დღეს, 16 მაისს თბილისში რუსეთთან ფრენების აღდგენის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია გაიმართება. აქციის სახელწოდებაა “რუსული ხომალდით ევროკავშირში ვერ შევალთ”.
აქცია 19:00 საათზე, პარლამენტის უკან გაიმართება.
“მაშინ, როცა საქართველოს 20% ოკუპირებულია და ქართველი მეომრები უკრაინაში რუსულ ხომალდებს ებრძვიან, საქართველოს მთავრობა მწვანე შუქს უნთებს პირდაპირ ფრენებს რუსეთთან.
ეს ქმედება არის ამორალური, არაპრინციპული და უპატივცემულო ქართველი გმირების მიმართ და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მტკიცე ნებას, გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი.
ამ გადაწყვეტილების გასაპროტესტებლად, ვიკრიბებით 16 მაისს, 19 საათზე პარლამენტის უკან, რათა დავანახოთ ხელისუფლებას, რომ ქართველი ხალხი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ჩვენს ქვეყანაში რუსული ხომალდის დაჯდომას”, – ნათქვამია განცხადებაში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა კომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვა მოუხსნა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ კომპანია Азимут-მ ფრენის ნებართვა უკვე მიანიჭა, ფრენებს იწყებს ქართული Georgian Airways-იც.