/

5 ქალი ავტორი, რომელიც ზაფხულს უფრო მრავალფეროვანს გახდის

ზაფხული საუკეთესო დროა ახალი ავტორების აღმოსაჩენად და ახალ თავგადასავლებში გასახვევად, განსაკუთრებით მაშინ, თუ შვებულების დღეებს სადმე ქალაქგარეთ, ზღვაზე ან მთაში ატარებ.

ბოლო წლებში, მსოფლიო თუ ქართულ ლიტერატურაში, სულ უფრო და უფრო მომრავლდნენ ქალი ავტორები, რომლებიც თავიანთი ხედვით კიდევ უფრო საინტერესოსა და მრავალფეროვანს ხდიან მკითხველის გამოცდილებას.

დღევანდელ სტატიაში შემოგთავაზებთ ხუთი ქალი ავტორის წიგნს, რომლებიც თავიანთი შემოქმედებით სხვადასხვა აქტუალურ თემას დიდი ოსტატობით ეხებიან და სამყაროს შეულამაზებლად აღწერენ.

ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი – ამერიკანა

ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი ნიგერიული წარმოშობის ავტორია, რომელსაც ფართო აუდიტორია TEDx Talk-ების ცნობილი გამოსვლიდან, ”ყველანი ფემინისტები უნდა ვიყოთ” (We Should All Be Feminist) იცნობს.

მწერალი ნიგერიაში დაიბადა და კანის ფერი მისთვის პრობლემას არასდროს წარმოადგენდა მანამ, სანამ ამერიკაში არ გადმოვიდა საცხოვრებლად. 2013 წელს გამოცემულ ”ამერიკანაში” ავტორი ზუსტად ამ გამოცდილებას გვიზიარებს და გვაჩვენებს, როგორია ცხოვრება არაამერიკელისთვის და არათეთრკანიანისთვის ამერიკის საოცნებო მიწაზე.

ერთი შეხედვით, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ წიგნი შორს დგას იმ პრობლემებისგან, რის წინაშეც ქართული საზოგადოება დღეს დგას, თუმცა რომანის კითხვისას, თავადაც დარწმუნდებით, რომ სინამდვილეში ადამიანები უფრო მეტად ვგავართ ერთმანეთს, ვიდრე განვსხვავდებით და მიუხედავად გეოგრაფიული სიშორისა თუ კანის ფერისა, პრობლემები, გასაჭირი და დამცირება ერთნაირად ცუდად აისახება ყველა ერზე.

ჩიმამანდა ნგოზი ადიჩის ეს წიგნი ავტორივით სავსეა სიყვარულით, იმედითა და თანაგრძნობით. ავტორი ეძებს მიზეზებს სიძულვილისა, უთანასწორობისა, გაუცხოებისა და ცდილობს, შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ და შენც, კითხვისას ხვდები, რომ ამ ცვლილებების ნაწილი ხდები.

წიგნი ქართულ ენაზე ეკატერინე მაჩიტიძემ თარგმნა.

ქეთი ნიჟარაძე – მზიანი მხარე

ჯერ კიდევ მაშინ, როცა საბჭოთა კავშირი უკანასკნელ ათწლეულს ითვლიდა და საქართველომ არაფერი იცოდა იმ შემზარავ 90-იან წლებზე, რომელიც მალე მოგვიახლოვდებოდა, თბილისში ცხოვრობდა ქალი, რომელიც წერდა ქალურ პრობლემებსა და ქალად ყოფნის სირთულეებზე კაცების მიერ მართულ სამყაროში.

ამ ქალის სახელი ქეთი ნიჟარაძეა და მას აქამდე მხოლოდ მკითხველთა ვიწრო წრე იცნობდა, სულ ახლახანს კი გამომცემლობა ”მელანის” მხარდაჭერით გამოიცა მისი ტექსტების სრული კრებული ”მზიანი მხარე”, სადაც გაერთიანდა ავტორის მცირე რომანი ”ავტოპორტრეტი”, დაუმთავრებელი რომანი ”მზიანი მხარე” და რამდენიმე მოთხრობა.

ქეთი ნიჟარაძის ტექსტები სინამდვილითა და სისადავით გამოირჩევა, მისი ტექსტები ავსებს ერთგვარ ლიტერატურულ სიცარიელეს და გვაჩვენებს, რომ უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში ქალების ყოველდღიურობა მნიშვნელოვნად არ იცვლება და მათი ბრძოლა თავისუფლებისთვის, სიყვარულისთვის და განვითარებისთვის ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

სამწუხაროდ, ამ ბრძოლას ქეთი ნიჟარაძე 2000 წელს, 45 წლის ასაკში გამოეთიშა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თუმცა დარჩა ლიტერატურული ტექსტები, რომელიც აუცილებლად იპოვის მკითხველს ახალ დროშიც და სხვა სიცოცხლეს მიანიჭებს ავტორს.

ბერნარდინ ევარისტო – გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი

2019 წელს ბუკერის საერთაშორისო პრემია ერთდროულად ორ ავტორს, ”მხევლის წიგნის” მწერალ მარგარეტ ეტვუდს და ბერნარდინ ევარისტოს გადაეცათ. ეს პირველი შემთხვევა იყო ბრიტანული ბუკერის ისტორიაში, როცა პრემია ფერადკანიანმა ქალმა მიიღო.

”გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი” პოლიფონიური რომანია, სადაც ავტორი არ კონცენტრირდება მხოლოდ ერთ პერსონაჟზე და წიგნის ფურცლებს ძალიან ბევრ პერსონაჟს და მათ ისტორიებს უთმობს. ამა, იაზი, დომინიკი, ქეროლი, ბუმი, ლა-ტიშა, შირლი, უინსომი, პენელოპე – ეს იმ გმირების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც წიგნში შეგხვდებათ. მათი პრობლემები განსხვავებულია, თუმცა საერთო ერთია, მათ ერთნაირად უჭირთ ამ სამყაროში გზის გაკვლავა თავიანთი სქესის გამო.

ბერნარდინ ევარისტოს წიგნში ყველანაირ ქალს შეხვდებით, ქალები, რომლებიც პროფესიული განვითარების მწვერვალზე იმყოფებიან, ქალები, რომლებიც შინსაქმით არიან დაკავებულები, ქალები, რომლებიც შვილებს აჩენენ, ქალები, რომლებიც უბედურ ქორწინებაში იმყოფებიან და საბოლოოდ, განცდა გიჩნდება, რომ ყველა ქალს მოუსმინე, ყველა ქალის პრობლემა შენთან ახლოს მოვიდა, თვალი მიადევნე მათ ცხოვრებას და სწორედ ეს არის ალბათ ამ წიგნის მთავარი ღირსება.

ბერნარდინ ევარისტოს წიგნი თამარ ჯაფარიძემ თარგმნა.

სალი რუნი – ჩვეულებრივი ადამიანები

ჩვენს საუკუნეში სიყვარულზე და წყვილის ურთიერთობაზე წერა განსაკუთრებით გართულდა, ერთის მხრივ, ამ თემაზე ძალიან ბევრი წიგნი დაიწერა და ძალიან რთული გზის გავლა უწევს ყველა ავტორს, რომ ბანალურობის მორევში არ გადაეშვას. მეორეს მხრივ კი, გულმხურვალე სიყვარულის ისტორიები თითქოს გარშემო აღარ ისმის.

ახალგაზრდა ირლანდიელმა ავტორმა, სალი რუნიმ ამ დავალებას ძალიან ყოჩაღად გაართვა თავი და სულ რამდენიმე წლის წინ გამოსცა წიგნი, რომელიც ერთნაირად მოქმედებს ყველა ასაკისა თუ გამოცდილების მკითხველზე. შეუძლებელია, ერთხელ მაინც გყვარებოდათ და ვერ გაუგოთ მარიანს და კონელს.

სალი რუნის ”ჩვეულებრივი ადამიანები” სხვა სიყვარულზე დაწერილ წიგნებისგან იმით განსხვავდება, რომ წიგნის გმირები თანამედროვე სამყაროს მილენიალი შვილები არიან, რომლებიც გვიზიარებენ თავიანთ წინააღმდეგობით, ვნებით, ტკივილით და სიყვარულით სავსე ისტორიას.

წიგნი გურამ ღონღაძემ თარგმნა.

როზა ლიქსომი – კუპე N6

როზა ლიქსომი ფინელი ავტორია, რომელსაც რამდენიმე რომანი ეკუთვნის. ქართულად მისი წიგნებიდან მხოლოდ კუპე N6 ითარგმნა და გვიყვება ფინელი გოგონას მოგზაურობას მატარებლით რუსეთის მიტოვებულ სოფლებსა და ქალაქებში.

გოგონას მარტო მგზავრობა არ უწევს, მის კუპეში შუახნის რუსი მამაკაცი აღმოჩნდება დამახინჯებული მსოფლმხედველობით და გოგონა იძულებული ხდება, მთელი გზა უსმინოს კაცს.

რომანი განსაკუთრებით საინტერესოა დღეს, როცა ჩვენი მოქალაქეები ევროკავშირის დროშას წვავენ და რუსეთისკენ მიმავალ გზას უფრო იმედიანად შეჰყურებენ. ამ წიგნში კარგად ჩანს, როგორია რუსეთი დღეს, საბჭოთა კავშირის ნგრევის მერე, სწორედ კუპე N6-დან მოჩანს გავერანებული ქალაქები და ადიდებული მდინარეები, რომელიც ასე კარგად ასახავს რუსეთის თანამედროვე სახეს.

წიგნის მიხედვით 2021 წელს ფილმიც გამოვიდა, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ კანის კინოფესტივალზე სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.

წიგნი ფინურიდან თარგმნა დიმიტრი გოგოლაშვილმა.

წინა

ასეთ სიძულვილსა და ზიზღს ამ ქვეყნის უმრავლესობა არ ატარებს – ანა სუბელიანი

შემდეგი

10 ქვიარ ილუსტრატორი ინსტაგრამზე

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების