თამუნა გეგიძე
ფოტო: On.ge
/

პარლამენტიდან On.ge-ის რედაქტორი, ნეტგაზეთის ჟურნალისტი და ფორმულას ფოტოგრაფი ძალის გამოყენებით გაიყვანეს

პარლამენტის ეზოდან On.ge-ის რედაქტორი, ნეტგაზეთის ჟურნალისტი და ფორმულას ფოტოგრაფი პროფესიული მოვალეობის დროს ძალის გამოყენებით გაიყვანეს. როგორც On.ge-ის რედაქტორი, თამუნა გეგიძე ქვიართან ამბობს, კოლეგებთან ერთად, გადაწყვიტა, პარლამენტის ეზოდან გადაეღო შენობის გარეთ მიმდინარე აქცია და ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად მივიდნენ.

“ვიყავი პარლამენტის ეზოში და გადავწყვიტე, გადამეღო პარლამენტის გვერდითა შესასვლელები, საიდანაც ისმოდა აქციის მონაწილეების შეძახილები. დაუბრკოლებლად და უპრობლემოდ მივედი, გადავიღე და გამოვაქვეყნე. ამის შემდეგ ჩემთან ერთად მყოფმა ფორმულას ფოტოგრაფმა შენიშნა, რომ დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი, სავარაუდოდ, გვიღებდა ფოტოს ან ვიდეოს. ვიკითხეთ, რატომ გვიღებდა, რის შემდეგად, დაცვის სხვა თანამშრომელი მოვიდა და მოგვთხოვა ტერიტორიის დატოვება. ვკითხეთ მიზეზი, მაგრამ არგუმენტი ვერ წარმოგვიდგინეს. შემდეგ გადავინაცვლეთ მოპირდაპირე მხარეს, სადაც ასევე დაუბრკოლებლად მივედით, გადავიღეთ და ამ დროს დაცვის კიდევ ერთმა თანამშრომელმა გვითხრა, რომ დაგვეტოვებინა ტერიტორია. ვუთხარი, რომ ფორმულას ფოტოგრაფი ჯერ კიდევ იღებდა ფოტოს და შემდეგ გავიდოდით. ჩვენთან ერთად იმყოფებოდა ნეტგაზეთის ჟურნალისტიც. როგორც კი ფოტოგრაფმა ფოტო გადაიღო, გამოვედით და შეგვხვდა რამდენიმე პირი, რომლებმაც გვკითხეს, ვინ ვიყავით, ასევე, მოითხოვეს საშვები. ფორმულას ფოტოგრაფმა აუხსნა, რომ ქურთუკი დატოვა შენობაში და იქ ჰქონდა საშვი. შემდეგ მომთხოვეს მე. ვაჩვენე საშვიც და პიადობის მოწმობაც, რაზეც მითხრეს, რომ ეს იყო დროებითი საშვი და ტერიტორია უნდა დამეტოვებინა”, — ამბობს თამუნა გეგიძე.

მისივე თქმით, დაცვის სამსახურს აუხსნა, რომ პარლამენტის გრძელვადიანი აკრედიტაციები ახალდამზადებულია და დღესვე უნდა გამოეტანა, თუმცა პარლამენტში მუშაობის გამო ვერ მოახერხა და ერთჯერადი საშვიც, რომლითაც იმჟამად სარგებლობდა, პრესსამსახურის მიერ სამუშაოდაა გაცემული. ამის შემდეგ მას უთხრეს, რომ საკითხს გაარკვევდნენ, თუმცა რამდენიმე წამში ძალის გამოყენებით ტერიტორია დაატოვებინეს.

“მოვუწოდე, მეც მომესმინა, რასაც ეტყოდნენ, რადგან მცოდნოდა, რომ ტყუილად არ გამიშვებდნენ ტერიტორიიდან, ასევე, გავიმეორე, რომ გასვლას არ ვაპირებდი. გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, არვისთან არ დაურეკავს, ეს ჩანს კიდეც ვიდეოში, გვერდით მდგომ პირს გადაულაპარაკა, მობრუნდა და ძალის გამოყენებით გამომაგდო პარლამენტიდან. ერთი პირი, რომელიც მას ახლდა, ქურთუკზე მექაჩებოდა და იქ, პარლამენტის გასასვლელთან კიბეებია, რომელზეც პირდაპირ გადამაგდეს. აღმოვჩნდი ხალხის მასაში, სადაც პოლიციელებმა ხელი მკრეს. პოლიციას არაერთხელ მივმართე, მოვუწოდებდი, რომ ჰქონოდათ რეაგირება, ხელს მიშლიან და მაქვს საშვი, მაგრამ რეაგირება არ ჰქონიათ”, — ამბობს თამუნა გეგიძე.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, ჟურნალისტებს პარლამენტის ეზო ძალის გამოყენებით სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენელმა, თორნიკე ჯანელიძემ დაატოვებინა.

პარლამენტიდან ჟურნალისტების ძალის გამოყენებით გაყვანაზე განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ. ქარტია გმობს პარლამენტის მხრიდან მედიის წარმომადგენლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას და აღნიშნავს, რომ ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (154-ე მუხლი) დარღვევა და დანაშაულია.

“დაუშვებელია მედიის მიმართ მსგავსი ფორმით მოპყრობა. დღეს საკანონმდებლო ორგანო განიხილავდა რუსულ კანონს “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ და კომიტეტის სხდომა ხმაურით მიმდინარეობდა. აღნიშნული კანონპროექტის მიზანი საზოგადოებაში კრიტიკული ხმის ჩახშობაა. დღესვე, პარლამენტთან იმართება საპროტესტო აქცია. შესაბამისად, მედიის ინტერესი ბუნებრივია. ხელისუფლებას უნდა ახსოვდეს, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში მედიის თავისუფლება მნიშვნელოვანია და საპარლამენტო საქმიანობის ხელმისაწვდომობა საზოგადოებისთვის აუცილებელია.

აღსანიშნავია ისიც, რომ უკვე სისტემატური ხასიათი მიეცა ჟურნალისტებისთვის პარლამენტში დაშვების შეზღუდვას.

ქარტია მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს, დაავალოს შესაბამის სამსახურებს, შეისწავლონ დაცვის სამსახურის ქმედებები და მოახდინოს მკაცრი რეაგირება. ქარტია ასევე მოუწოდებს პარლამენტს, უზრუნველყოს მედიის წარმომადგენლების დაუბრკოლებელი მუშაობა საკანონმდებლო ორგანოში, რათა ჟურნალისტებმა მოახერხონ საზოგადოების დროული და სრული ინფორმირება”, — წერია ეთიკის ქარტიის განცხადებაში.

დღესვე, პარლამენტთან, თავდაცვისა და საგარეო ურთიერთობების კომიტეტების მიერ რუსული კანონის განხილვის შემდეგ მიმდინარე აქციაზე პუბლიკის დირექტორი, ზურა ვარდიაშვილი და ტაბულას ჟურნალისტი, ბექა ჯიქურაშვილი დააკავეს. დაკავებულია აქციის მონაწილე სხვა რამდენიმე ადამიანიც, რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.

პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტებზე რუსული კანონი განიხილეს და მხარი დაუჭირეს. კომიტეტების შემდეგ კანონპროექტი პლენარულ სხდომაზე უნდა განიხილონ. ქართული ოცნება აცხადებს, რომ კანონის ორივე ვერსიას პირველი მოსმენით მხარს დაუჭერს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნის. კანონის მისაღებად საჭიროა სამი მოსმენა. განხილვის პარალელურად პარლამენტთან ჟურნალისტებისა და მედიის აქცია მიმდინარეობდა, საღამოს კი ოპოზიციის აქცია დაიწყო.


ანტიდასავლურმა მოძრაობამ პარლამენტში რუსული კანონის ორი ვერსია წარადგინა. ორივე ითვალისწინებს “უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციას იმ შემთხვევაში, როცა დაფინანსების წყარო საერთაშორისო ორგანიზაციებია. წინააღმდეგ შემთხვევაში, გათვალისწინებულია ჯარიმა, ახალ ვერსიაში კი არის პატიმრობის შესახებ ჩანაწერიც. შედეგად, საფრთხე ექმნება თავისუფალ მედიას, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას და უამრავ სერვისს, რომელსაც მოსახლეობა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დახმარებით იღებს, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურული სერვისები და სხვა.

ქართული ოცნება აპირებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭიროს ორივე კანონპროექტს და შემდეგ ვენეციის კომისიას გადაუგზავნოს განსახილველად. შესაბამისად, ანტიდასავლური მოძრაობის მიერ პარლამენტში უკვე რეგისტრირებულ რუსულ კანონპროექტებს მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩვენი მუშაობის შეზღუდვის მცდელობად მივიჩნევთ. ჩვენ გავავრცელეთ ერთობლივი განცხადებაც და აღვნიშნეთ, რომ კანონპროექტი მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. გარდა ამისა, დამატებით განცხადება გავრცელდა მედიის მხრიდან. ხელმომწერი მედიაორგანიზაციები ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ “აგენტებად” რეგისტრაციას, რეგისტრაციას, რადგან კანონის მიზანია, მედიამ და საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა ვეღარ ასახონ ქვეყანაში არსებული კორუფცია, უსამართლობა და სიღარიბე.

მსგავსი კანონი რუსეთში 2012 წელს მიიღეს. ბოლო დეკადამ ცხადყო, რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა, “გამჭვირვალობის” მიზეზით მიღებული კანონის მეშვეობით, მედიისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკული ხმა სრულიად ჩაახშო.

წინა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე პუბლიკის დირექტორი და ტაბულას ჟურნალისტი დააკავეს

შემდეგი

პუბლიკის დირექტორი და ტაბულას ჟურნალისტი გაათავისუფლეს

ბოლო სიახლეები

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი

დააკავეს კაცი, რომელმაც 200-მდე ქალს 5000-მდე ფოტო და ვიდეო მოტყუებით და ფარულად გადაუღო

FacebookTweetLinkedInEmail სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ცნობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისა და სექსუალური ხასიათის ქმედების იძულების ფაქტზე 43

ამარი – ტრანსგენდერი მომღერალი ძლიერი ხმით და საინტერესო ისტორიით

FacebookTweetLinkedInEmail ამარი American Idol-ის მონაწილეა, რომელმაც უამრავი მსმენელი მოხიბლა მსოფლიოს მასშტაბით. 28 წლის მომღერალი წარმოშობით ამერიკელია,

წიგნის “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში” პრეზენტაცია ჩაიშალა

FacebookTweetLinkedInEmail 6 მარტს დაგეგმილი წიგნის პრეზენტაცია “ცისფერი – ქვიარ ამბავი ქართულ ხელოვნებაში”  ჩაიშალა. კრებული ქართველი მხატვრების