რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანებული უკრაინელი ქვიარები და თემის ერთობა საზღვრებს მიღმა — ინტერვიუ ლენი ემსონთან

KyivPride-ის დირექტორი ლენი ემსონი ერთ-ერთია იმ მრავალ ლგბტქი თემის წევრსა და აქტივისტს შორის, რომლებიც უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დღიდან, ლგბტქი ადამიანების დახმარებას ცდილობენ და ყველაფერს აკეთებენ ქვეყნის რუსული აგრესიისგან დასაცავად. ლენი ემსონი ომის გამო შეცვლილ დღის წესრიგზე, ლგბტქი უკრაინელების საჭიროებებზე, ომის დღეებში ქვიარების ერთიანობაზე და იმ ორმაგ ფრონტზე გვესაუბრა, რომლის წინაშეც ლგბტქი ადამიანები არიან — ქვეყნის შიგნით არსებული ჰომოფობიური ჯგუფები და რუსული ძალმომრეობა.

KyivPride ომამდე და რუსეთის თავდასხმის შემდეგ შეცვლილი დღისწესრიგი

კიევის ღირსების მარში ლგბტქი უფლებების მხარდასაჭერად

რუსეთის თავდასხმისთანავე მივხვდით, რომ ყველა ჩვეული აქტივობა უნდა გადაგვეფასებინა და ამასთან, გაგვეგრძელებინა თემის მხარდაჭერა, სრული დატვირთვით გვეფიქრა თემის წევრების საჭიროებებზე. Პირველი, რაც გავაკეთეთ, პირდაპირი დახმარების გზების ძიება იყო, იქნებოდა ეს დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა, საკვებზე ხელმისაწვდომობა თუ მედიკამენტებით მომარაგება, — ლენი ემსონი.

კიევპრაიდი უფლებადაცვითი ორგანიზაციაა და ამიტომ თემს, მოძრაობასა და ხელისუფლებას შორის კონტაქტის დამყარებას ვუწყობთ ხელს. Ასევე, ხელს ვუწყობთ სამართლებრივი დღის წესრიგის შეცვლას, ინფორმაციის კამპანიურ ფორმატში გაზიარებას და ქვეყანაში ადვოკატირების ყველაზე დიდ ღონისძიებას — ღირსების მარშს ვატარებთ დედაქალაქში. რუსეთის თავდასხმისთანავე მივხვდით, რომ ყველა ჩვეული აქტივობა უნდა გადაგვეფასებინა და ამასთან, გაგვეგრძელებინა თემის მხარდაჭერა, სრული დატვირთვით გვეფიქრა თემის წევრების საჭიროებებზე. Პირველი, რაც გავაკეთეთ, პირდაპირი დახმარების გზების ძიება იყო, იქნებოდა ეს დროებითი საცხოვრისით უზრუნველყოფა, საკვებზე ხელმისაწვდომობა თუ მედიკამენტებით მომარაგება. პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად თემის წევრების საკვებით მომარაგება დავიწყეთ და ადამიანების თავშესაფრით უზრუნველყოფა გადავწყვიტეთ, თავდაპირველად დედაქალაქში არსებულ იმ შენობაში, რომელიც უკვე გვქონდა, შემდეგ უფრო შესაფერისი და უსაფრთხო დაწესებულებაც მოვნახეთ, თუმცა მცირე სივრცეა, ამიტომ ახლა უფრო დიდი შენობის ძიების პროცესში ვართ. ვფიქრობთ, რომ საკუთარი საცხოვრისის დატოვება კიდევ უფრო მეტ ადამიანს მოუწევს. ხალხი აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან უფრო უსაფრთხო ადგილს ეძებს, რადგან რუსეთი ამ რეგიონებს ყველაზე მძლავრად უტევს, რის გამოც ადამიანებს საცხოვრებლის დატოვება უწევთ და ამას მომზადებულები უნდა დავხვდეთ. ამასთან, ბრუნდებიან ის ადამიანები, რომლებმაც უკრაინის დასავლეთს და ევროპას შეაფარეს თავი, ამიტომ პირდაპირი დახმარება მუდმივად საჭიროა. სოციალურ ქსელებში ვაქტიურობთ, ვცდილობთ, ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ და როგორც მსოფლიოს, ისე უკრაინას გავაგებინოთ, როგორია ლგბტქი უკრაინელების მდგომარეობა ომის დროს. ამასთან, გვინდა ხალხს გავაგებინოთ, რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს თემი ომის დღეებში, როგორ ვიბრძვით უკრაინისთვის. ახლახან ლესბოსელთა ხილვადობის დღე იყო და არაერთი ლესბოსელი სამხედროს ისტორია გავავრცელეთ, რომლებიც სამშობლოს დასაცავად იბრძვიან. 

