ქვიარების წინააღმდეგ დანაშაულთა ზრდის მიზეზები და შედეგები
ბოლო წლებში ლგბტქი ადამიანების მიმართ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა რიცხვის ზრდა დაფიქსირდა ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. გამოცემა The Washington Post-ი ქვიარების წინააღმდეგ აგორებულ სიძულვილის ახალ ტალღას გამყოფ კულტურულ ომსაც კი უწოდებს (divisive culture war).
ერთ-ერთ სტატიაში გამოცემა გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ამერიკის იმ შტატებში, სადაც ჰომოფობიური და ტრანსფობიური კანონმდებლობა შემოიღეს, მკვეთრად გაიზარდა სასკოლო ასაკის ქვიარების მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების რიცხვი. ამერიკელი უფლებადამცველები ყურადღებას ამახვილებენ აშკარა კავშირზე ჰომოფობიურ პოლიტიკურ განცხადებებსა და ქვეყანაში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების აფეთქებებს შორის. 28 შტატში, სადაც ლგბტქი თემის შემზღუდავი კანონებია მიღებული, 2021 და 2022 წლებში სიძულვილით გამოწვეული დანაშაულების საშუალო რაოდენობა 2015 – 2019 წლებთან შედარებით სამჯერ გაიზარდა. საკანონმდებლო შეზღუდვები ძირითადად ეხება სკოლის მასწავლებლებს, რაც განსაზღვრავს იმას, თუ როგორ შეუძლიათ მათ საუბარი გენდერისა და სექსუალობის საკითხებზე. ამის გათვალისწინებით გასაკვირი არ არის, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების უმეტესი წილი სკოლის მოსწავლე ქვიარებზე მოდის.
ინგლისსა და უელსში უახლესი სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ტრანს ადამიანების მიმართ სიძულვილით გამოწვეული დანაშაულის რიცხვი ბოლო 5 წელიწადში 186%-ი გაიზარდა. ქვიარ აქტივისტები ამ ვითარებას მთავრობის მხრიდან ტრანს ადამიანების მიმართ იზოლაციონისტური და დემონიზაციისკენ მიმართული რიტორიკის ზრდას უკავშირებენ. ევროპის უდიდესი ქვიარ საქველმოქმედო ორგანიზაცია, Stonewall-ი აკრიტიკებს დიდი ბრიტანეთის მთავრობას სიძულვილის ამ მზარდი ეპიდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში უმოქმედობის გამო. ორგანიზაცია ასევე მოუწოდებს ყველა პოლიტიკოსს, თავი დაანებონ გამყოფ „კულტურული ომებს“, რომლებიც ზიანს აყენებენ ყველა ადამიანის უსაფრთხოებასა და ღირსებას.
საქართველოს სახალხო დამცველის 2023 წლის საპარლამენტო ანგარიშში ქვიარების უფლებრივი მდგომარეობა აღწერილია შემდეგნაირად: „გასული წლების მსგავსად, ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა ისევ გამოწვევად რჩება. ლგბტ+ თემის წევრები კვლავ ძალადობის, დისკრიმინაციისა და შევიწროების მსხვერპლები არიან და ეს საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური დამოკიდებულებით, სიძულვილის მოტივით ჩადენილი ძალადობრივი ქმედებებით და სხვა სახის დისკრიმინაციული დამოკიდებულებებით არის გამოწვეული.“ საქართველოს მთავრობა ქვირების მხარდაჭერის მაგივრად იღებს კიდევ ერთი კანონს, რომელიც მაქსიმალურად შეზღუდავს ლგბტქი თემის უფლებებს. რუსეთის მაგალითის გათვალისწინებით, ადვილი ამოსაცნობია, რომ ახალი კანონის ამოქმედება საგრძნობლად გაზრდის ქვიარების მიმართ სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა რიცხვს.
სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გავლენა ლგბტქი ადამიანებზე და ჯგუფზე
სექსუალური ორიენტაციის ან/და გენდერული იდენტობის ნიშნით და მტრული დამოკიდებულებით მოტივირებული დანაშაულების შედეგები, შესაძლოა, დამანგრეველი აღმოჩნდეს მსხვერპლისთვის (Herek, Cogan, & Gillis, 2002; Walters, Paterson, Brown, & McDonnell, 2017). ამასთან, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შედეგად მიღებული მნიშვნელოვანი ფიზიკური ან/და ფსიქოლოგიური ტრავმა შემდგომში ქვიარ ადამიანში არიდების ქცევას იწვევს და ხელს უწყობს მის სოციალურ იზოლაციას (e.g., Perry, 2009).
ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებული კვლევა გვიჩვენებს, რომ სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მსხვერპლები უფრო ხშირად ახალგაზრდები ხდებიან ხოლმე. ჰეტეროსექსუალ რესპონდენტებთან შედარებით, ისინი უფრო ხშირად ხდებიან ამგვარი დანაშაულის მსხვერპლები; ასევე უფრო ხშირად განიცდიან ნეგატიურ ემოციებს და პრობლემებს სოციალურ ცხოვრებაში, ასევე ფიზიკური დისტრესის სიმპტომებს (Andrew R Flores, 2022).
კვლევები აჩვენებს, რომ კანონდარღვევები ქვიარების წინააღმდეგ სხვა დარღვევებთან შედარებით უფრო ხშირად მოიცავს ფიზიკურ ძალადობას (Cheng, Ickes, & Kenworthy, 2013; Herek et al., 2002), შედეგად ხშირია ფსიქოლოგიური ტრავმა, პოსტტრავმული სტრესული აშლილობის ჩათვლით (PTSD; e.g., D’Augelli et al., 2006). მსხვერპლი მეტად მოწყვლადი ხდება შემდგომი თავდასხმების თვალსაზრისით, ვიქტიმიზაციით გამოწვეული ბრაზის შედეგად ან/და კონკრეტული ადგილების თავის არიდების, საკუთარი ქცევის ცვლილების, სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის დამალვის გამო (Herek, Gillis, & Cogan, 1999).
ამასთან, სიძულვილით მოტივირებული დანაშაული სიმბოლურ ხასიათს ატარებს და მიმართულია არა მხოლოდ მსხვერპლზე, არამედ მთლიან ჯგუფზე. ეს ერთგვარი თავდასხმაა „განსხვავებულობაზე“ და გზავნილი მთლიანი ჯგუფისადმი. ასეთ დანაშაულს აქვს ირიბი გავლენა იმ ქვიარებზე, ვინც იყო დანაშაულის უშუალო მოწმე ან შეიტყო ინციდენტის შესახებ მეგობრისგან, მედიიდან ან სხვა გზით (Bell & Perry, 2015; Iganski & Lagou, 2015; Noelle, 2002; Perry & Alvi, 2012; Walters et al., 2017).
ჰომოფობიური მკვლელობები სხვა ლგბტქი ადამიანებს უცვლით სამყაროს აღქმას, მაგალითად, მეთიუ შეფარდის მკვლელობამ 1998 წელს Matthew Shepard (in 1998) შეცვალა სხვა ქვიარების აღქმა. ამავე ეფექტს იწვევს იმ ადამიანის მკვლელობა, ვისაც ჩვენ პერსონალურად ვიცნობდით (Walters et al., 2017). ორივე შემთხვევაში, მედიის თუ პერსონალური გამოცდილების მეშვეობით ხდება თემის წევრების ირიბი ვიქტიმიზაცია. მიუხედავად იმისა, თუ ირიბი გამოცდილების რომელ ფორმას აქვს ადგილი, ის მაინც ახდენს გავლენას ჯგუფის სხვა წევრებზე. უპირველესად კი მათთვის, ვინც იზიარებს მიზანში ამოღებულ იდენტობას. სხვა ქვიარის მსხვერპლობის ამბის გაგების შედეგად ისინი თავს დაუცველად გრძნობენ და ფიქრობენ, რომ „შემდეგი შეიძლება მე ვიყო“ (Paterson, Brown, & Walters, 2018).
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შედეგად ზიანდებიან არა მხოლოდ ის ქვიარები, ვინც უშუალოდ განიცდიან ვიქტიმიზაციას, არამედ ქვიარ თემის ის წევრებიც, ვისთვისაც ცნობილი ხდება მომხდარი დანაშაულის შესახებ.
როგორც აღვნიშნეთ, შეუწყნარებლობის და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გავლენა და ეფექტი ადამიანზე მძიმეა. ამ ტიპის დანაშაულის მსხვერპლი უფრო მეტად განიცდის შიშის, დაუცველობის, დანაშაულის და სირცხვილის განცდას, შედეგად მიღებული ტრავმა ბევრად სერიოზულია, მაშინაც კი, როდესაც თავად მართლსაწინააღმდეგო ქცევა, შესაძლოა, არც იყოს მძიმე ხარისხისა. დისკრიმინაციული გამოცდილება დაკავშირებულია ფსიქიკური ჯანმრთელობის ისეთ პრობლემებთან, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და სხვა ფიზიკურ დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი, ჰიპერტონია და სიმსუქნე. სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლებს, როგორც წესი, აქვთ ცუდი ფსიქიკური ჯანმრთელობა, დეპრესიისა და შფოთვის ჩათვლით, ასევე ახასიათებთ სუიციდიც.
ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესება ქვიარებში შეიძლება გამოიწვიოს არა მხოლოდ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოცდილებამ, არამედ, ერთი შეხედვით, უფრო მსუბუქმა ფაქტორმაც. 2014-2017 წლებში ჩატარებული კვლევის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების 49 სამედიცინო სასწავლებლის სტუდენტები გამოიკითხა. კვლევის მიზანი იყო ლგბტქი სამედიცინო სტუდენტების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზეგავლენის მქონე ფაქტორების დადგენა. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ 2890 სტუდენტიდან, ვინც კვლევის ფარგლებში გააზიარა ინფორმაცია საკუთარი სექსუალური იდენტობის შესახებ, 291 (10.7%) საკუთარ თავს ლგბტქი თემის წარმომადგენლად აიდენტიფიცირებდა. აღნიშნულ ჯგუფში დეპრესიის და შფოთვის მაჩვენებელი იყო სტატისტიკურად მნიშვნელოვნად მაღალი, ვიდრე ჰეტეროსექსუალ სტუდენტებში. ლგბტქი სტუდენტებს ასევე სტუდენტური გარემოს მიმართ ჰქონდათ ნაკლები მიკუთვნებულობის განცდა, ვიდრე ჰეტეროსექსუალ სტუდენტებს, რაც შფოთვასა და დეპრესიას უკავშირდებოდა.
კიდევ ერთი კვლევა, რომელმაც შეადარა ორ ჯგუფში შფოთვის, დეპრესიის და ასევე სტრესის დონე 2023 წელს ფილიპინებში ჩატარდა, გამოიკითხა 959 რესპონდენტი. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ლგბტქი რესპონდენტები ჰეტეროსექსუალ რესპონდენტებთან შედარებით დეპრესიის (92%) შფოთვის (93.8%) და სტრესის (81.3%) უფრო მაღალ დონეს განიცდიან.
ერთმანეთის მხარდაჭერის საკითხი ქვიარ თემში
ჯგუფთაშორისი ემოციების თეორიის მიხედვით (Intergroup emotions theory) ინდივიდები მოვლენების ინტერპრეტაციას ახდენენ ჯგუფისადმი მიკუთვნებულობის ფაქტორის გათვალისწინებით და არა იმის მიხედვით, თუ რამდენად პერსონალურად ეხებათ მათ ესა თუ ის ინციდენტი. რაც უფრო მეტად აკავშირებს ინდივიდი თავს კონკრეტულ სოციალური იდენტობასთან (სექსუალური ორიენტაცია ან/და გენდერული იდენტობა) მით უფრო ექსტრემალურად აფასებს ჯგუფთან დაკავშირებულ მოვლენებს. ჯგუფზე დაფუძნებული შეფასებები კი იწვევს კონკრეტულ ემოციებს და ქმედებებს. ასეთ ემოციებს ჯგუფზე დაფუძნებული ემოციები ეწოდება. (see Niedenthal & Brauer, 2012). სოციალური იდენტობის გავლენით ადამიანები, ვინც ჯგუფის საერთო მახასიათებლებს იზიარებენ, სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს მთლიან ჯგუფზე თავდასხმად აღიქვამენ (Tajfel & Turner, 1979). შესაბამისად, ინდივიდები რეაგირებენ უფრო მეტად, როგორც ჯგუფის წევრები და არა როგორც, უბრალოდ მოწყვლადი ინდივიდები. (e.g., Smith, 1993). ჯგუფზე დაფუძნებული პასუხი მოტივაციას უჩენს ჯგუფის წევრებს, ჰქონდეთ მეტად ძლიერი რეაქცია, დაიცვან საკუთარი თავი, ჯგუფის სტატუსი და უფლებები, უსაფრთხოება და ჯგუფის წევრები (Paterson, Brown, & Walters, in press).
ამავდროულად, კვლევები აჩვენებს, რომ ჯგუფის ზოგიერთი წევრი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შესახებ ინფორმაციის მიღებისას საკუთარი მოწყვლადობის მინიმიზაციას ახდენს ჯგუფისგან დისტანცირების გზით, იმის მტკიცებით, რომ მათ ეს არ დაემართებოდათ, რადგან თავს აარიდებდნენ კონკრეტულ სიტუაციებს ან/და სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნებას (Noelle, 2002). სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოცდილება და აქედან გამომდინარე, მოწყვლადობის და საფრთხის განცდა გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ რეაგირებს ინდივიდი, როდესაც იგებს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულზე, იმის ჩათვლით, რას განიცდის მსხვერპლის მიმართ − ემპათიას თუ განსჯის მას. მსგავსი დისკრიმინაციული გამოცდილებების გაზიარება იწვევს მეტ ემპათიას ჯგუფის ვიქტიმიზირებული წევრების მიმართ Cortland (2017).
ამავდროულად, ის ქვიარები, ვინც მეტად განიცდიან საფრთხეს, კარგად ხედავენ და აფასებენ იმ მტრულ განწყობებს, რომელსაც ეჯახებიან ლგბტქი ადამიანები, ასევე იმას, თუ რამდენადაა გავრცელებული მტრული განწყობები და რომ ხშირად შეუძლებელია მას თავი დააღწიო. მიუხედავად ამისა, კვლევები ასევე აჩვენებს, რომ მსხვერპლს უფრო მეტად ისინი ადანაშაულებენ, ვინც მეტად მოწყვლადია მსგავსი დანაშაულებისადმი (Bell & Perry, 2015). მაგალითად გეი კაცმა, რომელიც მონაწილეობდა კვლევაში Noelle’s (2002) qualitative study მეთიუ შეფარდის მკვლეობასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ „მე არ შევიდოდი ვაიომინგის ბარში, სადაც შერეული პუბლიკა იყო და არ ვიტყოდი, რომ გეი ვარ.“ ასეთი განცხადებები მიუთითებს სამომავლოდ საკუთარი თავის ვიქტიმიზაციის რისკის კონტროლის მცდელობაზე − თუ არ მოვიქცევი, როგორც ღიად გეი, თავდასხმას ავირიდებ. ამავდროულად, ეს ტენდენცია, შესაძლოა, ასახავდეს ჰეტერონორმატული საზოგადოების დამოკიდებულების ინტერნალიზებას, როდესაც ქვიარები ექვემდებარებიან ოსტრაკიზმს, სექსუალური და გენდერული ნორმებისთვის საფრთხის შექმნისთვის (Bibbings, 2004).
