Civil.ge

გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ქვეყანაში მოქმედმა საელჩოებმა ლგბტქი თემის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნეს

საქართველოში გაეროსა და ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და ქვეყანაში მოქმედმა საელჩოებმა ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლითაც ქართველ ლგბტქი თემს სოლიდარობა გამოუცხადეს.

„ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOBIT), კიდევ ერთხელ ვუცხადებთ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+)  თემს  საქართველოში.  ლგბტქი+ ადამიანები საქართველოს საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული და დაუცველი ჯგუფია. თემის წარმომადგენლები აწყდებიან დისკრიმინაციასა და ძალადობას, რომლის შესახებ ინფორმაცია ხშირად ცნობილიც კი არაა, ხოლო მათი უფლებების დაცვა და რეალიზება კვლავაც გამოწვევად რჩება“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ აუცილებელია 2021 წლის 5 ივლისის „სამარცხვინო მოვლენების“ წამქეზებელი და ჩამდენი პირების გასამართლება. ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ „საქართველოს მთავრობა ვალდებულია, დაიცვას მშვიდობიანი შეკრების უფლება, აღკვეთოს დისკრიმინაცია და ძალადობა და უზრუნველყოს მოქალაქეთა შესაძლებლობა ღიად და საჯაროდ აღნიშნონ IDAHOBIT [ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე], მათი უფლებებისა და უსაფრთხოების სათანადოდ დაცვით“.

ასევე, განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია WISG-ის უახლეს კვლევაზე, რომლის მიხედვითაც ლგბტქი საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების აზრი პოზიტიურად იცვლება.

„ამავდროულად, გვინდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს მოქალაქეთა მზარდი რაოდენობა მხარს უჭერს მრავალფეროვნებას და მიაჩნია, რომ ლგბტქი+ პირთა უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია. უახლესი მონაცემებით, საქართველოში მუდმივად მატულობს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც მიუღებლად მიიჩნევენ ლგბტქი+ თემებისთვის შეკრებისა და გამოხატვის უფლების შეზღუდვას და თვლიან, რომ სახელმწიფო სათანადოდ არ რეაგირებს ლგბტქი+ პირების მიმართ ძალადობასა და დისკრიმინაციაზე.

სახელმწიფო პოლიტიკა და პრაქტიკა უნდა შეესაბამებოდეს როგორც საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს, ისე აღნიშნულ სოციალურ ცვლილებას. ლგბტქი+ უფლებები ეფექტურად და სათანადოდ უნდა იყოს დაცული, მათ შორის, ადამიანის უფლებათა  ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მეშვეობით. ასევე, აუცილებელია სოციალური დაცვის გაძლიერება და ლგბტქი+ თემის მოწყვლადი წარმომადგენლების მხარდაჭერა ისეთ მტკივნეულ საკითხებში, როგორებიცაა სასურსათო დაუცველობა, უსახლკაროდ დარჩენის მზარდი რისკი და ჯანდაცვის სერვისზე წვდომის სირთულეები“, — აღნიშნულია განცხადებაში, რომელიც მოუწოდებს „საქართველოს სახელმწიფო, პოლიტიკურ, სამოქალაქო და რელიგიურ ლიდერებს, თავიანთი პასუხისმგებლობის ფარგლებში არ დაიშურონ ძალისხმევა დისკრიმინაციის, სტიგმატიზაციისა და ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის პატივისცემასა და თანაგრძნობაზე დაფუძნებული საჯარო გამოსვლებისა და ლგბტქი+ თემებთან კონსტრუქციული დიალოგის გზით,  ყველაზე საჭირბოროტო პრობლემების გადასაწყვეტად“.

განცხადებას აქვეყნებენ საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ახალი ზელანდიის, ბელგიის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, იაპონიის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პორტუგალიის, რუმინეთის, საფრანგეთის,  სლოვენიის, ფინეთის,  შვედეთის, შვეიცარიის, ჩეხეთის რესპუბლიკის, ხორვატიის საელჩოები და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი.

წინა

ჩვენი სხეული, ჩვენი სიცოცხლე, ჩვენი უფლებები – 2022 წლის 17 მაისის მთავარი თემა

შემდეგი

სახალხო დამცველმა ლგბტქი თემის მხარდამჭერი განცხადება გამოაქვეყნა და ხელისუფლებას სათანადო რეაგირებისკენ მოუწოდა

ბოლო სიახლეები

Tbilisi Pride-ის ოფისში შეჭრაში ბრალდებულები სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა

Facebook55Tweet0Shares55 Tbilisi Pride-ის თანადირექტორის, მარიამ კვარაცხელიას მიერ ფეისბუკზე გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ ორგანიზაციის ოფისში შეჭრაში ბრალდებულ 3

ალტ-ინფოს ცნობით, შოთა მარტინენკო და ზურაბ მახარაძე დააკავეს

Facebook0Tweet0Shares0 2 ივლისს, პოლიციამ ულტრა-მემარჯვენე ჯგუფის აქციის მონაწილეები, მათ შორის, ჰომოფობიური, პრორუსული დაჯგუფება ალტ-ინფოს ლიდერები, შოთა

თავისუფლებისთვის ბრძოლა არ დასრულებულა — თურქი აქტივისტები პრაიდის მონაწილეთა დაკავებას გმობენ

Facebook6Tweet0Shares6 26 ივნისს, მას შემდეგ, რაც თურქმა პოლიტიკოსებმა პრაიდთან დაკავშირებული ღონისძიებების აკრძალვის შესახებ განაცხადეს, სტამბულში გამართულ

კაფე მზიურთან ლგბტქი დროშის ჩამოხსნის მოთხოვნით ულტრა-მემარჯვენე ჯგუფის აქცია მიმდინარეობს

Facebook163Tweet0Shares163 კაფე მზიურმა პრაიდ კვირეულის მხარდაჭერის მიზნით კაფეს ვიტრინაში ლგბტქი დროშა გამოფინა, რასაც ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფის