდო ინფორმაციის არსებობაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ცვლილებები იმ აქტივისტების დამსახურებაა, ვისაც არ შეეშინდა ხმის ამოღების, ორგანიზაციების, ვინც დაუღალავად მუშაობს და ყველასი, ვინც სიძულვილის ნაცვლად სიყვარულის გზა აირჩია.

ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ მშვიდად ყოფნის საშუალება გვაქვს – საქართველოში ძალიან ძლიერდებიან ნეოფაშისტური ჯგუფები, რომელთა ერთ-ერთი მიზანიც ქვიარ ადამიანების დაზიანებაა. მე ძალიან მიყვარს ცხოვრება, სიცოცხლე და მინდა, რომ სიძულვილს არც მე ვემსხვერპლო და არც მეგობრები დავკარგო. ჩვენ ვიმსახურებთ იმას, რომ ერთმანეთს როცა გავაცილებთ უკანასკნელ გზაზე, შეგვეძლოს ვთქვათ, რომ გრძელი და ღირსეული ცხოვრებით ვიცხოვრეთ და ეს ცხოვრება ამად ღირდა.