ჯგუფთაშორისი ემოციების თეორია კარგად ხსნის სიძულვილით მოტივირებულ ემოციურ და ქცევით გავლენებს ჯგუფის წევრებზე (Mackie, Smith, & Ray, 2008; Smith,1993). ამ თეორიის მიხედვით სპეციფიკური, ჯგუფზე დაფუძნებული ემოციები საფუძვლად ედება ისეთ ქცევებს, რომელიც ჯგუფს ეხმარება. მაგალითად, ჯგუფზე დაფუძნებული ბრაზი იწვევს მეტად რელევანტურ ქცევას, მათ შორის კონფრონტაციას (Iyer & Leach, 2008; Mackie et al., 2000) და კოლექტიურ პროაქტიულ მოქმედებებს. მაგალითად, ძალაუფლების აღდგენის და სიტუაციაზე კონტროლის დაბრუნებისკენ მიმართულ ქმედებებს (Iyer, Schmader, & Lickel, 2007; Leonard, Moons, Mackie, & Smith, 2011). ბრაზის ემოციის საპირისპიროდ, ჯგუფთაშორისი შფოთვა, პირიქით, იწვევს არიდების ქცევებს, რაც ასევე ეხმარება ინდივიდებსა და მათ ჯგუფს, აირიდონ ზიანი (Stephan, 2014; Stephan & Stephan, 1985). ჯგუფზე დაფუძნებული სირცხვილის ემოციაც იწვევს არიდების სტრატეგიებს, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა, შურისძიებისთვის დამახასიათებელ ქცევებშიც ითარგმნოს (Sheikh, 2014).
საზოგადოება ქვიარების ირგვლივ ჰეტეროსექსუალობას დომინანტურ ნორმად თვლის. სექსუალური ორიენტაცია, რომელიც ამსხვრევს ამ ნორმას, იწვევს მტრულ დამოკიდებულებას, მათ შორის − ქვიარების მშობლების მხრიდანაც. ეს კი დამატებით ემოციურ ტვირთად აწევს ქვიარ ადამიანებს − იმისთვის, რომ საზოგადოებამ არ გარიყოს, უწევთ მოირგონ ჰეტენორმატიული ცხოვრების წესი, მოიქცნენ ისე, როგორც ჰეტეროსექსუალები. ასეთი წარმოდგენების ინტერნალიზების შედეგად ქვიარებიც შესაძლოა, ფიქრობდნენ, რომ ის ლგბტქი ადამიანები, ვინც სექსუალურ და გენდერულ ნორმებს ამსხვრევენ, თავად არიან დამნაშავეები (ნაწილობრივ მაინც) მტრულ დამოკიდებულებაში მათი სექსუალური ორიენტაციის მიმართ (Herek, Cogan, Gillis, & Glunt, 1998).
ემპათია, ზოგადად, განიმარტება, როგორც პროცესი რომლის ფარგლებშიც ინდივიდი გამოიცნობს და დააკავშირებს საკუთარ ემოციებს სხვის ემოციებთან, ვინც განიცდის დისტრესს და იმოქმედებს ალტრუისტული მოტივაციით (Batson & Ahmed, 2009). ვინაიდან ბრაზის და შფოთვის ემოციები მსხვერპლისთვის დამახასიათებელია (Herek et al., 1999), მოსალოდნელია, რომ ის, ვინც განიცდის ემპათიას, განიცდიდეს ასევე შიშსა და შფოთვასაც. კვლევამაც აჩვენა, რომ მსხვერპლის მიმართ ემპათია, ძლიერად არის დაკავშირებულია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მიმართ ბრაზსა და შფოთვასთან (Paterson et al., in press).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ეფექტი ქვიარ თემზე გამოიხატება იმაშიც, რომ თემის წევრებში ისეთ ნეგატიურ ემოციებს იწვევს, როგორიცაა ბრაზი, სირცხვილი, დანაშაულის განცდა და შფოთვა. გაზიარებული ბრაზის ემოცია ქვიარ თემს აძლევს მობილიზების და მოქმედების მუხტს, ხოლო შფოთვა და სირცხვილი ლგბტქი საკითხების გამოწვევებისგან დისტანცირების იმპულსს აძლევს ბიძგს. საინტერესოა, რომ ზოგიერთი ქვიარი შეიძლება არ იყოს ემპათიური სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულის მსხვერპლი ქვიარების მიმართ და ეს აიხსნება დამცავი ფსიქოლოგიური მექანიზმით, რომლის დახმარებით ინდივიდი ამცირებს საკუთარ შფოთვას. თუ მას ინტერნალიზებული აქვს საზოგადოებისგან ქვიარების მიმართ დამოკიდებულება ან მისი ნაწილი მაინც, შესაძლოა, ის განსჯიდეს კიდეც მსხვერპლს ან ქვიარს, რომელსაც ქამინგაუთი აქვს გაკეთებული და აბრალებდეს საკუთარ მსხვერპლობასაც.