ნარატივები, რომლებიც საერთაშორისო მედიით ვრცელდება და ლგბტქი თემი, რომელიც უკრაინის დასახმარებლად იბრძვის

ვერ ავუდივართ მოხალისეების მსურველთა შეტყობინებებს, რომლებიც გვწერენ, რომ უკრაინის სხვადასხვა ქალაქში არიან და დახმარებას გვთავაზობენ, უნდათ, რაიმე ფორმით ჩაერთონ თემის, ზოგადად ქვეყნის დახმარების საქმეში, — ლენი ემსონი.

საერთაშორისო მედია აკეთებს განსაკუთრებით დიდ აქცენტს ლგბტქი ადამიანების მიერ ქვეყნის დატოვებაზე, რასაც მხარს ვუჭერთ – თუ ადამიანებს უნდათ, რომ უსაფრთხოდ იგრძნონ თავი და ქვეყანას ტოვებენ, ვეხმარებით ამ პროცესში, საევაკუაციო გზების გამარტივებას ვცდილობთ და ისეთ თავშესაფრებთან ვაკავშირებთ, რომლებიც ლგბტქი ადამიანებისთვის უსაფრთხოა. თუმცა არავინ საუბრობს, რომ როცა საზღვრიდან ვბრუნდებით, თან გვახლავს უამრავი თემის წევრი, რომელიც უკრაინაში ბრუნდება და ქვეყნის დასახმარებლად ერთიანდება. თემის უდიდესი ნაწილი უკრაინაშია და ქვეყნის გამარჯვებისთვის ყველაფერს აკეთებს. ვერ ავუდივართ მოხალისეების მსურველთა შეტყობინებებს, რომლებიც გვწერენ, რომ უკრაინის სხვადასხვა ქალაქში არიან და დახმარებას გვთავაზობენ, უნდათ, რაიმე ფორმით ჩაერთონ თემის, ზოგადად ქვეყნის დახმარების საქმეში. თემის არაერთი წევრი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზეა, რაც განსაკუთრებით სადარდებელია, ეს მათთვის ძალიან საშიშია. ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსული მხარე აქტივისტების, უფლებადამცველების სიებს აწარმოებდა, ამიტომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ თემის წევრებს შესაძლოა წამება ელოდეთ, ისინი პირველი სამიზნე არიან. ქვეყნის სხვადასხვა წერტილში არსებულ ორგანიზაციებს ერთმანეთთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს, რათა ქვეყანაში მყოფ თემის წევრებს მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინოთ, დავეხმაროთ გოგოებს, ბიჭებს თუ არაბინარულ სამხედროებს. კონტაქტი შევინარჩუნოთ თემის წევრებთან, რომელთაც ემოციური მხარდაჭერა სჭირდებათ, საკვებით და მედიკამენტებით მოვამარაგოთ ადამიანები, რომლებიც ომმა ყოველგვარი რესურსის გარეშე დატოვა. ამასთან, ვცდილობთ, მხნეობა შევინარჩუნოთ და ამაში ადამიანებსაც დავეხმაროთ, რათა ქვეყანაც უკეთესობისკენ წავიყვანოთ.

ჰომოფობიური ჯგუფები, რომლებმაც ომის დღეები ლგბტქი თემზე თავდასხმისთვის გამოიყენეს

It's Even Worse Than Before': How The 'Revolution Of Dignity' Failed LGBT Ukrainians
ანტი-ლგბტქი პროტესტის მონაწილეები ლგბტქი დროშას წვავენ — ფოტო 2017 წლის კიევის ღირსების მარშიდან. Reuters

ფრონტის ორმაგი ხაზის პირისპირ ვართ — ერთ მხარეს რუსული ძალა დგას, რომელიც ჩვენს ქალაქებს ანადგურებს და მეორე მხარეს, ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები, რომლებიც თემის წევრებზე ნადირობენ, — ლენი ემსონი.

ჰომოფობიურად და ტრანსფობიურად განწყობილი ჯგუფები ომამდეც იყვნენ ქვეყანაში და ეს ადამიანები ომის დაწყების შემდეგ უბრალოდ ხომ არ გამქრალან, ისინი კვლავ ჩვენ გვერდით არიან და მათ ნაწილს ომმა ძალაუფლებაც კი აგრძნობინა, ზოგიერთი სასაზღვრო დაცვის დანაყოფებს შეუერთდა და ჰომოფობიურ თავდასხმებსაც კვლავ აგრძელებს. არაერთმა ამბავმა მოაღწია ჩვენამდე, რომლებშიც საუბარია დამამცირებელ მოპყრობაზე, დისკრიმინაციაზე, წამების შემთხვევებზე. ეს უბრალოდ ასე ხდება – არმიაში უამრავი ადამიანი გაწევრიანდა, მათ შორის, აგრესიული, ჰომოფობიურად განწყობილი მოქალაქეები, რომლებიც აჩერებენ ადამიანებს, ამოწმებენ მათ ტელეფონებს. ასეთი სამწუხარო ამბავი თემის წევრ ბიჭს გადახდა, რომლის ტელეფონშიც შეყვარებულ ბიჭთან ერთად გადაღებული ფოტო იპოვეს და მისი დამცირება, დაცინვა, მისი მისამართით შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენება დაიწყეს. იყო კიდევ ერთი შემთხვევა, როცა ორი გეი ბიჭი 6 საათით გამოკეტეს სარდაფში სამხედრო დანაყოფის წევრებმა და სცემეს, აწამეს. ომმა თემის წევრებისთვის საშიში რეალობა შექმნა, რომლის დროსაც ის თემის წევრები, რომლებიც სოციალურად მიღებულ გენდერულ გამოხატვასთან შესაბამისობაში არ არიან, იმ აგრესიული ჯგუფების სამიზნეები ხდებიან, რომელთაც ძალაუფლება იგრძნეს. რატომღაც ამ მძიმე დროს ისევ ჩვენზე თავდასხმისთის იყენებენ, ამიტომ ფრონტის ორმაგი ხაზის პირისპირ ვართ — ერთ მხარეს რუსული ძალა დგას, რომელიც ჩვენს ქალაქებს ანადგურებს და მეორე მხარეს, ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფები, რომლებიც თემის წევრებზე ნადირობენ.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფი თემის წევრების წინაშე არსებული საშიში რეალობა

სამწუხაროდ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსები ჰუმანიტარული დერეფნების მუშაობას ხელს უშლიან, რაც მედიკამენტების, პირველადი საჭიროების ნივთების მიწოდებას აფერხებს და ეს განსაკუთრებით იმ ადამიანებზე აისახება, ვინც ამ დროს განსაკუთრებით მოწყვლადია. იმ ადამიანებს, რომელთაც ქრონიკული ჯანმრთელობის პრობლემა აქვთ, აივ-მედიკამენტები, ჰორმონების მიღება სჭირდებათ ან პრეპით უზრუნველყოფა, თავდასხმისას ყველაზე მეტად ზარალდებიან. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხშირად ვაწყდებით ამ პრობლემას, მაგრამ უკრაინული მხარის კონტროლირებად ტერიტორიებზე უფლებადაცვითი ორგანიზაციები გამართულად მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ, რომ ადამიანები მკურნალობის მიღმა არ დარჩნენ. თემის წევრებმა შეძლეს, რომ შეექმნათ ერთგვარი ხიდი, რომლის მეშვეობითაც აუცილებელი მედიკამენტები ქვეყანაში შემოვიდოდა და შემდეგ მისი ქვეყნის მასშტაბით მიწოდება გახდება შესაძლებელი. ეს ერთგვარი ქსელია, რომელიც თემის წევრების საჭიროებების ეფექტურად და სწრაფად დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად.

აქტივიზმი ომის დღეებში და გამკლავების მექანიზმები

KyivPride / Facebook

ჩემთვისაც და ჩემი კოლეგებისთვისაც ასეთია გამკლავების გზა — მუდმივი მოხალისეობა, ხალხთან კავშირი, ემოციების გაზიარება,  — ლენი ემსონი.

ახლა ჩემს სახეზე ღიმილს ხედავთ, მაგრამ იმ დროს როცა კიევის რეგიონი ოკუპირებული იყო და ირპენში და ბუჩაში შემზარავი ამბები ხდებოდა, გამკლავებას ვეღარ ვახერხებდი. პირადად ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გამკლავების გზა აქტიურად მუშაობა და თემის წევრებთან მუდმივი კომუნიკაციაა. როცა დაკავებული ხარ, დასახმარებლად ყველაფერს აკეთებ, გრძნობ, რომ გაცემული ენერგია უკან გიბრუნდება. ეს შეგრძნება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძალას გაძლევს, განაგრძო შრომა. გეხმარება, რომ არ ჩაიძირო, წყლის ზედაპირზე დარჩე. ამიტომ, გამკლავების გზა ისევ და ისევ საქმიანობაა, სხვების დახმარებაა. ვიცი, რომ ჩემთვისაც და ჩემი კოლეგებისთვისაც ასეთია გამკლავების გზა — მუდმივი მოხალისეობა, ხალხთან კავშირი, ემოციების გაზიარება. 

ლგბტქი თემის საჭიროებები და გზები, რომლითაც უკრაინის დახმარება შეგიძლიათ

ახლა თემის წევრების მთავარი საჭიროება დაცულობა და უსაფრთხოებაა, ამიტომ სხვადასხვა გზით ვცდილობთ ამ პროცესში ჩართვას, ვცდილობთ, ერთგვარი შემაკავშირებელი რგოლიც ვიყოთ და პირდაპირი დახმარებაც გავუწიოთ ადამიანებს, რათა დაცულ ადგილამდე მიღწევა შეძლონ, რაც ისეთ საცხოვრისს მოიაზრებს, სადაც თვითგამოხატვა თავისუფლად შეეძლებათ და არ განსჯიან, პატივისცემით მოეპყრობიან. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საჭიროება საკვებით, ასევე ფინანსური უზრუნველყოფაა. ომში ვართ, უამრავი კომპანია დაიხურა და ადამიანები სამსახურების გარეშე დარჩნენ, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აუცილებელი საჭიროებებით ადამიანების მომარაგება შევძლოთ. საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის, ქართველებს ამ მიმართულებით დახმარება შეუძლიათ და ასევე ინფორმაციის გავრცელებაში მხარდაჭრა, თუნდაც სოციალურ ქსელებში რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლა შეიძლება იყო დახმარების გზა. გამოგვიწერეთ, მოიწონეთ ჩვენი გვერდი სოციალურ ქსელებში და გაავრცელეთ ინფორმაცია, რომელსაც რეგულარულად ვაქვეყნებთ, აუცილებელია, რომ მეტი უკრაინულენოვანი მასალა და ნაკლები რუსული ნარატივი გავრცელდეს. რუსეთი საინფორმაციო ომს მომზადებული შეხვდა, რადგან ისედაც დიდ ყურადღებას აქცევდნენ დეზინფორმაციის გავრცელებას და სოციალურ ქსელებში ადამიანთა განწყობების მართვას. სამწუხაროდ, ლგბტქი თემის წევრებიც კი ხშირად რუსული პროპაგანდის გამავრცელებლები არიან და უკრაინის შესახებ დეზინფორმაციას სხვებსაც უზიარებენ. დაუღალავად ვცდილობთ ხელისუფლებასთან მუშაობას და ტრანსფობიასთან, ჰომოფობიასთან ბრძოლას, თემის წევრებისთვის უკეთესი გარემოს შენება გვსურს და პროგრესიც გვაქვს, მაგრამ მაინც ვრცელდება ნარატივი, თითქოს უკრაინა ლგბტქი ადამიანებისთვის საშიში ქვეყანაა, ამიტომ ხალხს მინდა მოვუწოდო, რომ გაავრცელონ ინფორმაცია იმ შრომაზე, რასაც ლგბტქი ორგანიზაციები მდგომარეობის უკეთესობისკენ შესაცვლელად სწევენ. ჩვენ აქ ვართ, ომის მიუხედავად, მუშაობას ვაგრძელებთ და თემის წევრების, სამშობლოს დაცვას ვცდილობთ.

ასევე ნახეთ: გზები, რომლითაც უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას შეძლებთ

მომავლის იმედი, ხილვადობის პოლიტიკა და ლგბტქი თემის ერთობა, რომელიც საზღვრებს არ სცნობს

არ ვიცი, რა მოლოდინი უნდა მქონდეს. ჰომოფობიური ჯგუფები მუდამ მოგვაწერენ, რომ ქვეყანას ვტოვებთ, ხალხისთვის და ქვეყნისთვის არაფერს ვაკეთებთ, რაც სიმართლე არაა და ამას ყოველდღიურად ვამტკიცებთ სხვა ადამიანების დახმარების მცდელობით, ქვიარ სამხედროები ბრძოლის ველზე იცავენ სამშობლოს. ამასთან, აუცილებლად გავაგრძელებთ ხილვადობის პოლიტიკას და პრაიდის თვეშიც არ შევწყვეტთ აქტიურობას. გვჯერა, რომ ეს აუცილებელია. რა თქმა უნდა, ეს იქნება სიტუაციის შესაბამისი — მიმართული უკრაინის მხარდაჭერაზე, გამარჯვებაზე, მშვიდობის აუცილებლობაზე. ალბათ, სწორედ ეს პროცესი გვიჩვენებს, როგორია რეალური მდგომარეობა, როგორ შეიცვალა საზოგადოების განწყობა, ასევე მნიშვნელოვანია, გავიგოთ, ომის დაწყების შემდეგ განწყობების ცვლილების დინამიკა როგორია, სიძულვილის ენის გამოყენება გაზრდილია თუ — არა. ახლა ყველაფრის განჭვრეტა რთულია, რადგან ისეთი ხილვადები აღარ ვართ, როგორც უწინ.

მინდა, მადლობა გადავუხადო თემის რიგით წევრებს, აქტივისტებს, რადგან ომმა დაგვანახა, რომ მეზობელ ქვეყნებში, რეგიონში, ევროპაში, ცენტრალურ აზიაში თუ კავკასიაში თემი ერთსულოვანია. მუდმივად გვიკავშირდებიან და გვეკითხებიან, როგორ შეუძლიათ დახმარება და რა არის საჭირო. მჯერა, რომ დახმარების უდიდესი ნაწილი, რაც ლგბტქი ორგანიზაციებმა მივიღეთ, თემის წევრებისგან მოდის. რა თქმა უნდა, მადლიერების ვართ დონორების, თუმცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ადამიანების მხრიდან დახმარების, მხარდაჭერის დანახვაა. მიხარია, რომ ერთმანეთი გვყავს. დავინახე, რომ ლგბტქი თემს ერთმანეთისგან საზღვრები, ენობრივი ბარიერი ვერ გვყოფს და ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ, ვეხმარებით. ეს არის ისეთი მძლავრი ერთიანობის შეგრძნება, როგორიც წლებია, არ მქონია. 

წინა

საქართველოში ლგბტქი თემისა და მათი უფლებრივი თანასწორობის მიმართ განწყობები პოზიტიურად იცვლება — WISG

შემდეგი

მეორე პუბერტატი – ლორენს ფილომენის ფოტოები ტრანზიციის პროცესის აღსაწერად

ბოლო სიახლეები

აივისა და ჰეპატიტების ტესტირების კვირეულისას, საქართველოს ქალაქებში ტესტის გაკეთება უფასო იქნება

Facebook11Tweet0Shares11 დღეს ევროპაში აივ-ინფექციისა და ჰეპატიტების ტესტირების კვირეული დაიწყო, რომელიც 2013 წლიდან მიმდინარეობს და სამოქალაქო საზოგადოებას,

They/Them – გარდაქმნის თერაპიაზე საშინელებათა ჟანრის ფილმს გადაიღებენ

Facebook15Tweet0Shares15 ონლაინ სტრიმინგ სერვისი Peacock გარდაქმნის თერაპიაზე საშინელებათა ჟანრის ფილმს გადაიღებს. ფილმი, რომელშიც მთავარ როლს კევინ

ესპანეთი ქალებისთვის სამდღიანი მენსტრუალური შვებულების შემოღებას აპირებს

Facebook0Tweet0Shares0 ესპანეთში ქალებისთვის, რომლებსაც მენსტრუაციის დროს ძლიერი ტკივილი აწუხებთ, სამდღიანი მენსტრუალური შვებულების დაწესება იგეგმება. მთავრობა ახალი